Thumbnail

ფეხბურთი სპორტის ყველაზე მასობრივი სახეობაა - შესაბამისად ძალიან ემოციურიც. წარმოგიდგენთ ქართველი ფეხბურთელების 5 დასამახსოვრებელ ემოციას - სიხარულის გამოხატვის 5 გამორჩეულ ვერსიას ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 

ვიტალი დარასელია

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც არა მარტო მისმა ავტორმა ვიტალი დარასელიამ, არამედ მთელმა საქართველომ ალბათ ყველაზე ემოციურად იზეიმა. თანაც, გოლი ძალიან ეფექტური გამოვიდა - დარასელიამ ბურთი ყიფიანისგან, იენის კარლ ცაისის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ორი მცველი მოატყუა და მეკარე ჰანს-ულრიხ გრაპენთინს ახლო კუთხეში გაუტანა. შესაბამისად, სიხარულიც განსაკუთრებული იყო - 87-ე წუთზე გატანილი გოლით დინამო დაწინაურდა და ცხადი გახდა, რომ ეს დარტყმა თბილისურ კლუბს ევროპის თასების მფლობელთა თასს მოუტანდა.

ლევან კობიაშვილი და დავით მინაშვილი

ლევან კობიაშვილის გოლი, რომელიც მან 2011 წლის 26 მარტს ხორვატიის ნაკრების კარში გაიტანა და რომლითაც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა სლავენ ბილიჩის ძალიან ძლიერ ხორვატიას 1:0 მოუგო, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ გოლით საქართველომ ფავორიტი ხორვატია დაამარცხა. კიდევ იმიტომ, რომ კობიმ გოლი მატჩის 90-ე წუთზე გაიტანა. მაგრამ ამ გოლის ემოციურობაში განსაკუთრებული წვლილი აქვს სპორტულ კომენტატორ დავით მინაშვილს - არც მანამდე და არც მას შემდეგ, ქართველი კომენტატორის ასეთი განსაკუთრებული და თანაც აბსოლუტურად გულახდილი ემოცია არ გვახსენდება. კობიაშვილის გოლი ხორვატიის ნაკრების კარში ყოველთვის მინაშვილის კომენტარით უნდა ნახოთ.

თემურ ქეცბაია

ის, რაც თემურ ქეცბაიამ 1998 წელს, ბოლტონის კარში ბოლო წუთზე გატანილი, გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ გააკეთა, სიხარულის გამოხატვის საკმაოდ უჩვეულო ფენომენია. თემური გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ ათამაშებდნენ. გოლის შემდეგ ჯერ მაისური გაიხადა, შემდეგ ბუცის გახდა სცადა, მაკდონალდსისა და ადიდასის სარეკლამო ბანერებს ფეხი ურტყა, თანაგუნდელს ხელი ჰკრა… ქეცბაიას ემოციური ზეიმი ნიუკასლის ფანებს არასდროს დაავიწყდებათ.

შოთა არველაძე

შოთა არველაძე დღემდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (60 მატჩი, 27 გოლი). დღეს უკვე ტაშკენტის ფახთაქორის მთავარ მწვრთნელს, კარიერაში ბევრი განსაკუთრებული გოლი აქვს გატანილი. მათ შორის, შოტლანდიის ნაკრების კარში გატანილი გოლი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. 2007 წლის 24 მარტს, კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილი ნაკრები გლაზგოში, შოტლანდიასთან 1:2 დამარცხდა. პირველი ტაიმის მიწურულს, არველაძემ გიორგი დემეტრაძის ჩაწოდების შემდეგ, ძალზე ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. შოთა იმ დროს უკვე ჰოლანდიური ალკმაარის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მანამდე გლაზგოს რეინჯერსში თამაშობდა, რის გამოც შოტლანდიელი გულშემატკივრების წინაშე გოლის აღნიშვნა არ სურდა, მაგრამ ემოცია ბოლომდე მაინც ვერ შეიკავა. შედეგად, სიხარულის აი, ასეთი საინტერესო გამოხატვა მივიღეთ.

ზაზა ჯანაშია

ზაზა ჯანაშიას საქართველოს ნაკრებში სულ 9 მატჩი და 4 გოლი აქვს. მათ შორისაა რუსეთთან ამხანაგურ მატჩში (1:1) გატანილი გოლიც. მისი სანაკრებო კარიერიდან გოლებზე მეტად ჰოლანდიელ მწვრთნელ იოჰან ბოსკამპთან სკანდალი გვახსენდება. რუსეთის ჩემპიონატში ჯანაშია გაცილებით წარმატებული იყო. მეტიც: მას 90-იანი წლების რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევენ და ბევრი იმ დროის ნომერ პირველ გოლეადორსაც უწოდებს. ჯანაშია გოლებს “სალტოებით” აღნიშნავდა, კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი კი 1999 წელს, თასების თასის ნახევარფინალში, რომის ლაციოს გაუტანა. ზაზა ლუკა მარკეჯანისთან პირისპირ გავიდა, ლაციოს მეკარეს გასცდა და ანგარიში გახსნა. ტრადიციულ “სალტოს” ძალიან ემოციური აღნიშვნა მოჰყვა. ამ მატჩის (1:1) შემდეგ ამბობდნენ, რომ ლაციოს ჯანაშიას გადაბირება სურდა...

კომენტარები

ბოლო ამბები