Thumbnail
  • გრეგ პოპოვიჩმა ავსტრალიასთან ისტორიული მარცხი შეაფასა
  • აშშ-ის ნაკრების მწვრთნელს იმედი აქვს, რომ გუნდი შეცდომებზე ისწავლის

13 წლის შემდეგ, აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა NBA-ს მოთამაშეებით პირველი მარცხი იწვნია. გრეგ პოპოვიჩის გუნდი ავსტრალიასთან 94:98 დამარცხდა.

ამერიკელებს დიდ ტურნირებზე, ან მოსამზადებელ პერიოდებში ზედიზედ 78 მატჩი ჰქონდათ მოგებული, როცა გუნდში NBA-ს მოთამაშეები იყვნენ. 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, საბერძნეთთან მარცხის შემდეგ, აშშ-ის ნაკრები 2008, 2012 და 2016 წლებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 2010 და 2014 წლებში კი მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

ავსტრალიასთან მარცხის შემდეგ, პოპოვიჩმა აღნიშნა, რომ ეს წაგება მისი გუნდისთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს: “ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ უკეთ უნდა ვითამაშოთ. ჩვენთვის გასაგებია, რომ ყოველთვის ვერ მოვიგებთ. ბიჭები მაგრად მუშაობენ და ერთმანეთს ეჩვევიან, რათა ისე ითამაშონ, როგორც საჭიროა,” - განუცხადა პოპოვიჩმა USA Basketball-ს.

აშშ-ის ნაკრებმა ავსტრალიასთან არაგუნდური კალათბურთი ითამაშა და 40 წუთში მხოლოდ და მხოლოდ 11 ასისტი დააგროვა. თუმცა, პოპოვიჩის გუნდისთვის, შეიძლებოდა, ასეთი თამაშიც საკმარისი ყოფილიყო მოსაგებად. ამერიკელები მეორე ტაიმში ორნიშნა უპირატესობითაც კი იგებდნენ, მაგრამ პატრიკ მილსმა, რომელიც სან ანტონიოში სწორედ გრეგის შეგირდია, ბოლო მეოთხედში 13 ქულა ჩააგდო და ავსტრალიას მოაგებინა. მან ჯამში 30 ქულა დააგროვა.

პატრიკ მილსი

“ავსტრალიასთან პირველი ტესტის შემდეგაც ვთქვი, რომ მილსი ძალიან მაგარია, - აქებდა პოპოვიჩი მატჩის გმირს, - ყოველდღიურად უკეთესები უნდა გავხდეთ. დღესაც ვისწავლეთ რაღაცები და უკეთესები ვართ, ვიდრე გუშინ. ეს მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.”

აშშ-ის ნაკრები ავსტრალიაში კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს. კემბა უოკერი და კომპანია ორშაბათს, სიდნეიში, კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მერე კი ჩინეთში გაემგზავრებიან. მსოფლიოს ჩემპიონატზე პოპოვიჩის გუნდი პირველ მატჩს 1 სექტემბერს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. აშშ-ის ნაკრებს ჯგუფში კიდევ თურქეთი და იაპონია ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები