Thumbnail
  • ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის შემდეგ მიუნხენში ყველა კმაყოფილია
  • რეკორდმაისტერის პრიორიტეტი ახლა მარიო მანჯუკიჩია
  • ლეროი სანეს ტრანსფერი საბოლოოდ გამოირიცხა

მიუნხენის ბაიერნმა სეზონი ორი ქულის დაკარგვით დაიწყო, მაგრამ შაბათს და კვირას ბავარიულ გრანდში და მის გარშემო, ჰერტასთან 2:2-ზე აღარავინ ლაპარაკობდა, რაც ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის დამსახურებაა.

რეკორდმაისტერმა 27 წლის ბრაზილიელი შემტევი ბარსელონადან იჯარით გადაიბირა და კოუტინიო გახდა პირველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში, რომლის ფასიც 100 მილიონ ევროზე მეტია. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ბარსელონამ ლივერპულიდან 145 მილიონ ევროდ შეიძინა, რის შედეგადაც, კოუტინიო ნეიმარის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

კოუტინიო ბაიერნსაც ძვირი უდჯება: მარტო იჯარისთვის რეკორდმაისტერმა კატალონიურ გრანდს 20 მილიონი ევრო გადაუხადა. ამასთან, ბავარიელებმა მიიღეს მისი შესყიდვის უპირატესი უფლება და ამ ოფციის გამოყენების შემთხვევაში, გაისად ბარსას 120 მილიონი უნდა გადაუხადონ.

“ეს მთელი ბუნდესლიგისთვის ძალიან დიდი ამბავია. კოუტინიო განსაკუთრებული მოთამაშეა და სიგიჟეების გაკეთება შეუძლია, - აცხადებს ჰერტას ფეხბურთელი მარკო გრუჯიჩი, რომელიც ლივერპულში კოუტინიოსთან ერთად იყო, - მე მასთან ერთად ყველა ვარჯიში მსიამოვნებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება!”

ბარსელონასთან შეთანხმება ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ პირადად სრულყო: “როცა საქმე ბევრ ფულს ეხება, მეც უნდა ჩავერიო, სხვანაირად არ ხდება,” - განაცხადა მან. მართალია, ბარსელონაში მოლაპარაკებებზე სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩიც იმყოფებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბოლო დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, არცერთი ტრანსფერი არ გამოუვიდა და ახლა რუმენიგემ გადაწყვიტა, რომ პირადად ეწარმოებინა მოლაპარაკებები.

“ბარსელონას პრეზიდენტთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შესაძლოა, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა,” - აცხადებს ბაიერნის კმაყოფილი შეფი.

“ფილიპე კოუტინიო ტოპ-ფეხბურთელია. აი, სწორედ ასეთი მოთამაშე გვჭირდებოდა. მას შეუძლია, ტიტულები მოგაგებინოს,” - ეს რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებია, რომელსაც მანუელ ნოიერიც იზიარებს.

რობერტ ლევანდოვსკი კმაყოფილია

კოუტინიოს ტრანსფერი ბაიერნისთვის განსაკუთრებით კარგი იმიტომაა, რომ ბრაზილიელს წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში - ძლიერია როგორც ორივე ფლანგზე, ისე გამთამაშებლის რანგშიც. მას საკმაოდ ხშირად გაჰქონდა გოლები არიენ რობენის სტილში - ოღონდ არა მარჯვენა, არამედ მარცხენა ფლანგიდან.

კოუტინიოს იჯარით ბაიერნის ტრანსფერები არ მთავრდება. გერმანული სპორტული მედია წერს, რომ რეკორდმაისტერის მიზანი ახლა იუვენტუსიდან მარიო მანჯუკიჩის გადაბირებაა. 33 წლის ხორვატი ბაიერნში ლევანდოვსკის შემცვლელი უნდა იყოს. მიუნხენელებს ასეთი კლასის თავდამსხმელი სჭირდებათ, რადგან პოლონელი გუნდში ერთადერთი ნომინალური ცენტრფორვარდია.

ბაიერნის მიზანი ახლა მარიო მანჯუკიჩია

მანჯუკიჩს იუვესთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი ფასი ახლა დაახლოებით 10 მილიონი ევროა. აი, ლეროი სანეს ტრანსფერი კი რუმენიგემ უკვე საბოლოოდ გამორიცხა: “ჩვენ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მყესების გაწყვეტა და რამდენიმეთვიანი ტრავმა!” - თქვა მან.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები