Thumbnail

'რა საოცარია ფერნანდო, უკვე გვენატრები' - ტორესი ფეხბურთიდან წავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
  • ბოლო მატჩში მან ანდრეს ინიესტასა და დავიდ ვილიას წინააღმდეგ ითამაშა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ფერნანდო ტორესი 35 წლის ასაკში ფეხბურთს დაემშვიდობა. მან დღეს უკანასკნელი მატჩი ითამაშა, იაპონურ J ლიგაში, სეგან ტოსუს შემადგენლობაში.

ტორესის გუნდმა 24-ე ტურში ანდრეს ინიესტას ვისელ კობეს უმასპინძლა და საშინლად განადგურდა - 1:6. ამ შეხვედრაში ტორესმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ინიესტა პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმის გამო შეცვალეს, მანამდე მან გოლი გაიტანა. ამ შეხვედრაში ხუთმა ესპანელმა ითამაშა: ტორესმა, ინიესტამ, ისააკ კუენკამ (სეგან ტოსუ), სერხი სამპერმა და დავიდ ვილიამ (ვისელ კობე). 

ლეგენდა

"ელ ნინიო" მსოფლიოს ჩემპიონი (2010) და ევროპის ორგზის (2008, 2012 + ბომბარდირი) ჩემპიონია, მან ჩემპიონთა ლიგა ჩელსისთან ერთად მოიგო (2012), ხოლო ევროპალიგა ჩელსისთან (2013) და ატლეტიკოსთან (2018) ერთად, იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ატლეტიკოს მაისურით (2016), მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, ჩელსი (2012). 

ელ ნინიოს კარიერის უკანასკნელი ეპიზოდი

ტორესი ფიფას წლის ნაკრებში ორჯერ შევიდა - 2008 და 2009 წლებში. 2008 წელს ის მესამე იყო, როგორც "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, ისე ფიფას წლის ფეხბურთელის პრიზისთვის. 2012 წელს "მარკამ" მას ლეგენდის ტიტული მიანიჭა. 

18-წლიანი კარიერა მან მადრიდის ატლეტიკოში, ლივერპულში, ჩელსიში, მილანში და სეგან ტოსუში გაატარა. მან საკლუბო კარიერაში 250 გოლზე მეტი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში კი - 110 თამაშში 38 გოლი.

ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ "ელ ნინიომ" ტრიბუნებს მიმართა: "იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ხალხს კარგად გავახსენდები. ყველას დიდი მადლობა თბილი მასპინძლობისთვის და დამშვიდობებისთვის. მადლობა ჩემს გუნდელებს, კლუბის პრეზიდენტს". 

გადამწყვეტი გოლი გერმანელთა კარში

ინიესტას გამოსამშვიდობებელი წერილი

თამაშამდე El Mundo-მ ანდრეს ინიესტას ემოციური დამშვიდობების წერილი გამოაქვეყნა:

შეხვედრა ბოლო მატჩის წინ

"ცხოვრება მართლაც საოცარია, აი, ახლა აქ იაპონიაში ვართ მე და შენ, სამშობლოდან ძალიან შორს. ძალიან უცნაურია და ლამაზი, დღეს შენ ბოლო მატჩს თამაშობ. ფეხბურთმა ერთმანეთს 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვაახლოვა. მაშინ ჩვენ ბავშვები ვიყავით. შენ ყოველთვის დარჩები "ელ ნინიოდ" და უფეხბურთობა ერთმანეთს ვერ დაგვაშორებს.

ჩვენ ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როცა უტოპიური ოცნებები გვქონდა. არასოდეს დამავიწყდება 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის კარში გოლი რომ მომიძღვენი, არასოდეს დამავიწყდება ის ჟესტი. მე ეს ყველაფერი ტელევიზორში ვნახე, რადგან ტრავმის გამო სამშობლოში დაბრუნება მომიწია.

ბევრი რამ გამოვიარეთ, სანამ შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. არ არსებობს უფრო დიდი მონაპოვარი, ვიდრე ჩვენი მეგობრობაა. 

რა საოცარია ფერნანდო, შენ ჯერ კიდევ არ წასულხარ ფეხბურთიდან და უკვე გვენატრები". 

კომენტარები

ბოლო ამბები