Thumbnail
  • იუვე სეზონს ახალი მწვრთნელით და დაულაგებელი შემადგენლობით ხვდება
  • ინტერი და ნაპოლი ძალიან გაძლიერდნენ
  • მილანს და რომას ამ სეზონში გაუჭირდებათ
  • ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება

შაბათს იტალიის ჩემპიონატი იწყება, ტურნირი, რომელიც 90-იანებში მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჩავარდნის შემდეგ კი, წლიდან წლამდე ისევ ძლიერდება. მთავარი კითხვა ბოლო წლებში უცვლელია - შეაჩერებს ვინმე იუვენტუსს? რამდენად გამოუვათ გაძლიერებულ ინტერს და ნაპოლის ტურინელთათვის კონკურენციის გაწევა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო - წელსაც, რომა და მილანი ყველა ხერხით ეცდებიან ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას. ამ სტატიაში ნახავთ ყველაფერს, რაც სერია A-ს დაწყების წინ უნდა იცოდეთ.

ზემოთ ვახსენე, რომ მთავარი კითხვა ის არის, თუ ვინ შეაჩერებს იუვენტუსს. ტურინული გრანდის მთავარ კონკურენტებად ინტერი და ნაპოლი უნდა მივიჩნიოთ.

იუვენტუსი

იუვე წელსაც უპირობოდ ყველაზე ძლიერი იტალიური კლუბია და ზედიზედ მეცხრე ჩემპიონობას უმიზნებს. ტურინელებმა გუნდის ძირითადი ბირთვი სრულად შეინარჩუნეს, თუმცა მათ ბანაკში ერთ დიდი სიახლეა - მასიმილიანო ალეგრის 5-წლიანი მმართველობის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი იქნება. ერთი შეხედვით, ტურინელთა ხელმძღვანელობამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - სარის იუვესთვის საკმაოდ უჩვეულო სტილის ფეხბურთს თამაშობს, იგი მაინცდამაინც არც თავისი ხასიათით და იმიჯით ერგება ტურინულ კლუბს და უფრო ლამაზ თამაშთან ასოცირდება, ვიდრე შედეგებთან - ტურინში კი მხოლოდ შედეგებს აფასებენ.

წაიკითხედოგმატური მწვრთნელი პროვინციული იმიჯით - როგორი იქნება სარის იუვენტუსი?

ეს ცვლილება იმას ნიშნავს, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა, თუმცა თამაშის სტილი შეიცვლება - სარის იუვე უფრო ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ, სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს ითამაშებს.

ტრანსფერები

იუვე ამ სეზონის წინაც ძალიან გაძლიერდა. დაცვის ხაზში მატეის დე ლიხტი მოვიდა. ერთი შეხედვით, იუვეს დაცვის ცენტრი გაძლიერებას ნაკლებად საჭიროებდა, თუმცა ხელმძღვანელობამ სხვანაირად გადაწყვიტა. ბონუჩი-კიელინის დუეტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ძირითად პრობლემად ჯორჯო კიელინის ჯანმრთელობა რჩება.

კიელინის ბარძაყის ქრონიკული ტრავმა აწუხებს - ექიმების რეკომენდაციით, მან სასურველია, კვირაში ორჯერ არ ითამაშოს ხოლმე. გარდა ამისა, კიელინი ძალიან ტრავმატულია და წლიდან წლამდე იუვეს გადამწყვეტი თამაშების მის გარეშე ჩატარება უწევს - ასე იყო შარშანაც აიაქსთან წაგებულ მეოთხედფინალში. ბენატიას წასვლის შემდეგ კი რუგანი მისი ღირსეული შემცვლელი ვერ არის. ამასთან ერთად, თავად კიელინის სიტყვებითვე, იგი ფეხბურთში კიდევ 1 ან 2 სეზონს დარჩება. დე ლიხტთან ერთად იუვეს ყოველთვის შეუძლია ღირსეულად შეცვალოს კიელინი, დაასვენოს იგი და 1 სეზონის შემდეგ დე ლიხტიც მზად იქნება სრულფასოვნად ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში.

დაცვის ცენტრში დე ლიხტთან ერთად, დემირელიც მოვიდა - ხისტი და მებრძოლი ახალგაზრდა მცველი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დანიელე რუგანის აგვისტოს დარჩენილ დღეებში, დიდი ალბათობით, წასვლა მოუწევს - მან იუვეს ხელმძღვანელობა ვერ დაარწმუნა, რომ ტურინელთა ძირითადის დონეზე თამაში სისტემატიურად შეუძლია.

დაცვის ფლანგზე ჟოაო კანსელო დანილომ შეცვალა. ბრაზილიელს კანსელოს მსგავსად ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. კანსელოსავით ვერ უტევს, თუმცა იუვეს ფლანგზე უფრო დაცვითი ტიპის მცველი სურდა.

სარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შუა ხაზში ადრიან რაბიოს და აარონ რემზის დამატება. ნახევარდაცვაში სარის, ალეგრისგან განსხვავებით, უფრო ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები სჭირდება. ალეგრის შეეძლო, უფრო ათლეტური ემრე ჯანი-მატუიდის წყვილით ეთამაშა, სარის კი სხვა ტიპის ფეხბურთელები სჭირდებოდა. რაბიო და რემზი, პიანიჩთან ერთად, მის სტილს კარგად მოერგებიან.

იუვეს ახლა 7 ნახევარმცველი ჰყავს 3 პოზიციაზე - არადა, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ტურინელებს მხოლოდ 22 მოთამაშის რეგისტრაციის უფლება აქვთ, მათ შორის სამი მეკარეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ნახევარმცველი უნდა წავიდეს. ბენტანკური ყველა ვარიანტში რჩება, ისევე როგორც სამი ხედირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ემრე ჯანს ან მატუიდის (უფრო რეალისტური ვარიანტი ეს არის) წასვლა მოუწევს აგვისტოს ბოლომდე.

თავდასხმაში ტურინელებს განათხოვრებული გონსალო იგუაინი დაუბრუნდათ. იუვეს იგუაინის გაშვება სურდა, თუმცა არგენტინელს არსად წასვლა არ სურს. მას იმედი აქვს, რომ სარის, მის ყოფილ მწვრთნელს ნაპოლიში, დაუმტკიცებს, რომ ძირითადის ღირსია. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდიდან დიდი ალბათობით უნდა წავიდეს მარიო მანჯუკიჩი, ან პაულო დიბალა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იუვემ კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატა (მაგალითად, მაურო იკარდი), მაშინ შესაძლოა ორივე წავიდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტურინელებს მხოლოდ 19 მინდვრის მოთამაშის რეგისტრაცია შეუძლიათ და ნაკლებად საჭირო მოთამაშეების გაყიდვა იუვეს მთავარია პრიორიტეტია სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში.

იუვეს გულშემატკივრისთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი ჯიჯი ბუფონის დაბრუნებაა. ბუფონმა, რომელიც იმ ფასეულობების მთავარი სიმბოლოა, რასაც ტურინული კლუბი განასახიერებს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ტურინში დაბრუნება გადაწყვიტა, ამჯერად მეორე მეკარის რანგში. თუმცა, იუვეს ტრადიციად აქვს მეკარის პოზიციაზე როტაცია და ბუფონსაც ხშირად ვიხილავთ ხოლმე.

იუვენტუსის სავარაუდო განლაგება

მთავარი კითხვა კი პაულო დიბალას უკავშირდება. იუვეს მისი გაყიდვა სურს და აქცენტს უფრო დუგლას კოშტაზე აკეთებს, თუმცა დიბალამ პრემიერლიგურ კლუბებს უკვე უარი უთხრა და მის ერთადერთ რეალისტურ ვარიანტად პარი სენ-ჟერმენი რჩება. დარჩენილ დროში, იუვეს ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს დიბალას საკითხი. ფაქტი ის არის, რომ ამ სეზონს იუვე ახალი მწვრთნელით და ჯერ კიდევ დაულაგებელი შემადგენლობით ხვდება.

ნაპოლი

ნაპოლი წლიდან წლამდე ინარჩუნებს სტაბილურობას და შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში მაინც რჩება იტალიის მეორე კლუბად. წელსაც, აურელიო დე ლაურენტისმა, შემოთავაზებების მიუხედავად, გუნდის არცერთი ლიდერი არ გაყიდა - არადა ინსინიეს, კულიბალის და ალანის წაყვანა ევროპული ფეხბურთის გრანდებს სურდათ. ნეაპოლში იმედი აქვთ, რომ თუკი იუვეს ფეხი დაუცდება და შესაძლოა, ეს წელს მოხდეს, ნაპოლი პირველად დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ, ნანატრ ჩემპიონობას მოიგებს. განსაკუთრებით, მათ კარლო ანჩელოტის ეიმედებათ, რომელსაც ჩემპიონატების მოგების დიდი გამოცდილება აქვს.

ტრანსფერები

დე ლაურენტისმა გუნდიდან მხოლოდ ვეტერანი რაულ ალბიოლი გაუშვა, მის ნაცვლად კი ნაპოლიმ დიდი ტრანსფერი განახორციელა. 36 მილიონ ევროდ, რაც ნაპოლისთვის ძალიან დიდი თანხაა, გუნდში კოსტას მანოლასი, სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მოვიდა. მანოლასი-კულიბალის დუეტი იტალიაში ბონუჩი-კიელინისთან ერთად საუკეთესო იქნება.

ნეაპოლში იმედი აქვთ, რომ კიდევ ერთი დიდი ტრანსფერის შემთხვევაში, მათ საჩემპიონო გუნდი ეყოლებათ. ასეთი ტრანსფერი კი მაურო იკარდის გადმოსვლა უნდა იყოს. იკარდის ინტერთან გაფუჭებული აქვს ურთიერთობა და მილანელებს მისი გაყიდვა სწორედ ნეაპოლში სურთ. კლუბებს შორის სატრანსფერო თანხაც (65 მილიონი) შეთანხმებულია.

პრობლემა ის არის, რომ თავად იკარდი უარს ამბობს იუვენტუსის გარდა, რომელიმე სხვა გუნდში წავიდეს, ინტერს კი თავისი ყოფილი კაპიტნის მთავარ კონკურენტში გაშვება არ სურს. თუკი ნაპოლი როგორმე მოახერხებს თავად იკარდის დათანხმებას, ეს ანჩელოტის გუნდს ძალიან გააძლიერებს. არკადიუშ მილიკმა ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა, ხოლო ანჩელოტის, სარისგან განსხვავებით, არ უყვარს მხოლოდ დრის მარტენსის ტიპის მსუბუქი ფორვარდით თამაში.

ნაპოლის სავარაუდო განლაგება

თუკი იკარდის ტრანსფერი ჩავარდა, მაშინ სათადარიგო ვარიანტად ნეაპოლში ვეტერანი ფერნანდო ლორენტეს გადმოსვლა რჩება.

ინტერი

წელს ინტერი ძალიან გაძლიერდა. მთავარი სიახლე ის არის, რომ კლუბში, რომელიც მენეჯმენტში ქაოსით გამოირჩევა, ჯერ ბეპე მაროტა მივიდა, იუვეს ყოფილი სპორტული დირექტორი, ამ ზაფხულში კი ანტონიო კონტე - ბოლო წლებში იტალიის საუკეთესო მწვრთნელი. კონტე იტალიაში გამარჯვების სიმბოლოა და მას ყველაზე კარგად შედარებით მუშა და ნაკლებად სუპერვარსკლავური შემადგენლობის ჩემპიონ გუნდად გარდაქმნა ეხერხება - ასე იყო იუვენტუსში, იტალიის ნაკრებში და ჩელსიში.

პრობლემა ის არის, რომ ინტერის გულშემატკივართა ულტრაკონსერვატულ ნაწილს (მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ მასიმო მორატის) კონტე მისი იუვენტინური წარსულის გამო არ უყვარს. მოკლედ, კონტემ თუ სწრაფ წარმატებას ვერ მიაღწია, არაკეთილმოსურნეები მას კლუბში ბევრი ჰყავს. მისი პირველივე ნაბიჯები გუნდში წესრიგის დამყარებისკენ იყო მიმართული - უარი თქვა ორი მთავარ ამრევზე - რაჯა ნაინგოლანსა და მაურო იკარდიზე. უფრო სწორად ნაინგოლანი გაუშვეს, იკარდის კი ჯერ ვერ ყიდიან, თუმცა კონტე არგენტინელს გუნდის ვარჯიშებზეც არ უშვებს. სავარაუდოდ, წელს ინტერი ძალიან მებრძოლი, ორგანიზებული, აგრესიული და ფიზიკური გუნდი იქნება - ანუ კონტეს სახასიათო თვისებებს შეიძენს.

ტრანსფერები

კონტემ უკვე დაიწყო გუნდის თავისი შეხედულებისამებრ დაკომპლექტება. გუნდში მოვიდა ძალიან გამოცდილი მცველი - ურუგვაელი დიეგო გოდინი. კონტეს სამი ცენტრალური მცველით უყვარს თამაში და გოდინი ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელიც ლიდერის თვისებებით გამოირჩევა, მას ძალიან დაეხმარება.

ნახევარდაცვაში ინტერმა იტალიის ერთ-ერთი მთავარი ახალგაზრდა ტალანტი ნიკოლო ბარელა შეიძინა, 36 მილიონ ევროდ. ბარელა ნაკრების წევრია და სწორედ კონტეს სტილის ფეხბურთს თამაშობს. კონტეს ძალიან უყვარს მოთამაშეები, რომელთაც ცენტრში საჯარიმოდან საჯარიმომდე ბევრი სირბილი შეუძლიათ. ბარელაც ამ ტიპის მოთამაშეა - იგი იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც კონტეს იუვენტუსში ვიდალი და მარკიზიო ასრულებდნენ. არტურო ვიდალი შემთხვევით არ მიხსენებია, კონტეს ძალიან უნდა, რომ დარჩენილ დღეებში ბარსელონადაც ვიდალის ყიდვაც მოასწროს. ჩილელი მისი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. დაახლოებით ამავე ტიპის ფეხბურთელია ინტერის კიდევ ერთი ახალწვეული სტეფანო სენსი.

რომელუ ლუკაკუ და ანტონიო კონტე

თავდასხმაში კონტეს მთავარი მოთხოვნა დიდი და ათლეტური ფორვარდის შეძენა იყო. მისი გუნდები ყოველთვის თამაშობენ ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებთან ერთად, რომელთაც კართან ზურგით თამაში შეუძლიათ - იუვეში კონტეს ლორენტე ჰყავდა, იტალიის ნაკრებში გრაციანო პელე, ხოლო ჩელსიში -დიეგო კოშტა. სწორედ ამიტომ გადაიხადა ინტერმა რომელუ ლუკაკუში 80 მილიონი ევრო. კონტეს ედინ ჯეკოს ყიდვაც უნდოდა - მას სურდა ორი გაბარიტული ფორვარდი სურდა ჰყოლოდა, ლაუტარო მარტინესთან ერთად. თუმცა, ჯეკომ რომაში დარჩენა გადაწყვიტა და სავარაუდოა, რომ ინტერი კიდევ ერთ თავდამსხმელს იყიდის.

ინტერის სავარაუდო განლაგება

გუნდიდან ნაინგოლანი-იკარდის დუეტის გარდა, არავინ წასულა ივან პერიშიჩის გარდა. პერიშიჩი კონტეს 3-5-2-ს ვერ ერგებოდა და წასვლა მოუწია.

ვინ იქნება მეოთხე?

რომას და მილანს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, როგორც იტალიაში, ისევე მის ფარგლებს მიღმა. თუმცა, ამ ორი გუნდის გულშემატკივარს ამ სეზონის წინ დიდი პოზიტივის იმედი ალბათ არ უნდა ჰქონდეს. ორივე გუნდში შეიცვალა როგორც მენეჯმენტი, ისევე მწვრთნელი და ამ ორივე გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომ ამ სეზონში მათთვის მეოთხე ადგილი პროგრამა მაქსიმუმი იქნება.

მილანი

მილანი კვლავ გარდაქმნების პერიოდშია - გუნდი ვერა და ვერ დალაგდა. გასულ სეზონში მილანს სულ ცოტა დააკლდა საჩემპიონთალიგო მეოთხე ადგილამდე - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის გარეშე კლუბი დაახლოებით 100 მილიონ ევროს კარგავს. სპორტული დირექტორი ლეონარდო გუნდიდან წავიდა და მის ნაცვლად მილანს ახლა პაოლო მალდინი და ზვონიმირ ბობანი მართავენ - მილანის ორი ლეგენდა, თუმცა მენეჯმენტში გამოცდილების გარეშე. მათ ურთულესი ამოცანა აქვთ - ფინანსური პრობლემების მიუხედავად მათ ახალი მილანი უნდა შექმნან. გუნდიდან წავიდა ჯენარო გატუზოც და მის ნაცვლად მილანს მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის. ჯამპაოლო გულშემატკივარს სანახაობრივ ფეხბურთს ჰპირდება.

გუნდის ახალი პოლიტიკა ახალგაზრდა ტალანტების შეძენას და კონკურენტული გუნდის გრძელვადიან პერსპექტივაში შენებას უკავშირდება. მილანმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, თუმცა გუნდში ორი პერსპექტიული ახალგაზრდა მოიყვანა - ბრაზილიელი ფორვარდი რაფაელე ლეაო ფრანგული ლილიდან და მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი მადრიდის რეალიდან. სანაცვლოდ მილანს პატრიკ კუტრონეს, ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდის გაყიდვა მოუწია.

რომა

რომა ბოლო წლებია სულ უფრო და უფრო კარგავს სახეს. ამ გუნდის მთავარი აქტივი მისი კავშირია გულშემატკივართან. რომას ამერიკული მენეჯმენტი კი უკვე რამდენი წელია რომისა და რომაული კულტურისთვის აბსოლუტურად უცხოა. ამასთან ერთად, კლუბის მმართველობაში შიდა ინტრიგებსა და დაპირისპირებებს ბევრი რამ ეწირება. გუნდიდან წასვლა ჯერ ფრანჩესკო ტოტის მოუწია, წინა სეზონში კი დანიელე დე როსის, რომას უცვლელ სიმბოლოს ბოლო 15 წელში.

წაიკითხე ბოლო რომაელი ჯარისკაცი - სანდო, ერთგული, თავდაუზოგავი კაცი

სეზონის მიწურულს ტოტიც სკანდალური ინტერვიუთი წავიდა რომას მენეჯმენტიდან. ის ფაქტი, თუ როგორ აიძულეს დე როსი რომადან წასულიყო, გვაფიქრებინებს, რომ ტოტის სიტყვების დავიჯეროთ - რომას ამერიკელ მფლობელებსა და მათთან დაახლოებულ პირს, ფრანკო ბალდინის, რომადან რომაელების გაშვება სურს. რომა ისე შორს წავიდა, რომ ამ ზაფხულს ალესანდრო ფლორენცის, გუნდში დარჩენილი ბოლო რომაელის გაყიდვაც კი სურდა.

რომას ახალი მწვრთნელი ჰყავს - დანიელ ფონსეკა დონეცკის შახტიორიდან. ცოტა უცნაური არჩევანია. რომამ ახალი განაპირა მცველები დაიმატა - სპინაცოლა იუვენტუსიდან და ძაპაკოსტა ჩელსიდან. ამასთან ერთად, გუნდში მოვიდა ატალანტას ბრაიან კრისტანტე, რომელიც ნახევარდაცვაში ითამაშებს. დამეთანმებით, რომ არცთუ ისე შთამბეჭდავი სატრანსფერო კამპანიაა. ყველაზე კარგი ამბავი რომას გულშემატკივრისთვის კი ედინ ჯეკოს შენარჩუნება გახდა. ბოსნიელს წასვლა უნდოდა, თუმცა ბოლოს ახალ კონტრაქტს დათანხმდა.

როგორც აღვნიშნე, რომა დატოვა ბოლო წლებში დაცვის ლიდერმა კოსტას მანოლასმა და სავარაუდოა, რომ ამ სეზონში ფონსეკას გუნდს დაცვაში ბევრი პრობლემა ექნება. მასთან ერთად რომი დატოვეს განაპირა მცველმა ლუკა პელეგრინიმ და სტეფან ელ შაარავიმ.

ატალანტა და ლაციო

მილანის და რომასგან განსხვავებით ატალანტამ და ლაციომ აქცენტი სტაბილურობაზე გააკეთეს და წელსაც დიდი ალბათობით ოთხეულისთვის იბრძოლებენ. ატალანტას ორ ფრონტზე - ჩემპიონთა ლიგაში და სერია A -ში თამაში გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ გასპერინის გუნდი ძალიან ფიზიკურ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც ბევრ ენერგიას მოითხოვს. კარგი ის არის, რომ ატალანტამ შეინარჩუნა გუნდის ლიდერები, მათ შორის დუვან საპატა.

გუნდის ლიდერები შეინარჩუნა ლაციომაც. ამ სეზონის წინ ბევრი იყო ლაპარაკი იმაზე, რომ სიმონე ინძაგი გუნდს დატოვებდა, თუმცა ინძაგიც დარჩა და დიდი ალბათობით მილინკოვიჩ-სავიჩიც, ბოლო წლებში ლაციოს ერთ-ერთი მთავარი აქტივი. ლაციოს შეთამაშებული და სტაბილური გუნდი ჰყავს და ინძაგიც შარშანდელ ბირთვს დაეყრდნობა.

ჩემპიონობის გარდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა წელს სერია A-ს მთავარი ინტრიგა იქნება.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები