Thumbnail

ქიმიოთერაპიის შემდეგ მოედანზე! მიხაილოვიჩი დაბრუნდა და ბრძოლას აგრძელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიას ებრძვის
  • ქიმიოთერაპიის შემდეგ სერბი დაბრუნდა და მუშაობას აგრძელებს

ბოლონიას მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი 41 დღის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდა. როგორც იცით, 50 წლის სერბი უმძიმეს დაავადებას, ლეიკემიას ებრძვის. სერია A-ს პირველ ტურში მის გამოჩენას არავინ ელოდა - მიხაილოვიჩს ქიმიოთერაპია ახალი გაკეთებული აქვს. მაგრამ სინიშა დაბრუნდა და ბოლონიას უხელმძღვანელა!

როგორც გაირკვა, მან ექიმებისგან თანხმობა მიიღო, რომ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. ბოლონია პირველ ტურში ვერონას ესტუმრა და მატჩი 1:1 დასრულდა, თუმცა მთავარი თემა, პირველიდან ბოლო წუთამდე მიხაილოვიჩი იყო. როცა სინიშა მოედანზე გამოჩნდა, ვერონას და ბოლონიას გულშემატკივრები მას ფეხზე წამოუდგნენ, დიდხანს უკრავდნენ ტაშს და უმღეროდნენ.

“ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის ისე, როგორც ისინი იბრძვიან. ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდები, ამაში დარწმუნებული ვარ,” - განაცხადა მიხაილოვიჩმა. როგორც ირკვევა, სინიშა ფეხბურთელებს დაპირდა, რომ პირველ მატჩში აუცილებლად მათთან ერთად იქნებოდა და სიტყვა შეასრულა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, სინიშას დაბრუნება მაინც მოულოდნელი იყო, რადგან 41 დღე კლინიკაში გაატარა და ქიმიოთერაპია ჩაიტარა. მიუხედავად ურთულეს დაავადებასთან ბრძოლისა, მიხაილოვიჩს მუდმივად ჰქონდა კავშირი სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან. მოთამაშეებმა მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყვეს, რომ სინიშა მათთან ერთად იქნებოდა.

ვერონა 77 წუთის განმავლობაში 10 კაცით თამაშობდა და მიუხედავად ამისა, ბოლონიამ მატჩის მოგება ვერ შეძლო. სინიშას გუნდი ნიკოლა სანსონემ მე-15 წუთზე, პენალტით დააწინაურა. ანგარიში მიგელ ველოზომ 37-ე წუთზე გაათანაბრა.

📺 ვიდეო: ვერონა 1:1 ბოლონია (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები