Thumbnail

ჩაგდებული დოპინგ-ტესტი და დისკვალიფიკაცია - UFC-ში დოლიძის დებიუტი გადაიდო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომან დოლიძის დებიუტი UFC-ში 2020 წლის გაზაფხულამდე გადაიდო
  • ქართველ მებრძოლს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩნდა

შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე, რომელმაც UFC-ისთან კონტრაქტი ამ წლის თებერვალში გააფორმა, ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შედეგად, ნახევრადმძიმე წონაში დაუმარცხებელი 31 წლის ქართველი სპორტსმენის დებიუტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში მომავალი წლისთვის გადაიდო.

აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტომ 23 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შემოწმებისას რომან დოლიძეს ორგანიზმში რამდენიმე აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა და ერთწლიან დისკვალიფიკაციას დათანხმდა.

"2019 წლის 12 მარტს ჩატარებულ არასაკონსკურსო ტესტირებისას, 31 წლის დოლიძის ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა კლომიფენსა და მის მეტაბოლიტებზე: М1-სა და М2-ზე. ასევე დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონის მეტაბოლიტზე, - ნათქვამია USADA-ს ოფიციალურ განცხადებაში. - დოლიძემ მაშინვე წარმოადგინა სათანადო მტკიცებულები იმისა, რომ აკრძალულ საშუალებებს იქამდე იღებდა, სანამ UFC-ისთან კონტრაქტს გააფორმებდა. საქმის დეტალების სპეციფიკიდან გამომდინარე, დოლიძემ დისკვალიფიკაციის მოკლე ვადა მიიღო".

ამრიგად, რომან დოლიძე UFC-ში გამოსვლის უფლება მხოლოდ 2020 წლის მარტიდან მოყოლებული ექნება.

ქართველმა მებრძოლმა აქამდე ჩატარებული ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო

აღსანიშნავია, რომ რომან დოლიძე UFC-ისთან კონტრაქტის გაფორმებამდე Jackson-Wink MMA-ში გადავიდა, სადაც ნახევრადმძიმე წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონის, ჯონ ჯონსის ერთ-ერთი მთავარი სპარინგ-პარტნიორი იყო.

ქართველ მებრძოლს UFC-ში დებიუტი რუსი გაჯიმურად ანტიგულოვის წინააღმდეგ, აპრილში უნდა ჰქონოდა, მაგრამ რუსეთის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დოლიძე სანკტ-პეტერბურგში ვერ ჩავიდა. რომანის მომდევნო მეტოქე ვისიუს მორეირა უნდა ყოფილა, ბრძოლა კი 3 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არც ეს შეხვედრა შედგა. 

რომან დოლიძე, რომელიც წლებია უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მაგრამ ყოველთვის საქართველოს სახელით გამოდის, დაუმარცხებელი მებრძოლია. მის ანგარიშზე ექვსიდან ექვსი, ვადამდე მოგებული შეხვედრაა.

კომენტარები

ბოლო ამბები