Thumbnail
  • NBA-ს ხუთი ყველაზე დასამახსოვრებელი ემოცია
  • მოთამაშეები, რომელთაც წარმატებამდე გრძელი გზა გაიარეს
  • სიხარული, რომელიც არ გვავიწყდება

სპორტი გამარჯვების და სიხარულის ისტორიაა - იმ მომენტების ისტორია, რომელიც არასოდეს გვავიწყდება და მუდმივად ჩვენი გულის, ჩვენი ემოციების ნაწილია. კალათბურთი ალბათ ყველაზე ემოციური სპორტია - სპორტი, რომელშიც წამები წყვეტს ყველაფერს, სიხარულის მასშტაბიც განსაკუთრებულია. კალათბურთის სული ყველაზე მეტად NBA-ში ჩანს, სამყაროში, რომელშიც ყველაზე დაუჯერებელი და ზღაპრული ისტორიებიც კი რეალობად იქცევა. მოკლედ, ამ სტატიაში ნახავთ NBA-ს 5 ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვებების ამბებს, რომლებიც ჩვენთვის მათი გმირების ზეიმით, მათ მიერ გამოხატული სიხარულით დარჩნენ.

1. კევინ გარნეტის ინტერვიუ - 2008 წელი

2000-იანების დასაწყისში, NBA-ში კევინ გარნეტზე ტრაგიკული გმირი ალბათ არ ყოფილა. ეს იყო წლიდან წლამდე პროვინციულ მინესოტასთან ერთად უთანასწორო ომის ისტორია. მინესოტა ჩემპიონობასთან ახლოს ვერცერთხელ ვერ მივიდა - მიუხედავად იმისა, რომ კევინ გარნეტი, ამ გუნდის ლიდერი, თამაშიდან თამაშამდე თავის სულს, თავის ყველაფერს დებდა პარკეტზე.

ხანდახან, გარემოებები ადამიანის ნებისყოფასა და სურვილზე ძლიერია. ასე იყო გარნეტის შემთხვევაშიც - მისი მონდომების მიუხედავად, მინესოტას ლეიკერსის, სან ანტონიოს და სხვა გრანდების წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდა. გარნეტის უთანასწორო ომი და მისი სიჯიუტე, მისი არდანებების სურვილი შექსპირისეულად გამოიყურებოდა იქამდე, სანამ KG-მ ამ ომის მოგების შეუძლებლობა თვითონვე არ აღიარა და წავიდა იმ გუნდში, რომელიც ჩემპიონობას მასავით ძალიან დიდ ხანს, თითქმის 20 წელი ელოდებოდა.

ბოსტონ სელტიკსი და გარნეტი თავისი ხასიათით ერთმანეთისთვის იყვნენ და მთელი ეს წლები მხოლოდ გზა იყო ერთმანეთი რომ ეპოვათ. პირველივე სეზონში, გარნეტის, პირსის და რეი ალენის სელტიკსმა ბოსტონში ჩემპიონობა დააბრუნა. მეექვსე თამაშის შემდეგ კი სახეშეშლილი გარნეტის სიხარული არასოდეს დამავიწყდება - მისი „Top of the world, mom (დედა, სამყაროს მწვერვალზე ვარ)“ და „anything is possible" (ყველაფერი შესაძლებელია) საკალათბურთო ეპოსის ნაწილია - ემოცია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

2. დუეინ უეიდის ბურთი ჰაერში

დუეინ უეიდი NBA-ში კლასის და coolness-ის სიმბოლოა - მკვლელი, რომელსაც შეუძლია 40 ქულა ისე ჩააგდოს, რომ სახიდან ღიმილი არ წაეშლება. უეიდის კარიერის ყველაზე დიადი მომენტი, მომენტი, რომლის შემდეგაც მან NBA-ს ლეგენდებს შორის მყარი ადგილი დაიკავა, 2006 წლის ფინალებია. მაშინ ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა უეიდის მაიამი ფინალში დირკ ნოვიცკის დალასს ხვდებოდა. დალასმა პირველი ორი თამაში მოიგო, მაიამის ლიდერი შაქილ ონილი კი მოსალოდნელზე ცუდად თამაშობდა. სწორედ ამ მომენტში დაიწყო დაიწყო უეიდმა სერიის თავის თავზე აღება და ზედიზედ 4 თამაში 42, 36, 43, 36 ქულით მაიამის სერია მოაგებინა. ისტორიაში დარჩა მისი აღნიშვნა - მას შემდეგ, რაც ჯეისონ ტერიმ თავისი სროლა ააცილა, უეიდმა ბურთი დემონსტრაციულად ჰაერში ააგდო. სიხარულის გამოხატვაც, უეიდის სტილში, cool იყო.

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. უეიდმა წლების შემდეგ თავის საფირმო ნიშნად დაამკვიდრა, თუ როგორ აღნიშნავდა სიხარულს გადამწყვეტი სროლების შემდეგ.

მაიამიში გატარებული 14 წლის შემდეგ, მას სრული უფლება ჰქონდა, მსაჯის მაგიდიდან შეეხსენებინა გულშემატკივრისთვის, რომ „მაიამი მისი სახლია - It,s my house”.

3. ლებრონ ჯეიმსის - Cleveland, this is for you

ლებრონ ჯეიმსი ალბათ ის სუპერვარსკვლავია, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. ეს უცნაური ფაქტია - ერთი მხრივ, ყველა აღიარებს, რომ ლებრონი ერთ-ერთი უდიადესია, ვისაც კი NBA-ს ისტორიაში კალათბურთი უთამაშია, მეორე მხრივ კი, ბევრს, ძალიან ბევრს, გავლენიანი სკიპ ბეილისიდან და მაიკლ რაპაპორტიდან დაწყებული, რიგითი ქართველი გულშემატკივარით დასრულებული, რატომღაც ლებრონი ძალიან არ უყვარს - გულმოდგინედ ითვლიან მის მიერ აცილებულ სროლებს, ადარებენ მის სტატისტიკას ჯორდანს, განიხილავენ მის ფსიქოლოგიას და ა.შ. (მაგალითად, სტეფ კარის არავინ არ ეკითხება, სად იყო, როცა კლივლენდი 3:1-დან ფინალს ატრიალებდა, ან რატომ ვერ ჩააგდო ბოლო სროლა ტორონტოსთან).

ამ ხალხის (და ლეგიონია მათი სახელი) ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ლებრონი მშობლიური კლივლენდიდან „გაიქცა“ და მაიამიში უეიდის და პატ რაილის დახმარებით „უსამართლოდ“ ჩემპიონობები მოიპოვა. სწორედ ამიტომაც, ლებრონისთვის კლივლენდში დაბრუნებას და იქ ჩემპიონობის მოპოვებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

იყო სხვა ფაქტორიც. კლივლენდი ამერიკისთვის ღრმა პროვინციაა - ადგილი, რომელზეც ბევრი და, არცთუ ისე კარგი ხუმრობები არსებობს. კლივლენდის გუნდებს, არამხოლოდ NBA-ში, არამედ სხვა სპორტებშიც ჩემპიონობა 52 წელი არ ჰქონდათ მოგებული. ლებრონი აკრონიდან არის, კლივლენდთან მდებარე ძალიან პატარა ქალაქიდან და მას თავისი მშობლიური ადგილი ძალიან უყვარს. ამიტომაც 'მეფეს' ძალიან სურდა, რომ ნავსი გაეტეხა და კლივლენდისთვის ნანატრი ჩემპიონობა მოეტანა. სწორედ ამიტომ, გოლდენ სტეიტთან მოგებული ფინალის შემდეგ, ლებრონის სიხარული განსაკუთრებული იყო - სწორედ ასე დაიბადა „კლივლენდ, ეს შენთვის არის - Cleveland, this is for you.“ 'მეფემ' კლივლენდს 52-წლიანი წყევლა მოხსნა.

4. კობი და რონ არტესტის game winner

წარმოგიდგენიათ სცენარი - ლოს ანჯელეს ლეიკერსი, NBA-ს ყველაზე სახელოვანი და ვარსკვლავური გუნდი, პლეი ოფში გადამწყვეტი თამაში, 3 წამი მატჩის დასრულებამდე და ბოლო სროლა, პარკეტზეა კობი ბრაიანტი და... გადამწყვეტ სროლას რონ არტესტი (იგივე „meta world peace) აგდებს?! არ წარმოგიდგენიათ! იმიტომ, რომ ეს სიურეალისტურია. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჯორდანის გუნდში დენის როდმანს გადამწყვეტი სროლით მოეგოს სერია.

რონ არტესტის სახელი ყველანაირ სიგიჟესთან ასოცირდება - უხეშობა, არაადეკვატური ქცევა, ჩხუბი ტრიბუნებზე და ა.შ. ძალიან გრძელი ჩამონათვალია. ლეიკერსშიც მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ კარგი დაცვა ეხერხება და კობი ბრაიანტის პირად მცველად იქცა. იუხეშებთ კობისთან? საქმე რონ არტესტთან გექნებათ! არასოდეს არტესტის საქმე გადამწყვეტი სროლები კი არა, ზოგადად სროლა არ ყოფილა. ჰოდა, როცა ამ კაცმა ყველას დაუმტკიცა, რომ მას სიგიჟეებთან და უხეშობასთან ერთად კალათბურთის თამაშიც ეხერხება, ეს ძალიან დიდი მომენტი იყო, დიდი მომენტი აბსოლუტურად გიჟური სიხარულით.

პირველი, ვინც არტესტს მიულოცა, კობი ბრაიანტი იყო. სწორედ მის აცილებულ სროლას დაამატა არტესტმა. იშვიათად მინახავს კობი ასეთი გახარებული - საკუთარ სროლებსაც კი უფრო მოკრძალებულად აღნიშნავდა.

5. კავაი ლეონარდის buzzer beater მეშვიდე თამაშში

წლიდან წლამდე, ტორონტოს მიმართ NBA-ში აგდებული დამოკიდებულება არ წყდებოდა. NBA-ში ერთადერთი კანადური გუნდისადმი ქართულად რომ ვთარგმნოთ, დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება იყო - „წადით რა, ჰოკეი ითამაშეთ.“ ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას თავად ტორონტოც ხელს უწყობდა - წლიდან წლამდე წაგებული გადამწყვეტი თამაშები პლეი ოფში, დამცინავი მეტსახელი „ლებრონტო" (ანუ გუნდი, რომელსაც ლებრონი უგებს), იმედგაცრუებული დეროზანი და ლოური, რომლებსაც უცებ პლეი ოფში სროლა ავიწყდებათ. ამ გუნდში მივიდა კავაი ლეონარდი, უფრო სწორად მოხვდა ერთი წლით და როდესაც მეშვიდე თამაშში ფილადელფიასთან კავაიმ ბოლო წამზე კანადელებს მოაგებინა - სიხარულით განსაკუთრებული იყო, ყველამ დაიჯერა, რომ ამ ბიჭმა ტორონტოს წყევლა მოხსნა (და ასეც გამოვიდა).

სიხარული განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ NBA-ს მრავალწლიან ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, რომ ვინმეს მეშვიდე თამაში ბოლო წამზე სროლით მოეგოს - ანუ სროლით, რომელიც მთელ სერიას იგებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები