- ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულს ინარჩუნებს, მაგრამ სექტემბერში მისი დაცვა მოუწევს
- გაგამარუ აღმოსავლეთის ჯურიოს მე-10 ნომერი გახდა
ქალაქ კისეში კვირას დასრულდა ზაფხულის ტურნე და დღეს სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი იგივე ბანძუკე გამოქვეყნდა. სუმოისტები წლის მე-5 სუპერტურნირზე, აკი ბაშოზე სწორედ ამ ახალი რანგით იჭიდავებენ. აკი ბაშო კი 8 სექტემბერს ტოკიოში იწყება.

ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კვლავ ოძეკია და ის აღმოსავლეთის მე-2 ოძეკია. აქამდე ის დასავლეთის მე-2 ოძეკი იყო. წინსვლა რეიტინგში (აღმოსავლეთი დასავლეთზე წინ არის) მოჩვენებითია - მიზეზი ისაა, რომ ოძეკი ტაკაკეიშომ ტიტული დაკარგა და ახლა მხოლოდ სამი ოძეკია ტაკაიასუ, გეოიდო და ტოჩინოშინი.
მეტიც, ტოჩინოშინი კადობანში ჩააყენეს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას სექტემბრის ბაშოზე 8 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერაში მეორედ დაკარგავს ოძეკის რანგს. კადობანშია ჩაყენებული გოეიდოც.
დიდი ჩემპიონი კვლავ ორია კაკურიუ, რომელმაც ივლისის ბაშო 14-1 ბალანსით მოიგო და რეკორდსმენი იოკოძუნა ჰაკუჰო.
ტაკაკეიშო დასავლეთის სეკივაკემდე დაქვეითდა, მიტაკეუმი კვლავ აღმოსავლეთის სეკივაკეა. ორი კომუსუბია: აბი და ენდო. სანიაკუს რიგები დატოვა კომუსუბი რიუდენმა, ის მე-5 მაეგაშირაა. ყოფილი სეკივაკე ტამავაში კი მე-4 მაეგაშირა გახდა.
აგვისტოს ბანძუკე. სანიაკუ
რანგი | აღმოსავლეთი | დასავლეთი
იოკოძუნა | კაკურიუ | ჰაკუჰო
ოძეკი | ტაკაიასუ | გოეიდო
ოძეკი | ტოჩინოშინი
სეკივაკე | მიტაკეუმი | ტაკაკეიშო
კომუსუბი | აბი | ენდო
7 ბრძოლა ათასამდე
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მხრისა და მუხლის ტრავმების გამო მე-6 დღიდან შეწყვიტა ნაგოიას ბაშოზე ასპარეზობა.

31 წლის ქართველ სუმოისტს 80 ბაშოზე აქვს მონაწილეობა მიღებული - 993 ორთაბრძოლა. ასე რომ, მას 7 ორთაბრძოლა რჩება პროფესიულ სუმოში 1 000-იან ნიშნულამდე. ოძეკის რანგში მას 29 გამარჯვება აქვს მოპოვებული, შემდეგი 30-ე იქნება. ბოლოს მან მაისის ბაშოს მე-14 დღეს გაიმარჯვა.
გაგამარუ 8 საფეხურით დააქვეითეს
ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ივლისში ცუდად იჭიდავა, ტრავმირებულმა ქართველმა 3-12 ბალანსით დაასრულა ბაშო და ამიტომაც დაქვეითდა ჯურიოს მე-2 ნომერი ქართველი ახლა აღმოსავლეთის მე-10 ნომერია. იმედია, ამჯერად გაგამარუ კარგად იჭიდავებს, თორემ ივლისში ნაჩვენები ბალანსით ის ელიტის მეორე დივიზიონიდანაც გავარდება.

კომენტარები