Thumbnail

კეილორ ნავასი გაშვებას ითხოვს - მეკარის ოთხი კანდიდატურა რეალისთვის

  • კოსტარიკელს ტიბო კურტუას კონკურენციის დაძლევის იმედი აღარ აქვს
  • 32 წლის მეკარემ სამეფო კლუბს მისი სხვა გუნდში გაშვება მოსთხოვა
  • მადრიდელები სათადარიგო მეკარის ადგილზე კანდიდატებს არჩევენ  

კეილორ ნავასს არ აკმაყოფილებს მეორე მეკარის სტატუსი და მადრიდის რეალის დატოვებას ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე აპირებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, კოსტარიკელმა გოლკიპერმა ამის შესახებ უკვე აცნობა კლუბს და გაშვება მოსთხოვა.

ნავასს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ რეალში ტიბო კურტუას დუბლიორობა გარანტირებული ექნება. 

კოსატარიკელ მეკარეს რეალის სათადარიგოთა შორის ყოფნა არ აკმაყოფილებს

ცოტა ხნის წინ, კეილორ ნავასით პარი სენ-ჟერმენი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებოდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს. კეილორი ბენფიკასაც სურდა, მაგრამ პორტუგალიელებმა მასთან ხელფასის ოდენობაზე ვერ მოილაპარაკეს. იუწყებოდნენ, რომ კეილორს ახალ კლუბში წელიწადში 7 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც 2 მილიონით მეტია იმაზე, რასაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" იღებს.

თავის მხრივ, მადრიდულმა კლუბმა უკვე დაიწყო კოსტარიკელის შემცვლელის ძიება, რადგან 20 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი, რომელსაც შეეძლო ზინედინ ზიდანის გუნდში მეორე მეკარის სტატუსის მიღება, ცოტა ხნის წინ ვალიადოლიდში იჯარით გაუშვა. 

შემცვლელი ტიბო კურტუასაც სჭირდება 

იუწყებიან, რომ რეალი ინტერესს მილანის 36 წლის მეკარე პეპე რეინას მიმართ იჩენს. ასევე განიხილება 34 წლის დანიელ სუბაშიჩის (მონაკო), 36 წლის ანტონიო მირანტეს (რომა) და 36 წლის მარტენ სტეკელენბურგის (ევერტონი) რეალში მიწვევის ვარიანტები.

კოსტა რიკის ნაკრების 32 წლის მეკარე მადრიდის რეალში 2014 წლის ზაფხულში, ლევანტედან 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ნავასმა რეალის მაისურით ლა ლიგის 10 მატჩში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები