Thumbnail
  • ჩელსის ფანების პანიკა ჯერ ადრეა
  • აი, წარმატებული მწვრთნელები, რომლებსაც ასევე ცუდი სტარტი ჰქონდათ

ფრენკ ლამპარდის სამწვრთნელო დებიუტი ლონდონის ჩელსიში რთული აღმოჩნდა. ლამპარდის წინააღმდეგ ბევრი ფაქტორი მოქმედებს: რთული კალენდარი, ტრავმები, ჩავარდნილი სატრანსფერო ფანჯარა და ვერგამოყენებული მომენტები. ჯერ მანჩესტერთან 0-4, შემდეგ პენალტებში წაგებული სუპერთასი და ლესტერთან ვერმოგებული შეხვედრა 'სტემფორდ ბრიჯზე'.

ამის მიუხედავად, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ამ სიაში თქვენ ნახავთ დიდ მწვრთნელებს, რომლებმაც ასევე ძალიან ცუდად დაიწყეს, თუმცა შემდეგ...

1. სერ ალექს ფერგიუსონი

პირველი და ალბათ ყველაზე ცნობილი მაგალითი სერ ალექს ფერგიუსონს უკავშირდება. მას მანჩესტერში იმდენად რთული სტარტი გამოუვიდა, რომ ძალიან ახლოს იყოს გაგდებასთან.

1986 წელს, ფერგიუსონმა თავისი სადებიუტო მატჩი ოქსფორდთან წააგო, ანგარიშით 2:0. ოქსფორდი ინგლისური ფეხბურთის გრანდებს შორის, რბილად რომ ვთქვათ, არასოდეს ყოფილა და გამონაკლისი არც 80-იანი წლები იყო. დღეს ეს გუნდი საერთოდაც კონფერენს დივიზიონში თამაშობს. ფერგიუსონს კი დებიუტი ჯონ ოლდირჯმა და ნილ სლეიტერმა ჩაუმწარეს - იყვნენ ასეთი ფეხბურთელებიც.

2. ხოსეპ გვარდიოლა

როცა პეპ გვარდიოლა ბარსაში მივიდა, არავინ ვიცოდით, რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა. უფრო მეტიც: ალბათ სკეპტიციზმი ჭარბობდა. გვარდიოლას სადებიუტო შეხვედრა მახსოვს - ნუმანსიასთან გასვლაზე ბარსა ბევრს უტევდა, ტოტალური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მესიმ და ეტო'ომ მხოლოდ ძელს გაარტყეს, ნუმანსიას მარიომ კი გაიტანა და მარცხი 0:1.

გვარდიოლას სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მეორე თამაშის შემდეგ. 'კამპ ნოუზე' ბარსა რასინგს მასპინძლობდა, უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იყო, თუმცა ბურთს კარში შესვლა ჯიუტად არ უნდოდა და მხოლოდ მოკრძალებული ფრე 1:1. ეს იყო მომენტი, როცა გვარდიოლას დანიშვნა არცთუ ისე ჭკვიანურად გამოიყურებოდა.

3. იუპ ჰაინკესი

იუპ ჰაინკესის ბაიერნმა ყველაფერი მოიგო - ეს იყო შეუჩერებელი გუნდი 2012-2013 წლების სეზონში. ალბათ ყველა გულშემატკივარს ჰქონდა განცდა, რომ ამ გუნდის დამარცხება შეუძლებელი იყო.

თუმცა, ეს ისტორია სულ სხვანაირად დაიწყო. ჰკითხეთ გერმანული ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივარს და გეტყვით, რომ მიონხენგლადბახის ბორუსია ძალიან თავისებური გუნდია - ანუ, კარგად რომ ავხსნა, საშუალო გუნდი, რომელსაც გრანდების გამწარება უყვარს და ეხერხება. ჰაინკესის პირველივე თამაშში, 2011 წელს, მიუნხენს სწორედ მიონხენგლადბახის ბორუსია ეწვია. მანუელ ნოიერის უხეში შეცდომა, გამოუყენებელი მომენტები და ბაიერნი 0:1 დამარცხდა.

4. ბრენდან როჯერსი

ბრენდან როჯერსის ლივერპული ძალიან კარგი გუნდი იყო და რომ არა ჯერარდის მოსრიალება „ენფილდზე“ იმ საბედისწერო მატჩში, ნანატრი ჩემპიონობით ლივერპულის ფანების მრავალწლიან მოლოდინს სწორედ ლუის სუარესი და კომპანია დაასრულებდა. თუმცა, როჯერსის დასაწყისი რთული გამოდგა - მას ინგლისში სახელი ჰქონდა გავარდნილი, როგორც კაცს, რომელიც თავის გუნდს ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს.

კომბინაციური ფეხბურთი არ ვიცი, მაგრამ სადებიუტო მატჩში ვესტ ბრომვიჩმა უბრალოდ გადაურბინა როჯერსის ლივერპულს. ლუკაკუს პირველი პრემიერლიგური გოლი და 3:0. დღეს ლივერპულის ფანობას სალაჰის და ფირმინოს იმედი მაქვს, მაშინ კი როჯერსის გუნდში ფაბიო ბორინი, ჯო ალენი, მარტინ კელი და სტიუარტ დაუნინგი თამაშობდნენ. მოკლედ, პროგრესი აშკარაა.

5. რობერტო მანჩინი

ტრადიციულად ყველგან, სადაც წარუმატებლობა, იმედგაცრუება და უიღბლობაა, იქ არის მილანის ინტერის სახელი. რობერტო მანჩინიმ მოახერხა და კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ, პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ინტერს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა მოუტანა, თუმცა მისი სტარტი ძალიან რთული აღმოჩნდა.

მანჩინის ინტერმა პირველი 13 თამაშიდან 11 ფრე ითამაშა. ამ სერიის რამდენიმე თამაში დღემდე მახსოვს - მაგალითად ბოლონიასთან 2:2 სან სიროზე - ინტერი აუხსნელი ძალით ახერხებდა გოლების ყველა სიტუაციაში გაშვებას.

6. ვისენტე დელ ბოსკე

ვისენტე დელ ბოსკე ძალიან დიდი კაცია. ჯერ მისმა რეალმა, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებმმა ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც ფეხბურთში შეიძლებოდა. თუმცა, დელ ბოსკეს სტარტი კარგს არაფერს მოასწავებდა. მან ძალიან პრობლემური რეალი შუა სეზონში ჩაიბარა და იქამდე, სანამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებდა, თავისივე მეორე მატჩი გასვლაზე დათმო, აი თავის მესამე შეხვედრაში კი ნამდვილად „ისტორიულ“ შედეგს მიაღწია - 'ბერნაბეუზე' 1:5 მარცხი სარაგოსასთან. რამდენიმე სარაგოსელი მინახავს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და ისინი ფეხბურთზე ლაპარაკს ყოველთვის ამ თამაშიც იწყებენ.

სარაგოსას სავო მილოშევიში (იყო ასეთი თავდამსხმელიც. სხვათა შორის ძალიან კარგად თამაშობდა თავით) რეალის მცველებს ისე უსწორდებოდა, როგორც სულ ცოტა ხნის შემდეგ რაული-რონალდოს დუეტი რეალის მეტოქეებს.

7. იურგენ კლოპი

იურგენ კლოპი „ენფილდმა“ დანიშვნის დღიდან შეიყვარა. თავიდანვე ჩანდა, რომ კლოპი ლივერპულის კაცი იყო - თავისი ენერგიით, ქარიზმით, ემოციით და ენერგეტიკით. თუმცა, კლოპის ენფილდური დებიუტი რთული აღმოჩნდა - დღეს ეს სტადიონი კლოპის ციხე-სიმაგრეა, „წითლები“ აქ ყველაფერს იგებენ - მაშინ კი, პირველი ორი ენფილდური შეხვედრა საუთჰემტონთან და კრისტალ პალასთან იყო და მხოლოდ 1 ქულა აიღო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები