Thumbnail

ირვინ ლოსანო ნაპოლის ფეხბურთელია - ნეაპოლელთა რეკორდული ტრანსფერი

  • მექსიკელი გარემარბი კარიერას იტალიის ვიცე-ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
  • 24 წლის ფეხბურთელმა ნეაპოლელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

პსვ ეინდჰოვენის მექსიკელი გარემარბი ირვინ ლოსანო ნაპოლის ღირსებას დაიცავს. იტალიურმა კლუბმა ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 24 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

იუწყებიან, რომ ნაპოლიმ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადა და შესაბამისად, ლოსანოს ტრანსფერი ნეაპოლის კლუბისთვის რეკორდულია. მანამდე მედიაში დაიწერა, რომ მექსიკელი იტალიაში წლიურად მინიმუმ 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ნაპოლიში ლოსანოს გამოჩენა ფაქტობრივად გამორიცხავს ამ კლუბში რეალიდან კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის გადასვლას. მანამდე ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აღიარა, რომ კლუბს ამ ორი მოთამაშიდან მხოლოდ ერთის დამატების შესაძლებლობა ჰქონდა.

კარლო ანჩელოტის გუნდი სერია A-ს ახალი სეზონისთვის ემზადება

ირვინ ლოსანო პსვ-ში 2017 წლის ზაფხულში, პაჩუკადან გადავიდა და მაშინ ტრასნფერის ფასმა 8 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში მან ჰოლანდიის ერედივიზიეს 30 მატჩში ითამაშა (ყველა ძირითადში), გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 11 საგოლე პასი.

ფეხბურთელის ანგარიშზე მექსიკის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 35 მატჩში გატანილი 9 გოლია.

სერია A-ს 2019/20 წლების სეზონს კარლო ანჩელოტის გუნდი 24 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციაში ფიორენტინასთან გასამართი შეხვედრით გახსნის.

კომენტარები

ბოლო ამბები