Thumbnail
  • მარიამ ბოლქვაძე 6:3, 5:7, 6:4 ბერნარდა პერა
  • შემდეგი მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანია

ნიუ იორკის "ფლაშინგ მედოუს" კორტებზე დაიწყო ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის თამაშები. საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსული მარიამ ბოლქვაძე (202) პირველ წრეში მასპინძელ ბერნარდა პერას (65) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 5:7, 6:4.

პირველივე წრეში გამოიკვეთა, რომ მსოფლიოს 202-ე ჩოგანი არც მატჩის ფავორიტთან იყო წინასწარ განწირული - მარიამმა 2:2-ზე შეძლო ამერიკელის მოწოდების მოგება და შემდეგ იგივე 5:3-ზე გაიმეორა. 

წაიკითხე | გამარჯვება 5 სეტში - ბასილაშვილმა უხერხული მეტოქე ჩამოიცილა

37 წუთში მოგებული სეტის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაიმართა, 4:3-ზე კი მარიამმა მატჩში მესამე ბრეიქი აიღო და მატჩზე აწვდიდა, მაგრამ აქ იჩინა გამოუცდელობამ, ანერვიულდა და პერამ უკუბრეიქი განახორციელა - 5:5. შემდეგი გათამაშება მარათონული აღმოჩნდა, რომელიც სამწუხაროდ, ხორვატული წარმოშობის ამერიკელის ბრეიქით დასრულდა და სეტიც მას დარჩა - 5:7.

ამის შემდეგ მარიამმა ექიმების დახმარება მოითხოვა. გადამწყვეტ სეტში ჩოგბურთელებმა ორ-ორჯერ მოიგეს მეტოქის მოწოდება და ანგარიში 4:4 გახდა. 5:4-ზე მარიამმა მეორე ცდით მატჩ პოინტი გაახერხა და შემდეგ წრეში გავიდა. 

თამაში 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა, ბოლქვაძემ 40 ქულას, რომელიც საკვალიფიკაციო ბადეში დააგროვა, 10-იც დაუმატა. მან 100 ათასი დოლარი საპრიზო ფონდიც გაინაღდა. 

ქართველი ჩოგბურთელი მე-2 წრეში მსოფლიოს მე-3 ჩოგან კაროლინა პლიშკოვას შეხვდება, რომელმაც 2 სეტში თანამემამულე მარტინცოვა დაამარცხა - 7:6 (8:6), 7:6 (7:3).  

კომენტარები

ბოლო ამბები