Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 29 წლის ფორვარდი შესაძლოა ისევ იტალიაში დარჩეს
  • ლევან მჭედლიძის დამატებით სერია B-ში აღზევებული ტრაპანი ინტერესდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის ფორვარდის ლევან მჭედლიძის დამატებით კიდევ ერთი იტალიური კლუბი ინტერესდება. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ამ ზაფხულს ემპოლის დაემშვიდობა და თავისუფალი აგენტია, შესაძლოა სერია B-ში წელს  აღზევებულ ტრაპანიში აღმოჩნდეს.

telesudweb-ის ინფორმაციით, სიცილიელებს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურთ და ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ მჭედლიძეა. 

სიცილური კლუბის ფანატებმა  შესაძლოა ლევან მჭედლიძესაც უქომაგონ

2006 წლის ზაფხულში, ემპოლის პრიმავერას გუნდში 16 წლის ასაკში მისული ლევან მჭედლიძე ტოსკანურ კლუბს 13 წლის შემდეგ, ამ ზაფხულს დაემშვიდობა. იქამდე იყო სულ ორი თამაში გორის დილას რიგებში, მერე კი იჯარა 2008-2010 წლებში პალერმოში (11 თამაში, 1 გოლი). ქართველმა ცენტრფორვარდმა, რომელსაც შესაძლებლობის გამოვლენაში ხელი ქრონიკულმა ტრავმებმა მნიშვნელოვნად შეუშალა, იტალიის ჩემპიონატებსა (სერია A & B) და თასზე ჯამში 163 თამაშში 20 გოლი გაიტანა.

ლევანის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 32 მატჩი, 2 გოლი და 5 საგოლე პასია

სერია A-ს 2018/19 წლების სეზონში ლევან მჭედლიძემ სულ 12 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ფეხბურთელს ემპოლისთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ის აღარ გაგრძელდა. შედეგად, მჭედლიძე თავისუფალი აგენტი გახდა.

იტალიის რანგით მეორე ლიგის 2019/20 წლების სეზონი სტარტს 23 აგვისტოს აიღებს. ტრაპანი, რომელსაც ფრანჩესკო ბალდინი წვრთნის, 24-ში სტუმრად ასკოლის დაუპირისპირდება.

ცოტა ხნის წინ ლევან მჭედლიძეს სერია B-ს სხვა გუნდს - კოზენცასაც უკავშირებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები