Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა მესამე საჭიდაო დღეც უმედლოდ დაასრულა
  • ორი ბრძოლის შემდეგ, შავდათუაშვილმა შოჰეი ონოსთან წააგო

ტოკიოში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დღის ორთაბრძოლები მიმდინარეობს. თუკი ტურნირის პირველი დღე ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მეორე და მესამე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უმედლოდ დარჩა.

მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გავიდა, რომელმაც 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ორი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ მესამე დაპირისპირებაში რიოს ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ლაშა პირველი წრიდან თავისუფალი იყო. ქართველის მეტოქე მეორე წრეში ავსტრალიელი კელვინ კნოსტერი იყო, რომელსაც ლაშამ ჯერ ვაზარი აუღო და შემდეგ კი იპონით მოუგო.

შავდათუაშვილი მესამე წრეში ვიქტორ სკვორცოვს შეხვდა და მასაც იმავე სტილში აჯობა, როგორც კნოსტერს - ჯერ ვაზარი და შემდეგ იპონი.

სამწუხაროდ, ლაშამ მომდევნო ეტაპზე გამარჯვება ვეღარ მოახერხა და შოჰეი ონოსთან იპონით დამარცხდა.

ქართველებს ჯერჯერობით ერთადერთი ოქროს მედალი აქვთ - 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს, 28 აგვისტოს, საქართველოს ღირსებას ლუკა მაისურაძე დაიცავს, რომელიც 81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები