Thumbnail

ფლორენციული შოუ - ფრანკ რიბერის გასაოცარი წარდგენა ფიორენტინაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფლორენციულმა კლუბმა გულშემატკივარს ფრანგი ახალწვეული წარუდგინა
  • 36 წლის ნახევარმცველის პრეზენტაცია საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა
  • ფრანკ რიბერი ფიორენტინას ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს

ფიორენტინამ თავის გულშემატკივრებს ახალწვეული ფრანკ რიბერი წარუდგინა და ეს ძალიან შთამბეჭდავად გააკეთა. ფლორენციულმა კლუბმა 36 წლის ფრანგი ნახევარმცველის პრეზენტაცია, "არტემიო ფრანკიზე" შეკრებილი 12 ათასამდე ქომაგის თვალწინ ნამდვილ შოუდ გადააქცია.

ფეხბურთელი მოედანზე სპეცეფექტების თანხლებით გავიდა. მოედნის ცენტრში ბურთის რამდენჯერმე აკენწვლის შემდეგ, ფრანგმა ფანატებს ჯერ იტალიურად მიმართა, შემდეგ კი ავტოგრაფები დაარიგა და მათთან სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღო.

 📺 რიბერის წარდგენა არტიმიო ფრანკიზე

ფრანკ რიბერი ამ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა და ფიორენტინაში უფასოდ გადავიდა. მხარეებმა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

ახალ კლუბში პრეზენტაციამდე ფეხბურთელმა არჩევანი გუნდის 7-ნომრიან მაისურზე შეაჩერა. 

ფლორენციამ რიბერი ისე მიიღო, როგორც ლეგენდა

ფრანკ რიბერიმ მიუნხენის ბაიერნში 12 წელიწადი გაატარა და ჯამში 24 ტიტული მოიგო, მათ შორის 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგის ჩემპიონის 9 ტიტული. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ბაიერნის მაისურით 38 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი.

ფლორენციული კლუბი სერია A-ს 2019/20 წლების სეზონს 24 აგვისტოს, ნაპოლისთან საშინაო შეხვედრით გახსნის.

კომენტარები

ბოლო ამბები