Thumbnail

კავანი და მისი ახალი გუნდი MLS-ს ერთად დაიწყებენ - ურუგვაელი ბექჰემთან მიდის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 'გაძეტა' ამტკიცებს, რომ ბექჰემმა პირველი დიდი ტრანსფერი განახორციელა
  • ედინსონ კავანი ინტერ მაიამის სეზონის ბოლოს შეუერთდება

La Gazzetta dello Sport-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენის ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს, ის ინტერ მაიამის პირველი დიდი შენაძენი იქნება.

გაზეთის რეპორტიორის, ნიკოლო შირას ცნობით, 32 წლის ფორვარდი ამერიკაში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა და დევიდ ბექჰემის (ინგლისელი კლუბის თანამფლობელია) კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. კავანის სეზონის ბოლოს ეწურება კონტრაქტი პსჟ-სთან და ის მის გახანგრძლიებას არ აპირებს, არც პარიზული კლუბია მისი შენარჩუნებით დიდად დაინტერესებული. 

MLS-ის ახალი ფრენჩაიზი ჩემპიონატში 2020 წლიდან ჩაებმება. მედიას თუ დავუჯერებთ, გუნდში ბევრი საინტერესო ტრანსფერია მოსალოდნელი, ბექჰემს ამბიციური გეგმები აქვს. ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ უკვე დაითანხმა რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკიდან, თუმცა მან ვერ დაარწმუნა ლუის სუარესი ინტერ მაიამიში გადასულიყო. 

ინტერ მაიამიში უკვე განაცხადეს, რომ კლუბის პოლიტიკა ახალგაზრდული გუნდის შექმნა იქნება, თუმცა მათთან ერთად რამდენიმე გამოცდილი ვეტერანიც ითამაშებს. 

ედინსონ კავანიმ ახლახან დაწყებულ ლიგა 1-ში 2 თამაშში 2 გოლი გაიტანა პსჟ-ს მაისურით. ინტერ მაიამი 2018 წლის დასაწყისში დაარსდა, გუნდში ოფიციალურად ჯერ მხოლოდ სამი ფეხბურთელი ირიცხება - ვენესუელელი კრისტიან მაკუნი და ორი არგენტინელი ტალანტის იჯარა შეთანხმებულია (კარანსა, პელეგრინი) არგენტინულ ბანფილდთან და ესტუდიანტესთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები