Thumbnail
  • დანიურ კლუბს ქართველი გარემარბის ხელსაყრელ ფასად გაყიდვა სურს
  • რანდერსის სპორტულმა დირექტორმა ლობჟანიძის მომავალზე ილაპარაკა
  • ფეხბურთელის მიზანი, შესაძლებლობების უფრო მაღალ დონეზე წარმოჩენაა    

დანიური რანდერსის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა საბა ლობჟანიძის მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა. ცნობილია, რომ 24 ქართველი გარემარბის გადაბირებით რამდენიმე კლუბი, მათ შორის დანიური გრანდი ბრონდბიუ და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კარლსრუე ინტერესდებიან.

რანდერსს ქართველი ფეხბურთელის ხელიდან იაფად გაშვება არ სურს

საბა ლობჟანიძე დანიურ კლუბში 2017 წლის ზაფხულში, თბილისის დინამოდან გადაბარგდა, კონტრაქტი კი 2020 წლის ივნისში უსრულდება. სორენ პედერსენი იმედოვნებს, რომ რანდერსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეძლებს ქართველი ლეგიონერის გასხვისებას, მაგრამ თუკი ეს ვერ მოხერხდება, ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდება. 

"საბა ლობჟანიძის გაყიდვაზე ამ ზაფხულს ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს ნაკრების შემტევი ჯერ ისევ რანდერსის მოთამაშეა. თუმცა, ვფიქრობ, რომ საბას გაყიდვას ამ ფანჯრის პერიოდშივე შევძლებთ, რადგანაც არაერთი კლუბია ამ ფეხბურთელით დაინტერესებული და ეს ჩვენს ინტერესებშიც არის. უბრალოდ, აქამდე არ მიგვიღია წინადადება, რომელიც დაგვაკმაყოფილებდა. გვინდა, საბაში ის თანხა მივიღოთ, რამდენადაც ფეხბურთელი გვიღირს".

საბა ლობჟანიძეს საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი

საბა ლობჟანიძეს, რომელმაც დანიური სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 2 გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება უკვე შეძლო, transfermarkt 800 ათას ევროდ აფასებს.

თუკი რანდერსი ქართველი ნახევარმცველის გაყიდვას ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერ მოასწრებს, საბას საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა, რადგან ეს მისი ბოლო სეზონია კლუბში, ზაფხულში კი ის თავისუფალი აგენტი გახდება. რა თქმა უნდა, ლობჟანიძის უფასოდ გაშვება რანდერსის ინტერესებში არ არის და სორენ პედერსენიც იმედოვნებს, რომ ასეთ შემთხვევაში ქართველთან და მის აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მოახერხებენ.

რანდერსის ფანატებში საბა განსაკუთრებით პოპულარულია

"ამაზეც ვთათბირობთ. საბასა და მისი აგენტისთვის პრიორიტეტული კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა და შესაძლებლობების უფრო მაღალ დონეზე გამოცდაა. ჩვენი სურვილია, ამაში დავეხმაროთ მას, მაგრამ თუ ტრანსფერი არ შედგება, იმედი მაქვს, შევძლებთ უფრო ხანგრძლივ კონტრაქტზე შეთანახმებას", - აქვეყნებს პედერსენის ნათქვამს amtsavisen.dk.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები