Thumbnail

'მუშაობაა საჭირო, რომ გოლი გაიტანო' - ზურიკო დავითაშვილისთვის მთავარი გუნდია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველების რუბინმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ტული არსენალს სძლია
  • ამ მატჩში დავითაშვილი რუსეთის ჩემპიონატში პირველი გოლის გატანასთან ახლოს იყო
  • ყაზანელთა ქართველმა ნახევარმცველმა თამაშის შემდეგ მედიის შეკითხვებს უპასუხა

ქართველი ლეგიონერებით მდიდარმა ყაზანის რუბინმა რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში შინ ტულის არსენალი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0) და წაგებათა ორმატჩიანი სერია შეწყვიტა, თამაშის შემდეგ კი რუსულ მედიას ზურიკო დავითაშვილმა მცირე ინტერვიუ მისცა.

რუბინის შემადგენლობაში 68-ე წუთამდე ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, ბექა მიქელთაძე კი მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა. სტუმართა დაცვის ხაზში სრული მატჩი ჩაატარა გია გრიგალავამ.

რაც შეეხება დავითაშვილს, ზურიკომ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, პირველ ტაიმში კი გოლის გასატანად სულ ცოტა დააკლდა. 30-ე წუთზე მან ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ მძლავრად დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. 

📺 დავითაშვილის დარტყმა და ხარიხა 

ზურიკო, როგორ მიდის რუსული ენის შესწავლის საქმე?

დამოუკიდებლადაც ვემზადები და მასწავლებელთანაც. სადღაც თვენახევარში შემეძლება ინტერვიუ რუსულ ენაზე მოგცეთ. ყველაფერი კარგად იქნება. ცოტ-ცოტას უკვე ვსაუბრობ რუსულად, მაგრამ სახალხოდ გამოსვლა ჯერ მერიდება.

რუბინში გატანა ორმა ქართველმა უკვე მოასწრო, თქვენგან როდის ველოდოთ გოლებს? 

მეც მინდა, რომ გავიტანო, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა მოიგო. გუნდისთვის ვთამაშობ. 

დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში შედეგიანი მოქმედებით ჯერ ვერ გამოირჩა

ბექა და ხვიჩა არ დაგცინიან, რომ მათ უკვე გაიტანეს, შენ კი არა?

არა (იცინის), ჩვენში ასეთი რამ არ ხდება. ერთი ოჯახივით ვართ, გვახარებს ერთმანეთის წარმატება.

პირველ ტაიმში ხარიხას მოარტყით...

დავუმიზნე და ვიფიქრე, გავიტანდი, მაგრამ არ გამოვიდა. მუშაობაა საჭირო, რომ კარში შეაგდო.

ფიზიკურად მზად ხართ მთელი მატჩის სათამაშოდ?

სეზონის დასაწყისში გამიჭირდა, ახლა კი ვგრძნობ, რომ ენერგია 90 წუთს მყოფნის.

18 წლის ქართველი ყაზანელ გულშემატკივრებში უკვე ძალიან პოპულარულია

ტულის არსენალთან გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში რუბინისთვის მესამეა. 6 ტურის შემდეგ გუნდს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო ტურში, 25 აგვისტოს, ყაზანელები სტუმრად როსტოვს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები