Thumbnail
  • საქართველოს და სამხრეთ კორეის ნაკრებებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიასთან თამაშისთვის რეპეტიციას სტამბოლში გაივლის
  • საქართველოს და სამხრეთ კორეის ნაკრებებს ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ

სამხრეთკორეული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. როგორც ირკვევა, შეხვედრა სტამბოლში 5 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ თამაშის ჩატარება პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ ბოლო დეტალები ზუსტდება. 

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო

ვლადიმირ ვაისის გუნდს, რომელიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოდის, უახლოესი ოფიციალური მატჩი 8 სექტემბერს, თბილისში, დანიის ეროვნულ ნაკრებთან უწევს. სამხრეთკორეელები კი, რომლებსაც წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი პაულო ბენტუ წვრთნის, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევისთვის ემზადება.

საქართველოს და სამხრეთ კორეის ნაკრებებს ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ. ამჟამად საქართველო ფიფას რეიტინგში 94-ე ადგილზეა, სამხრეთ კორეა კი, რომელიც რეგულარულად ხვდება მუნდიალებზე (ყატარი 2022 კორეელებისთვის ზედიზედ მეათე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება), რეიტინგში 37-ე პოზიციას იკავებს. 

პაულუ ბენტუ კორეელებს 2018 წლის ზაფხულიდან წვრთნის

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ევროპული გუნდი იქნება, რომელსაც პაულუ ბენტუს გაწვრთნილი კორეელები დაუპირისპირდებიან.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში D ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად დანიის გარდა, ირლანდიის, შვეიცარიისა და გიბრალტარის ნაკრებები ჰყავს. საქართველოს ნაკრებმა წელს ერთი ამხანაგური მატჩი მანამდე დაგეგმა - 19 ნოემბერს, სტუმრად ხორვატიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები