Thumbnail

'სხვაგვარად არ შემეძლო' - თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში გატარებულ დროზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანორთოსისში დაბრუნებული ქართველი მწვრთნელი გუნდის მიზნებზე საუბრობს
  • 51 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის პერიოდსაც იხსენებს

თემურ ქეცბაია ამ ზაფხულს სამუშაოდ ფამაგუსტას ანორთოსისში სამუშოდ ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ახლა სპეციალისტი კვიპროსულ გუნდთან ერთად ჩემპიონატის სტარტისთვის ემზადება, რომელსაც ქართველი ლეგიონერებით მდიდარი ანორთოსისი 25 აგვისტოს, სტუმრად ლიმასოლის აელ-თან გამართავს.

51 წლის ქართველმა სპეციალისტმა worldfootballindex-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ანორთოსისში თავის მიზნებზე ელაპარაკა:   

"ანორთოსისში ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს გამოვდიოდი და ამ კლუბთან ჯამში 8 წელიწადზე მეტი ხანი გავატარე. ბოლო დრომდე კვიპროსისგან შორს ვიყავი, ვწვრთნიდი საქართველოს ნაკრებს, ასევე ვიმუშავე საბერძნეთსა და რუსეთში. 

ოქრიაშვილთან ერთად ანორთოსისში ლორია, დაუშვილი და კაჭარავაც გამოდიან

ბოლო ათი სეზონი ანორთოსისისთვის ძალიან მძიმე იყო, ბოლოჯერ კი ამ გუნდმა კვიპროსის პირველობა ჩემს ხელში მოიგო. და აი, ახლა დავბრუნდი. ძნელია მიზნებზე საუბარი, რადგან ანორთისისთან ერთად უწინ კვიპროსის ჩემპიონობა ორჯერ მოვიგეთ და ევროსარბიელზეც გავედით. დარჩა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება, რაც ძალიან რთულია! 

ჩვენი გუნდის მიზანი კვიპროსის ჩემპიონატის ისევ მოგებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ამას შეძლებს. დარწმუნებული ვარ, კარგი სეზონი გვექნება". 

თემურ ქეცბაიას კვიპროსში სოსო ჭედიაც ეხმარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მოგვიანებით გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. ქეცბაია საქართველოს ნაკრებს 2009-14 წლებში წვრთნიდა. სპეციალისტმა ეს პერიოდით გაიხსენა:

"სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო იოლი, რადგან მეტოქეთა დიდი უმრავლესობა ჩვენზე ძლიერი იყო. მაგრამ ჩემი მწვრთნელობის დროს, საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩიდან 13 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 18 დათმო. კარგად ვითამაშეთ საფრანგეთისა და ხორვატიის წინააღმდეგ. თავიდანვე ვიცოდი, რომ ნაკრების გაწვრთნა იოლი არ იქნებოდა, რადგან სანამ ჩავიბარებდი, გუნდს დაახლოებით 60 თამაშში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა და ზედიზედ 13 მარცხი.

ანორთოსისის ქომაგებში თემურ ქეცბაიას ავტორიტეტი უდიდესია

როდესაც ჩემი სამშობლოდან შეთავაზება მივიღე, იმხანად ანორთოსისთან ერთად უკვე მოგებული მქონდა კვიპროსის ჩემპიონატი, შემდეგ კი ოლიმპიაკოსში დავინიშნე. საფიქრელად დრო ბევრი არ მქონდა. მათ დამირეკეს და მკითხეს, მე კი არ შემეძლო უარის თქმა. შესაძლოა, ეს არცთუ კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემი კარიერისთვის, მაგრამ არ შემეძლო "არას" თქმა ჩემი ქვეყნისთვის და საქართველოს ნაკრებში ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავე. არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, რადგან როდესაც სამშობლო გიხმობს, შეუძლებელია სხვაგვარად მოქცევა და ამის ბევრი მიზეზი არსებობს".

კომენტარები

ბოლო ამბები