- გარეთ ბეილმა სელტასთან 75 წუთი ითამაშა
- უელსელმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ზიდანმა მისი გაყიდვა გადაიფიქრა
ცოტა ხნის წინ, მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გარეთ ბეილი ‘სამეფო კლუბს’ აუცილებლად დატოვებდა და დაამატა, ეს რაც მალე მოხდება, ყველასათვის მით უკეთესიო. ზიზუს ეს განცხადება დასტური იყო იმისა, რომ უელსელი რეალში აღარავის სჭირდებოდა.
მაგრამ როგორც ჩანს, ბეილში არავინ იხდის ისეთ თანხას, რაც რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს. შესაბამისად, ზიდანი მის შენარჩუნებაზე დაფიქრდა, ბეილი ვიგოს სელტასთან ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და ამ უკანასკნელმაც იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მატჩის შემდეგ ზიზუმ ოფიციალურად დაადასტურა: ბეილი რჩება!
“დიახ, ის დარჩება. ჩვენ ახლა მხოლოდ ამ სეზონზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და მეტზე აღარაფერზე. ედენ აზარის ტრავმა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ამას ამის გამო არ ვამბობ. ბეილი, ხამეს როდრიგესი და სხვები - ყველანი დარჩებიან,” - განაცხადა ფრანგმა სელტასთან მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ, რომელშიც ბეილმა საგოლე პასი გააკეთა და საკმაოდ კარგად ითამაშა.
სელასთან უელსელს რეალის ძირითად შემადგენლობაში თითქმის არავინ ელოდა. აღსანიშნავია, რომ 30 წლის უელსელს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.
ბეილი ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმაც შეაქეს. გაზეთი AS წერს, უელსელი იმდენად კარგად გამოიყურებოდა, თითქოს ახალწვეულიაო. “გარეთ ბეილმა სელტასთან ტოპ-ფეხბურთი ითამაშა. ასეთი ბეილი რეალს დიახაც სჭირდება!” - ვკითხულობთ ‘მარკაში’.
📺 ვიდეო: ასე ითამაშა გარეთ ბეილმა სელტასთან
კომენტარები