Thumbnail

სკანდალი ძიუდოს სამყაროში - მსოფლიოს ირანელი ჩემპიონი ტატამზე არ გავა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მოჰამადი და მოლაეი წლის უმთავრეს ტურნირს ჩამოაშორეს
  • ირანში ებრაელ ძიუდოისტებთან შესაძლო დაპირისპირებას უფრთხიან

ძიუდოს სამყაროში დიდი სკანდალია: მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაზე უარი განაცხადა ირანის ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც მხოლოდ ორ სპორტსმენს აერთიანებდა, თუმცა კი, ორივე მედლის კანდიდატი გახლდათ.

თავდაპირველად, საგანგაშო სიგნალი მოჰამად მოჰამადიმ (73 კგ.) გაახმოვანა, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ, მის მერე კი, სპეციალური განცხადება მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა საეიდ მოლაეიმ (81 კგ.) გაავრცელა.

მიზეზი არასპორტული და მეტად სამწუხაროა: ირანელი ძიუდოისტები პლანეტის უძლიერეს ტურნირზე ებრაელ მეტოქეებთან შეხვედრას უფრთხიან (მოჰამადის შესაძლო მეტოქედ ტოჰარ ბუტბული ჰყავს, მოლაეის კი – საგი მუკი), რაც მათ სამშობლოში განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება.

ირანისა და ისრაელის მტრულ დამოკიდებულებაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ აქამდე აღნიშნული პრობლემა "მარტივად" გვარდებოდა. ირანელები შეჯიბრის ბადეს უყურებდნენ და თუკი იყო შანსი, ებრაელ ძიუდოისტს გადაჰყროდნენ, წინა წრეში უბრძოლველად მარცხდებოდნენ ანაც ტრავმას იმიზეზებდნენ, ისრაელის წარმომადგენლებს კი მათთან პაექრობაზე უარი არასოდეს უთქვამთ.

რამდენიმე დღის წინ, საეიდ მოლაეი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პოსტერზე იყო გამოსახული, სადაც ის მსოფლიო პირველობის მოახლოების შესახებ იუწყებოდა.

როგორც სჩანს, ამგვარი რამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასაც მობეზრდა და აზიელებს მკაცრი გაფრთხილება მისცა, მათ კი, სპორტული კოდექსის დაცვის მაგივრად, საერთოდაც მონაწილეობაზე უარის თქმა გადაწყვიტეს. თავად სპორტსმენები ამ გადამჭრელ ნაბიჯს ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, რაც მოლაეის განცხადებაშიც გამოჩნდა.

"პირადად, ყოველთვის მზად ვარ, ისრაელის წარმომადგენლებს გავეჯიბრო, თუმცა, ამას ჩემს სამშობლოში ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. ირანის პოლიტიკიდან გამომდინარე ითვლება, რომ ამის უფლება არ მაქვს. შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ ებრაელებთან ჩვენი გზები არც გადაკვეთილიყო, თუმცა, გამაფრთხილეს, რომ თუკი ტატამზე გასვლაზე თანხმობას განვაცხადებდი, პრობლემები შემექმნებოდა'.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ უკვე განაცხადა, რომ ირანელთა მიმართ მკაცრი სანქციების გამოტანას აპირებს. საუბარია ირანის ძიუდოს კავშირის საერთაშორისო ოჯახიდან გარიცხვაზე, ოღონდ, ეს მსოფლიოს პირველობის დასრულების შემდეგ მოხდება.

ძიუდოს მმართველ ორგანოში განსაკუთრებით ირანის ძიუდოს კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტზე არიან გაბრაზებულები. არაშ მირესმაეილი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს პირადად დაპირდა, თუმცა, როგორც სჩანს, სიტყვა არ შეასრულა.

ირანელთა მოულოდნელი გადაწყვეტილება პირველმა მოჰამად მოჰამადიმ გაახმაურა

ასეა თუ ისე, წლის უმთავრეს ტურნირზე ქართველ ძიუდოისტებს 2 კონკურენტი ჩამოსცილდათ. შეგახსენებთ, რომ 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც მოჰამადი უნდა გვეხილა, საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს, ხოლო 81-ში, ანუ მოლაეის წონაში, ტატამზე ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე გავა.

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება და მას იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს "ნიპონ ბუდოკანი" უმასპინძლებს, საქართველო კი შეჯიბრზე 10 ძიუდოისტით წარსდგება.

კომენტარები

ბოლო ამბები