Thumbnail
  • ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ
  • კომპლექსი FIFA-ს FORWARD-ის პროგრამის თანადაფინანსებით შენდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო კომპლექსი მოინახულეს.

ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და მსგავსი პროექტების თბილისის სხვადასხვა რაიონში განხორციელებაა.

“დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს ტერიტორია გადმოგვეცა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას. ჩვენი მხრიდან ავიღეთ ვალდებულება, რომ აღნიშნულ პროექტს განვახორციელებდით. აღსანიშნავია, რომ პროექტი მოზიდული თანხებით ხორციელდება და სახელმფიწო ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ იხარჯება. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ საფეხბურთო კომპლექსი FIFA-ს FORWARD-ის პროგრამის თანადაფინანსებით შენდება. აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ფეხბურთისთვის, რადგან ვარკეთილში არსებული ყველა საფეხბურთო სკოლას, საშუალება ექნება სრულიად უფასოდ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.” - აღნიშნა სფფ-ს პრეზიენტმა.

კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი
📸 | GFF.GE

ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი. 

ამასთან ერთად სტადიონზე დამონტაჟდება 220-250 ლუქსიანი განათება. სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყობა ტექნიკური შენობა გასახდელებით და შესაბამისი სივრცეებით. სტანდარტულ მოედანთან ერთად საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე აშენდება მინი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი.

მშენებარე კომპლექსის მაკეტი
📸 | GFF.GE

 

კომენტარები

ბოლო ამბები