Thumbnail

როგორ დაბრუნდა ფედერერი - 37 წლის და კვლავ მწვერვალზე

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

კვირაზე ცოტა მეტია გასული, მას შემდეგ, რაც თანამედროვეობის და ალბათ ყველა დროის უდიდესმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, თავისი მე-20 დიდი სლემი მოიგო.

როჯერის რეკორდი

ფედერერის ტრიუმფი რამდენიმე ასპექტით იყო ისტორიული:

  • იგი პირველია მამაკაცთა შორის, რომელმაც 20 დიდი სლემი მოიგო და რეკორდსმენია ამ მაჩვენებლით.
  • მან ეს გამარჯვება 36 წლის ასაკში მოიპოვა. 36 წელი ჩოგბურთელისთვის დიდი ასაკია. სლემების ისტორიაში მხოლოდ ავსტრალიელმა კერ როუზვოლმა მოახერხა ფედერერზე უფროსმა, 37 წლის ასაკში, დიდ სლემზე გამარჯვება და ეს შორეულ 1972 წელს მოხდა. ფედერერისა და როუზვოლის გარდა, კაცთა შორის დიდი სლემი მისი მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე 30 წელს გადაცილებულ მხოლოდ 8 ჩოგბურთელს აქვს მოგებული, რომელთა უმრავლესობაც 31-32 წლის არის.
  • ფედერერის ეს გამარჯვება მესამე დიდი სლემია გასული წლის განმავლობაში (2017 – ავსტრალია, 2017 – უიმბლდონი, 2018 – ავსტრალია).
  • ფედერერის შარშანდელი წარმატება ავსტრალიის ღია პირველობაზე მისი პირველი გამარჯვება იყო დიდ სლემზე 2012 წლის უიმბლდონის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ  როჯერმა საჩოგბურთო სამყაროს მწვერვალზე დაბრუნება 5 წლიანი წარუმატებელი პერიოდის შემდეგ შეძლო.

ზემოთმოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებს შემდეგ დასკვნამდე მივყავართ:

  • ფედერერის წარმატება ისტორიულია, რადგან 30 წელს  გადაცილებული  ჩოგბურთელისთვის დიდ სლემზე გამარჯვება ურთულესი ამოცანაა, ხოლო  გასული ხუთი დიდი სლემიდან სამში გამარჯვება კი უპრეცენდენტო მიღწევა.
  • ფედერერის ბოლო სამი გამარჯვება მისი წარმატების სისტემურობაზე მეტყველებს და არ შეიძლება აიხსნას სუბიექტური მიზეზებით (გამართლება, ადვილი გზა, კონკურენტების სისუსტე და ა.შ.).
  • ფაქტი, რომ როჯერი ხუთწლიანი კრიზისის შემდეგ სამი დიდი სლემით დაბრუნდა, მიგვითითებს, რომ მან თავისი თამაში დიამეტრულად შეცვალა, რამაც საშუალება მისცა კრიზისში მყოფ ვეტერანს კვლავ დაებრუნებინა უპირობო პირველობა საჩოგბურთო სამყაროში.

ფედერერის პრობლემები

თუნდაც კრიზისის წლებში (2012-2016), როჯერი ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო ჩოგბურთელად რჩებოდა და საჩოგბურთო სამყაროში თითქმის არავინ დავობს, რომ არავის შეუძლია ბურთის ისე ვირტუოზულად ფლობა, როგორც როჯერ ფედერერს. მისი პრობლემები ფიზიკურად უფრო მძლავრ მოწინააღმდეგეებთან თამაშის დროს იკვეთებოდა. 

მისი ორი ძირითადი კონკურენტი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, ფიზიკურად უაღრესად ძლიერი მოთამაშეები არიან, რომლებსაც კორტზე ბევრი და მაღალ ტემპში მოძრაობა შეუძლიათ. მათ წინააღმდეგ როჯერი იძულებული იყო, რომ გრძელი გათამაშებებში ჩაბმულიყო, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს და ფედერერისთვის წამგებიანი სტილია.

თამაშში დაბრუნება

ფედერერის წარმატებული დაბრუნება მის თამაშში რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. როჯერმა თავისი ასაკის გათვალისწინებით, საკუთარი თამაში უფრო აგრესიული გახადა, უფრო მეტად თავს არიდებს გრძელ გათამაშებებს და სწრაფად გადადის შეტევაზე. შედეგად, შეამცირა გათამაშებებში დარტყმების რაოდენობა. 

აგრესიულ და შემტევ თამაშს განსაკუთრებული ტექნიკური არსენალი სჭირდება, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა საგრძნობლად იზრდება შეტევაზე გადასვლის/მწვავე დარტყმის შესრულების მომენტში, თუმცა ფედერერის ტექნიკური არსენალის გათვალისწინებით, ეს გადაუჭრელ პრობლემად არ იქცა.

რა არის SABR?

თამაშის გამწვავებისა და  გათამაშებების დროის შემცირების ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკურ ხერხად ის სათამაშო ელემენტი იქცა, რომელსაც სპეციალისტებმა Sneak Attack by Roger (SABR) უწოდეს. მოწინააღმდეგის მეორე მოწოდების დროს როჯერი შედის კორტის სიღრმეში და ბურთის მის ნახევარზე დაშვების შემდეგ მყისვე შეტევაზე გადადის.

როჯერი შეტევაზე სწრაფად გადადის, ჯერ კიდევ იმ მომენტში, როდესაც ჩამწოდებელს თავისი მოძრაობა დასრულებული არ აქვს 

ტექნიკურად, ეს უაღრესად რთულად შესასრულებელია – მოედნის სიღრმეში მდგომ როჯერს უფრო ცოტა დრო და სივრცე აქვს მოწინააღმდეგის ჩაწოდების მისაღებად. მისი აბსოლუტურად უნიკალური ტექნიკური არსენალი საშუალებას აძლევს მოედნის სიღრმეში მდგარმა მიიღოს ჩაწოდება. როჯერი შეტევაზე სწრაფად გადადის, ჯერ კიდევ იმ მომენტში, როდესაც ჩამწოდებელს თავისი მოძრაობა დასრულებული არ აქვს. მეტოქე პოზიციას არ დაბრუნებია და მზად არ არის როჯერის საპასუხო დარტყმის მისაღებად. SABR-ის დახმარებით, ფედერერი ახერხებს სწრაფად (უმეტესწილად ერთ დარტყმაში) და ადვილად (გათამაშების გარეშე) მოიპოვოს ქულები.

საინტერესოა, რომ როჯერმა ეს ტაქტიკა, სრულიად შემთხვევით შეიმუშავა. ვარჯიშზე მისი სპარინგ-პარტნიორი ფრანგი ბენუა პაიე იყო. პაიეს ტრამვა აწუხებდა, ფედერერი კი ხანგრძლივი ფრენით იყო დაღლილი. ამიტომაც, მან გადაწყვიტა, რომ დაღლილზე ხანგრძლივი ვარჯიშის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესი იქნებოდა კორტის დაპატარავება და უფრო სწრაფი გათამაშებების თამაში. საწვრთნელი მატჩის დროს ფედერერი პირითი ხაზის მიღმა შეიწია და აღმოაჩინა, რომ დამოკლებულ კორტზე სწრაფი თამაში და მოწინააღმდეგის ჩაწოდების მიღება ძალიან კარგად გამოსდის.

ფედერერის პრობლემური ბექჰენდი

წლების მანძილზე, ფედერერის ერთადერთ სუსტ წერტილად მისი ცალხელა ბექჰენდი მიიჩნეოდა. ფედერერი ის იშვიათი ჩოგბურთელია, რომელიც ბექჰენდს ერთი ხელის ურტყამს. ეს უაღრესად ელეგანტური დარტყმაა, თუმცა მისი ოპონენტები მის სათავისოდ გამოყენებას შეეცადნენ.

ალექს კორეტჩა (2001 წელს როლანდ გაროსზე ფედერერთან მოგებული მეოთხედფინალის წინ): „ფედერერთან თამაშის წინ მამაჩემმა მითხრა: ვუყურე მის თამაშს და იგი ბევრ შეცდომას უშვებს ბექჰენდის დროს, როდესაც ბურთი მაღლა ადის. ეს მისი ერთადერთი სუსტი წერტილია.“

მოთამაშეები როჯერის ბექჰენდს ნაკლებად უტევენ

ნადალის ცაცია

ამ მხრივ ყველაზე ეფექტური რაფაელ ნადალი აღმოჩნდა. იგი ცაციაა და მისი მთავარი დარტყმა მარცხენა ხელიდან დიაგონალზე გაშვებული ფორჰენდია.

ნადალი აბსოლუტურად შეგნებულად ისე უტყამდა, რომ მიწიდან ასხლეტის შემდეგ ბურთი, რაც შეიძლება მაღლა, ფედერერის მხრის სიმაღლეზე ასულიყო.  ცალხელა ბექჰენდით კი მაღლა ასული ბურთის ძლიერად დარტყმა შეუძლებელია და ფედერერიც შეტევაზე ვეღარ გადადიოდა.

მაჩვენებლები გათანაბრდა: ბექჰენდი როჯერის სუსტი წერტილი აღარ არის

როჯერმა იმუშავა ბექჰენდზე, დახვეწა დარტყმა და მიაგნო ეფექტურ გზას ოპონენტების სტრატეგიის (შეტევა ბექჰენდზე) წინააღმდეგ. იგი ბექჰენდის დარტყმის დროს კორტზე შიგნით შედის. აღარ ელოდება ბურთს, არამედ მის შესახვედრად მიდის. 

ბექჰენდი კორტის შიგნიდან მას საშუალებას აძლევს, დაარტყას ბურთს უფრო დაბალ წერტილში, სანამ იგი აღმასვლას დაიწყებს და მხრის სიმაღლეზე ავა. შედეგად, მისი ხელი ნაკლებად იღლება – დაბალი წერტილიდან დარტყმა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მხრის სიმაღლიდან. მას საშუალება აქვს, მთელი თავისი სხეულის ძალა ჩადოს დარტყმაში. მხრის სიმაღლიდან დარტყმულ ბექჰენდს, მხოლოდ ხელის ძალით შეიძლება დაარტყა, წელის სიმაღლიდან დარტყმულ ბექჰენდში კი შესაძლებელია მთელი სხეულის ძალის გამოყენება. ამ ცვლილების შედეგად მისი ბექჰენდის სისწრაფე 30%-ით გაიზარდა და ძლიერ და ეფექტურ შემტევ იარაღად იქცა.

დიდი ჩოგანი

ჯერ კიდევ 2014 წელს, ფედერერმა შეცვალა ჩოგანი და გადავიდა დაახლოებით 15 სანტიმეტრით უფრო დიდი დიამეტრის მქონეზე. ჩოგნის ცვლილებას იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ვერცერთი ჩოგბურთელი ვერ ეგუება, თუმცა ფედერერმა ეს შეძლო და გარკვეული ხნის შემდეგ წარმატებით დაიწყო თამაში.

ახალი ტაქტიკით როჯერი უფრო ხშირად ურტყამს არა მოჭრილ, არამედ უფრო შემტევ, პირდაპირ დარტყმას, რომლის დროსაც ბურთი სწრაფად, ზემოდან ქვემოთ მოძრაობს 

დიდმა ჩოგანმა დადებითი ეფექტი იქონია მის ბექჰენდზე. მანამდე, ფედერერი ბექჰენდიდან ჭრიდა დარტმას. მოჭრილი დარტმა უფრო დიდი ხანი მიფრინავს, ნაკლებად ძლიერია და უფრო მეტად ბურთის გათამაშებაში დატოვებაზეა ორიენტირებული, ვიდრე შეტევაზე.  დიდი ჩოგნით და ახალი ტაქტიკით როჯერი უფრო ხშირად ურტყამს არა მოჭრილ, არამედ უფრო შემტევ, პირდაპირ დარტყმას, რომლის დროსაც ბურთი სწრაფად, ზემოდან ქვემოთ მოძრაობს. ამ ტიპის დარტყმა რისკთანაა დაკავშირებული, თუმცა შეცდომის არდაშვების შემთხვევაში დიდი ალბათობით მომგებიანია.

ფსიქოლოგიური მდგომარეობა - It,s OK to lose

დიდ სლემებზე გამარჯვებების გარეშე თითქმის ხუთ წლიანმა პაუზამ ფედერერი ჩოგბურთის უპირველესი ფავორიტების სიიდან ამოშალა. 2017 წელს კორტზე დაბრუნებულ ფედერერზე ფსონს თითქმის არავინ ჩამოდიოდა. ამ ფაქტმა იგი მენტალური წნეხისგან გაათავისუფლა. როჯერი თავისუფლად თამაშობს, ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე. 

პატრიკ მურატოღლუ: „მას საკუთარი თავის უფრო მეტად სჯერა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჩოგბურთელს, რომელსაც კი ვიცნობ და ყოველთვის შეუძლია გადამწყვეტი შეხვედრების დროს თავისი საუკეთესო ჩოგბურთი ითამაშოს."

2017 წლის ნადალთან ფინალის გადამწყვეტ მომენტებში ფედერერი, დაძაბულობის მოსახსნელად, თავს ამ სიტყვებით იმშვიდებდა: „არაუშავს, თუ წააგებ – It,s Ok to lose.”

წონის ცვლილება

ასაკის მატებასთან ერთად სისწრაფის დაკარგვა ნებისმიერ სპორტის სახეობაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად როჯერმა შეცვალა კვების რაციონი, ბევრი იმუშავა თავის წონაზე და წონის დაკლების ხარჯზე შეინარჩუნა სისწრაფე.  მან იპოვა მისთვის იდეალური წონა, რომელშიც ინარჩუნებს ათლეტიზმს სისწრაფის არდაკარგვის მიუხედავად.

ფიზიკური ფორმა

მაშინ, როდესაც მის სამივე ძირითად კონკურენტს (ენდი მარეი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი) 30 წლის მიახლოებასთან ერთად, პერმამენტული ტრამვები აწუხებთ, ფედერერმა კარიერის უდიდესი ნაწილი სერიოზული ტრამვების გარეშე ჩაატარა. ეს სამი ძირითადი ფაქტორით უნდა აიხსნას:

  • მას თხელი აღნაგობა აქვს და მის მუხლებს/ფეხებს შედარებით ნაკლები დაწოლა აქვთ.
  • სათამაშო სტილი: სამივე ძირითადი ოპონენტისგან განსხვავებით, როჯერს თამაშის ნაკლებად ათლეტური სტილი აქვს. თუკი მისი ოპონონტები უკანა ხაზზე ბევრს მოძრაობენ, გათამაშების დროს ბურთი თამაშში დიდი ხანი უჭირავთ და შესაბამისად, უფრო მეტი სირბილი/დატვირთვა უწევთ, ფედერერის უფრო სწრაფი, შემტევი და ტექნიკური სტილი, მას ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისა და აქედან გამომდინარე ტრამვებისგან ათავისუფლებს. ანუ როცა სხვები ბურთს დაყვებიან, როჯერი თვითონ ამოძრავებს ბურთს.
  • მისი ცალხელა ბექჰენდის დროს ზურგს ნაკლები დატვირთვა ადგება.

რა ტურნირებს თამაშობს და რატომ

2017 წლიდან ფედერერი ბევრად უფრო იშვიათად თამაშობს, ბევრ ტურნირს აცდენს და შედეგად მეტი დრო აქვს დასვენებისა და მისთვის პრიორიტეტული შეჯიბრებებისთვის კარგად მომზადებისათვის. მაგალითად, გასულ წელს მან პრიორიტეტად უიმბლდონის მოგება დაისახა, რომლის სწრაფი ბალახის კორტი იდეალურია ფედერერის შემტევი სტილისთვის. უიმბლდონისთვის მომზადების პროცესში კი მან უარი თქვა როლანდ გაროსზე თამაშზე. ზოგადად თიხნარზე ბურთი ნელა მოძრაობს. შედეგად, გრძელი გათამაშებებია, თამაში უფრო დიდხანს გრძელდება და მეტ ენერგიას მოითხოვს. 

დასკვნა

ფედერერის წარმატების საიდუმლო მისი მუდმივად პროგრესირების უნარია. მან მოახერხა ბექჰენდის, თავისი სუსტი წერტილის, ეფექტურ შემტევ იარაღად გარდაქმნა და შექმნა ახალი სტრატეგია (კორტში შიგნით შეწევა ბექჰენდისა და მოწინააღმდეგის მეორე მოწოდების დროს), რომელიც მის ძლიერ მხარეებზეა მორგებული. ახალი სათამაშო სტრატეგია და ეფექტური მოსამზადებელი ეტაპი (წონის, ფიზიკური ფორმის და სათამაშო გრაფიკის რეგულირება) კი ფედერერს საშუალებას აძლევს, დასვენებული და იდეალურ ფორმაში შეხვდეს მისთვის პრიორიტეტულ ტურნირებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები