Thumbnail

ჯოკოვიჩის მარცხი მედვედევთან - ნოლე ცინცინატის მასტერსს დაემშვიდობა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატის მასტერსზე ტიტული ვერ შეინარჩუნა
  • სერბმა ნახევარფინალში, რუს დანიილ მედვედევთან წააგო

ცინცინატის მასტერსს წელს ახალი გამარჯვებული ეყოლება - მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. აშშ-ის ღია პირველობის წინ, ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე, სერბი ნახევარფინალში, რუს დანიილ მედვედევთან სამ სეტში, 6:3, 3:6, 3:6 დამარცხდა.

მედვედევისთვის, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა, ეს ბოლო ორ კვირაში მესამე ფინალი იქნება. წინა ორი ფინალი რუსმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსთან (ვაშინგტონი) და რაფაელ ნადალთან (მონრეალის მასტერსი) დათმო. 23 წლის მედვედევი 6,7-მილიონდოლარიანი ტურნირის ფინალში ბელგიელ დავიდ გოფენს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ფრანგ რიშარ გასკეს 6:3, 6:4 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მედვედევს და გასკეს 1000-იანი ტურნირი არასდროს მოუგიათ.

“არ ვიცი, როგორ შევძელი ამ თამაშის შემოტრიალება. პირველი სეტის შემდეგ იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ვფიქრობდი, ეს შეუძლებელი იყო. მსოფლიოს პირველი ჩოგნის დამარცხება შესანიშნავი გრძნობაა. ეს ადასტურებს, რომ ფინალში გასვლა დავიმსახურე,” - განაცხადა მედვედევმა, რომელმაც ბოლო 19 დღეში მე-17 მატჩი ჩაატარა.

მედვედევს 1000-იანი ტურნირი არასდროს მოუგია

ჯოკოვიჩისთვის ეს უიმბლდონზე მოპოვებული მეხუთე გამარჯვების შემდეგ, პირველი ტურნირი იყო. 32 წლის ნოლემ შარშან ცინცინატის მასტერსი მოიგო და გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც ყველა მასტერსი მოგებული აქვს.

📺 ვიდეო: ნახევარფინალური მატჩების მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები