Thumbnail

'ქომაგის მხარდაჭერა მოტივაციას მმატებს' - ბურჯანაძე გრან კანარიას შეუერთდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბექა ბურჯანაძე ახალ სეზონში გრან კანარიას ღირსებას დაიცავს
  • 25 წლის კალათბურთელი მზადებას მოტივირებული იწყებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ახალ გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას იწყებს. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფორვარდმა, რომელიც ბოლოს გიპუსკოას ღირსებას იცავდა, ისევ ესპანეთში დარჩა - ამ ზაფხულს კონტრაქტი გრან კანარიასთან გააფორმა, რომლის ღირსებას 2 წლის განმავლობაში დაიცავს.

ბექა გრან კანარიას ღირსებას 23-ნომრიანი მაისურით დაიცავს

ახლახან ბურჯანაძე ახალ კლუბში გამოცხადდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მზადებასაც დაიწყებს. ბექამ შთაბეჭდილებები გრან კანარიას პრესსამსახურს გაუზიარა. 

"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ენთუზიაზმით აღსავსე ვარ და ერთი სული მაქვს, როდის გავივლი სამედიცინო შემოწმებას და დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშს. ვიცი, გრან კანარიას მიზნების შესახებ და ვხედავ, რომ ჩემს თანაგუნდელებს დიდი ამბიციები აქვთ. იმედია, ტრავმებს ავირიდებთ და ჯანმრთელობაც ხელს შეგვიწყობს, თავდაუზოგავი შრომით კი მივაღწევთ იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გვაქვს".

ბექას გრან კანარიის გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს:

"იმედი მაქვს, პირველი დღიდანვე მოვიპოვებ ქომაგების მხარდაჭერას, რომელიც მოტივაციას კიდევ უფრო შემმატებს. ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ..."

ბექა ბურჯანაძის კარიერა მთლიანად ესპანეთთან არის დაკავშირებული, სადაც 2011 წლიდან გამოდის. ქართველი კალათბურთელი თამაშობდა სევილიაში, ლეიმა კორუნიაში, ანდორაში, ბოლო სეზონი კი გიპუსკოაში გაატარა, სადაც საშუალოდ 11,2 ქულას და 5,8 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება ბექას ახალ კლუბს, გრან კანარიამ ACB ლიგის გასულ სეზონში რეგულარული ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა. გუნდი ახალ ჩემპიონატს 27 სექტემბერს, სარაგოსასთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები