Thumbnail

საუკეთესო სიახლეები Gamescom 2019-დან!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

თუ თამაშებით ოდნავ მაინც ხართ დაინტერესებული, Gamescom აუცილებლად გეცოდინებათ. გერმანული გეიმინგ ივენთი, წელს 20-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, კიოლნში, გერმანიაში გაიმართა. ამ სტატიაში, გეიმსქომ 2019-ის 9 საუკეთესო თრეილერსა და სხვა სიახლეებს გაგაცნობთ. 

გეიმსქომზე თამაშების წარდგენა ერთგვარი პრესტიჟის სიმბოლოც კია. ამ ივენთზე თითქმის ყველა მთავარი დეველოპერული სტუდია იყრის თავს და ცდილობს, ფანებზე შთაბეჭდილება მოახდინოს.

სანამ ახალ ამბებზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს Activision Blizzard-მა გეიმსქომი გამოტოვა. სავარაუდოდ, Blizzcon-ისთვის რაღაც მასშტაბურს ამზადებენ. თუმცა, მოდით, ვარაუდების მაგივრად, იმაზე ვისაუბროთ, რაც ამ დღეებში გავიგეთ.

Cyberpunk 2077

თითქმის ყველა გეიმერი სუნთქვაშეკრული ელოდება cyberpunk 2077-ის გამოსვლას. CD projekt red-მა, თამაშის გამოსვლის თარიღი წლევანდელ E3-ზე გაგვიმხილა, თუმცა გეიმსქომის თრეილერიდანაც ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ. მაგალითად, ბოლოს და ბოლოს გაირკვა, ვინ არის კიანუ რივზის პერსონაჟი, ჯონი სილვერჰენდი: ის საიბერპანკის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი აღმოჩნდა: როკ-მომღერალი და როკ ჯგუფ ''სამურაის'' სოლისტი. ალბათ გახსოვთ, რომ ''სამურაის'' ლოგო მთავარი პერსონაჟის, V-ის ლეგენდარულ ქურთუკზეა გამოსახული.

გარდა ამისა, ვნახეთ გეიმფლეი. დეველოპერებმა ისიც გაგვიმხილეს, რომ თამაშში სხვადასხვა ''კლასებია'' და, ის, თუ როგორ სტილს აირჩევს მოთამაშე და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, დიდ გავლენას მოახდენს დასასრულზე.

Need for Speed: Heat

ახალ NFS-ზე დეველოპერები დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა გეიმერების რეაქცია არაერთგვაროვანია. ალბათ გახსოვთ, რომ სერიის წინა თამაში, NFS: payback, ე.წ. ''ქარდების'' სისტემას იყენებდა. ეს გეიმერებს იმდენად არ მოსწონდათ, რომ Ghost Games-მა ეს ფუნქცია არა მხოლოდ მოაშორა თამაშს, არამედ, თამაშიდან მის გაქრობას ნარატორიც კი აღნიშნავს თრეილერში.

ახალი თრეილერიდან ვიგებთ, რომ მანქანების გაფორმებისა და უნიკალური ვიზუალების მორგების კიდევ უფრო უკეთესი საშუალება გვექნება: გოსთ გეიმსმა ცალკე პროგრამა, NFS heat: studio შექმნა, რომლის ჩამოტვირთვის შემდეგ, შეგიძლიათ საკუთარი მანქანისათვის დიზაინი ნულიდან ააწყოთ, შექმნათ ლოგო და ა.შ. ხოლო როცა თამაშს ჩატვირთავთ, თქვენი შექმნილი დიზაინები თქვენს პროფილზე გამოჩნდება.

Heat-ში, მოწინააღმდეგეების გარდა, პრობლემებს გიქმნით პოლიციაც: დღის განმავლობაში ქუჩებში სწრაფად მოძრაობისთვის შესაძლოა, დაგაკავონ და ყველაფერი დაკარგოთ. ამის გარდა, სამართალდამცავები არც თქვენი მანქანის დაზიანებას და დამტვრევას მოერიდებიან, რა შემთხვევაშიც, თრეილერის მიხედვით ''ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგიწევთ.''

Marvel's Avengers: A-Day

Square Enix-ისა და Marvel-ის კოლაბორაციაზე ფანები დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, პირველი თრეილერის ნახვის შემდეგ, იმედი გაუცრუვდათ: პერსონაჟების დიზაინი და ანიმირება ბევრს არ მოსწონდა, თუმცა, სტუდიამ განაცხადა, რომ გმირების ვიზუალის შეცვლას არ აპირებდა.

გეიმსქომზე 19 წუთიანი ''თიზერი'' გვაჩვენეს. თიზერში თამაშის შესავალი და პირველი, სასწავლო მისია (ე.წ. ''ტუტორიალი'') ჩანს. თამაშის დასაწყისში უცნაური, მისტიკური ძალა სან ფრანცისკოს განადგურებას უქადის. მოთამაშე რიგ-რიგობით ირგებს სხვადასხვა შურისმაძიებლების როლებს და მტერს ანადგურებს. ვიდეოში ჩანს პირველი ბოროტმოქმედიც, რომელთან ბრძოლაც მოგიწევთ: თასქმასთერი (Taskmaster). აღსანიშნავია, რომ შურისმაძიებლების 6 თავდაპირველი წევრიდან, ვიდეოში მხოლოდ ხუთი ჩანს.

ვიდეოს დასასრულსა და თამაშის მთავარ ისტორიას არ დაგისპოილერებთ, თავად ნახეთ ან A-Day-ს გამოსვლას დაელოდეთ. :) 

NBA 2K20

NBA 2K20-ს სპორტული ვიდეოთამაშების მოყვარულები მოუთმენლად ელიან. 2K, სტუდია რომელიც ამ თამაშს ქმნის, გვარწმუნებს რომ 2k20 სერიის გამორჩეული თამაში იქნება. ახალ მულტიფლეიერ ტრეილერში, აქცენტი გმირების და მათი უნარების კუსტომიზაციაზე კეთდება. დეველოპერები გვარწმუნებენ, რომ 100-ზე მეტი სხვადასხვა მონაცემებისა და უნარების მქონე უნიკალური მოთამაშის აწყობაა შესაძლებელი, რომლებსაც თამაში ''არქეტიპებს'' უწოდებს. 

სავარაუდოდ, მოთამაშის ყველა ატრიბუტისა და უნარის მორგება საკმაოდ დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა, ამ საქმეს რომ დაამთავებთ, შეგიძლია წინა სეზონის NBA-ის ფინალის, Toronto Raptors V Golden State Warriors-ის თამაშის სიმულაციაში გამოსცადოთ საკუთარი გმირი.

ცოტა ხნის წინ, 2k-მ 2k20-ის კარიერული მოუდიც გვაჩვენა. 2k20-ში 12 გუნდით თამაშია შესაძლებელი, როგორც სწრაფ, ისე სეზონურ მოუდებში. თამაშს თავისი ოცეულიც აქვს, რომელშიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ნომერი 1 ლებრონ ჯეიმსია. 

2k20-ს დემო ვერსიის თამაში უკვე შესაძლებელია. სრული ვერსია კი 6 სექტემბერს გამოვა.

Gears 5

Gears 5-ის დეველოპერებმა მისიების თრეილერი გვაჩვენეს. თრეილერის გრაფიკა საოცრად შთამბეჭდავია, სინემატოგრაფია და საუნთრექიც მშვენიერია. დეველოპერებმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, ეს Gears სერიის საუკეთესო თამაში იქნება. თამაშს 60 fps 4K გრაფიკა აქვს.

გეიმფლეის მხრივ, თამაშს ''ულტიმეით'' უნარები დაემატა, რომლებიც ბრძოლის დროს ნელ-ნელა ''იტენება.'' დეველოპერების განცხადებით, ულტმეითები კლასების მიხედვით დაყოფილი არ იქნება და ყველა პერსონაჟს უნიკალური ექნება, რაც, რა თქმა უნდა, თამაშს ბევრად უფრო საინტერესოსა და სტრატეგიულს ხდის. მისიების მოუდზე სამკაციანი გუნდით მიდიხართ. 

კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც გეიმსქომზე გაირკვა, Gears-ისა და Halo-ს ''ქროსოვერია.'' დეველოპერებმა განაცხადეს, რომ თამაშის დელუქს ვერსიის შეძენისას, Halo-ს რამდენიმე გმირს მიიღებთ, ისევე როგორც უნიკალურ აბჯრებსა და სხვა ნივთებს. 

Metro Exodus: the Two Colonels

როგორც ჩანს, მეტროს სერიების ბოლო თამაშის, Metro: Exodus-ის წარმატებამ დეველოპერები ისე გააახარა, რომ ახალ DLC-ს გვთავაზობენ: მეტრო ექსოდუსი: ორი პოლკოვნიკი, 20 სექტემბერს გამოვა. 

პრეზენტაციაზე თამაშის ახალი დამატების შინაარსზე ბევრი არაფერი უთქვამთ, თუმცა, მათ, ვისაც მეტროს ტრილოგია წაკითხულიც აქვთ, შესაძლოა, თრეილერში რამდენიმე მინიშნება აღმოაჩინონ. ვინც ეს გმირები ვერ იცანით, მეტრო 2035-ის წაკითხვას გირჩევთ და არ დაგასპოილერებთ :)

Control

Remedy Entertainment-ისა და 505 Games-ის ეს თამაში სასიამოვნო მოულოდნელობა გამოდგა თავისი საინტერესო გრაფიკით, ულამაზესი ფერებით, მოქნილი გეიმფლეითა და დაძაბული სიუჟეტით. თამაშში ჯესი ფეიდენის როლს მოირგებთ, რომელიც ნიუ იორკში, ერთ-ერთი საიდუმლო სააგენტოს ახალი დირექტორია და, უწევს, ამოუცნობ საფრთხეს დაუპირისპირდეს. 

თამაშის სტილი ცნობილ საიბერპანკის ჟანრის თამაშს ''დამკვირვებელს'' (Observer) მოგაგონებთ. თავდაპირველი შეფასებებით, თამაში საკმაოდ კარგია და გეიმერებს დიდ იმედებს უჩენს. სამწუხაროდ, დეველოპერებმა თამაშის შინაარსზე ბევრი არაფერი გვითხრეს, თუმცა საოცარი თრეილერით დატკბობის საშუალება მაინც გვაქვს. 

კონტროლი 27 აგვისტოს გამოვა. 

Everspace 2

წლევანდელ გეიმსქომზე Rockfish Game-სმაც გაგვახარა და Everspace-ის გაგრძელება, Everspace 2 დაანონსა. 

ევერსფეისის პირველი ნაწილი 2017 წელს გამოვიდა ის ფანებმა საკმაოდ კარგად მიიღეს. ევერსფეისი, ზოგი გეიმერის აზრით ისაა, რასაც ''No Man's Sky'' გვპირდებოდა. 

ევერსფეისი საბრძოლო ჟანრის თამაშია, ღია სამყაროთი, რომელიც გეიმერებს თავისი საოცარი ვიზუალისა და შინაარსის გამო უყვართ. დეველოპერები ამბობენ, რომ ევერსფეის 2-ში კიდევ უფრო მეტი როლური თამაშის ელემენტებია. მათი თქმით, ახალი თამაში სწრაფი, დაძაბულ ბრძოლებს, კარგ გეიმფლეის, ბევრ ახალ პერსონაჟს და ახალ თავგადასავლებს გვპირდება.

თამაშის შინაარსზე კონკრეტული არაფერი ვიცით. თამაშის გამოსვლის თარიღიც ცნობილი არ არის, თუმცა, პოპულარულ თამაშების პლატფორმა სთიმზე, თამაშს გამოსვლის თარიღად 2021 წელი უწერია, რაც საკმაოდ დიდი დროა, თუმცა, იქამდე შეგვიძლია თვალისმომჭრელი თრეილერით დავტკბეთ, რომელსაც, ჯერ ალფა-ტესტიც არ გაუვლია და უკვე საოცრად გამოიყურება.

Ghostrunner

2019 წელი აშკარად საიბერპანკ ჟანრს ეკუთნის - სტუდია One More Level-ის თამაში Ghostrunner, რომელიც სწორედ გეიმსქომზე დაანონსდა, გეიმერების ძველი და საყვარელი გეიმფლეით იწონებს თავს. ფანებმა მას უკვე შეარქვეს Dishonored-ისა და Mirror's Edge: Catalyst-ის ''შვილი'' თამაში. თუ ძველი თამაშებიდან კედლებზე სირბილი, ხტუნაობა და პარკური მოგენატრათ, გოსთრანერი სწორედ თქვენთვისაა.  

თრეილერი სიუჟეტზე ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა ის ვიცით, რომ თამაში პირველი პირის ხედვისაა (POV) და სათავგადასავლო-საბრძოლო ჟანრია. თუმცა, შედარებით მეტის გაგება შეგვიძლია გოსთრანერის სთიმ გვერდზე. სთიმის მიხედვით, თამაშის სიუჟეტი მომავალში, საიბერპანკ ქალაქში ვითარდება: ამ სამყაროში კაცობრიობა გლობალური კატასტროფის წინაშეა და მთელი გადარჩენილი მოსახლეობა, ერთ უშველებელ სტრუქტურაში ცხოვრობს, რომელსაც ''კოშკს'' ეძახიან. კოშკის შემქმნელი საიდუმლოებით მოცული ფიგურაა, რომელსაც ''არქიტექტორად'' მოიხსენიებენ. მოთამაშის მისიაა, კოშკის უმაღლეს სართულამდე მიაღწიოს და საიდუმლო ამოხსნას. იმას, თუ რაში მდგომარეობს ეს საიდუმლო, ალბათ, მოგვიანებით შევიტყობთ.

სთიმის გვერდის მიხედვით, გოსთრანერი 2020 წელს გამოვა. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

სანამ ყველა ის ახალი თამაში გამოვა, რომლებიც სტუდიებმა გეიმსქომ 2019-ზე გვიჩვენეს, შეგვიძლია ძველებს გადახედოთ, მაგალითად: Metro: Exodus-ს, ახალი DLC-ის მოლოდინში, Gears 4-ს, Observer-ს (თუ Cyberpunk 2077ს, Ghostrunnerსა და Control-ს ელოდებით) და ა.შ. სექტემბრიდან კი ახალი თამაშებიც გამოსცადოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები