Thumbnail
  • 25-31 აგვისტოს ტოკიო ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
  • ტურნირში ათი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - 9 ვაჟი და 1 გოგონა
  • წინა დღეს წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველების მეტოქეები გაირკვნენ

იაპონიის დედაქალაქი ტოკიო 25-31 აგვისტოს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და მასში 149 ქვეყნის 860 სპორტსმენი, მათ შორის ათი ქართველი მიიღებს მონაწილეობას - 9 ვაჟი და ერთი გოგონა.

ვაჟთა 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში ორ-ორი მონაწილე გვეყოლება, დანარჩენ წონებში - თითო. ქალთა ტურნირში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი 52 კგ-მდე წონაში გამოდის. 

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. ვაჟთა შვიდი წონიდან სამში პირველ ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი იყო, კიდევ ორ წონაში კი - ქართული წარმომავლობის მქონე სპორტსმენი. ათი ქართველი სპორტსმენიდან განთესილთა შორის 6 მოხვდა.

-60 კგ
ლუხუმ ჩხვიმიანი A ჯგუფშია და პირველ წრეში 18 წლის ჰონგკონგელ ლონგ ლაი იუს დაუპირისპირდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი უკვე მეტოქედ ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი ეყოლება. ამავე ჯგუფშია მსოფლიო რეიტინგში ამ წონის ლიდერი, რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძე და თეორიულად, ჩხვიმიანს მასთან დაპირისპირება ¼-ფინალში მოუწევს.

ამირან პაპინაშვილი D ჯგუფშია, პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ეკვადორელ ლენინ პრეკიადოს დაუპირისპირდება.  

-66 კგ
საქართველო ამ წონაშიც ორი ძიუდოისტითაა წარმოდგენილი. წონის ლიდერი ვაჟა მარგველაშვილი A ჯგუფშია, პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი არგენტინელ ტალ ალმოგსა და ეგვიტპელ აჰმედ აბელრაჰმას შორის მოგებულს შეხვდება.

ბაგრატ ნინიაშვილის (D ჯგუფი) პირველი მეტოქე გვინეელი მოუსა კაბაა, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ავსტრალიელ ნათან კატზს შეხვდება. ნინიაშვილის ჯგუფშია უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაია.

ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამი ვერცხლი აქვს. ოქროს დროა!

-73 კგ
რეიტინგის მეორე ნომერი ლაშა შავდათუაშვილი C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი სენეგალელ ტიდიანე დიოპსა და ავსტრალიელ კალვინ კნოესტერს შორის მოგებულს ხვდება. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მთავარი მეტოქე, აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი A ჯგუფშია.

-81 კგ
21 წლის ლუკა მაისურიძე ტოკიოში გამოსვლას D ჯგუფში დაიწყებს, სადაც პირველ წრეში მეტოქედ სამოას წარმომადგენელი პენიამინა პერსივალი ჰყავს, მეორეში კი - ვედათ ალბაირაკი, იგივე ვანო რევაზიშვილი, რომელიც თურქეთის ღირსებას იცავს. ლუკას ჯგუფშია პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე, რომელთანაც მისი გზა ¼-ფინალში იკვეთება. 

-90 კგ
ბექა ღვინიაშვილი (D ჯგუფი) პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ინდოელ დევილალ აჯაი მისტრის ხვდება. წარმატების შემთხვევაში, მესამე წრეი ბექას მეტოქე ჰოლანდიელი იასპერ სმინკისა და უკრაინელი ქუედჯაუ ნჰაბალის წყვილში გამოვლინდება. 

მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადაშვილი A ჯგუფშია და ღვინიაშვილთან მისი გზა ფინალამდე არ იკვეთება.

-100 კგ
მსოფლიო რეიტინგში ამ წონის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ჩინელ ერიჰემუბატუსა და ესტონელ გრიგორი მინასკინს შორის მოგებულს შეხვდება. თეორიულად, ვარლამს ფინალამდე არ ხვდება სამხრეთკორეელი გუჰამ ჩო, რომელთანაც შარშან ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალი დათმო.

რინერის არყოფნაში გურამ თუშიშვილი აშკარა ფავორიტია

+100 კგ
საქართველოს ნაკრებისა და რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ტოკიოში ასპარეზობას მეორე წრეში, ინდოელ შუბჰამ კუმართან ჭიდაობით დაიწყებს. 

B ჯგუფშია აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური და შარშანდელი ფინალი ამჯერად შესაძლოა ½-ფინალში ვიხილოთ.

-52 კგ (ქალები)
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი A ჯგუფში გამოდის და პირველ წრეში პოლონელ ალეკსანდრა კალეტას ხვდება. ტეტიანას გზა ამ წონის ლიდერთან, ფრანგ ამანდა ბუშართან, მესამე წრეში იკვეთება.

კომენტარები

ბოლო ამბები