Thumbnail
  • პორტუგალიელმა არგენტინელთან მეტოქეობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
  • იუვენტუსის თავდამსხმელის აზრით, მეტოქეობა ორივესთვის სასარგებლოა
  • კრიშტიანო რონალდო მზადაა, ლიონელ მესისთან ერთად ისადილოს

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კიდევ ერთხელ ისაუბრა ლიონელ მესისთან დაპირისპირებაზე. 34 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მზადაა, ბარსელონას არგენტინელ ლიდერთან ერთად სუფრას მიუჯდეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გადაბარგებამდე, კრიშტიანო მადრიდის რეალში გამოდიოდა და ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მისი და ლიონელ მესის მეტოქეობა მსოფლიო მნიშვნელობას იძენდა.

მეტი ამ თემაზე: მესი თუ რონალდო? ბელგიელმა მეცნიერებმა ამ შეკითხვას ფორმულით უპასუხეს

რონალდოს და მესის მეტოქეობა გამორჩეული არამხოლოდ ფეხბურთის ისტორიაშია 

"მართლა აღფრთოვანებული ვარ მისი კარიერით. მესიმ თავადაც თქვა, რომ ძალიან დავაკლდი, როდესაც ესპანეთი დავტოვე, რადგან ჩვენ ბრწყინვალე მეტოქეობა გვქონდა. ასეთი რამ კი მხოლოდ ფეხბურთისთვის არ არის დამახასიათებელი. კალათბურთში მაიკლ ჯორდანსაც ჰყავდა მეტოქეები, ფორმულა 1-ში აირტონ სენა და ალენ პროსტი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს…

დარწმუნებული ვარ, რომ მესი მეხმარება, ვიყო უკეთესი და პირიქით. როდესაც ტიტულს ვიგებ, ეს მისთვის გამოწვევაა. იგივეა ჩემთვის მისი წარმატება.

მე და ლეოს ბრწყინვალე პროფესიული ურთიერთობა გვაქვს, რადგან მთელი 15 წლის განმავლობაში კარიერაში ერთი და იგივე მომენტები გვქონდა. ჩვენ არასდროს გვისადილია ერთად, მაგრამ მომავალში - რატომაც არა? ამასთან დაკავშირებით მე პრობლემა არ მაქვს", - ამბობს რონალდო პორტუგალიურ ტელეარხ TVI-თან ინტერვიუში.

მესისა და  რონალდოს ოქროს ბურთი ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ტურინის იუვენტუსამდე მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, კარიერაში ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სამჯერ - ინგლისის პრემეირლიგა, ორჯერ - ლა ლიგა, ერთხელ - სერია A. რონალდოს, რომელსაც "ოქროს ბურთი" ხუთჯერ აქვს მოპოვებული, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატსა (2016) და უეფას ერთა ლიგაში (2018/19) გაუმარჯვია.

32 წლის ლიონელ მესიმ მთელი კარიერა ბარსელონაში გაატარა. არგენტინელმა კატალონიურ კლუბთან ერთაც ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, თასი კი 6-ჯერ მოიგო. ლეომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება 4-ჯერ იზეიმა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მისი ყველაზე დიდი მიღწევა 2014 წლის მუნდიალის ვერცხლია.

კომენტარები

ბოლო ამბები