Thumbnail

მაკრატელა და საგოლე პასი დებიუტში - ნიკა ქუთათელაძე სპარტაკის ფეხბურთელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას მოსკოვის სპარტაკში გააგრძელებს. 18 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, მოსკოვური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

სპარტაკმა ქუთათელაძის დამატების შესახებ 17 აგვისტოს გამოაცხადა და ამავე დღეს ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა კლუბის მაისურით სადებიუტო მატჩიც ჩაატარა - სპარტაკის ახალგაზრდულ გუნდში.

სპარტაკის მეტოქე რუსეთის ახალგაზრდულ პირველობაზე ცსკა იყო (2:1), რომელთანაც ნიკა საგოლე პასით და ეფექტური "მაკრატელა" დარტყმით გამოირჩა.

ქუთათელაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67-ე წუთამდე დაჰყო. პირველი ტაიმის მიწურულს 18 წლის ქართველი ეფექტური დარტყმით გატანას კუთხურის შემდეგ ცდილობდა, თუმცა ცსკა-ს მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო.

ქუთათელაძემ თავად ვერ გაიტანა, მაგრამ სპარტაკის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო. 63-ე წუთზე ნიკამ მეკარე მოატყუა და ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფ ნიკიტა მიროშნიჩენკოს დაუგორა, რომელსაც გატანა არ გასჭირვება. 

📺 ქუთათელაძის მაკრატელა და საგოლე პასი (1:26:50-იდან)

ნიკოლოზ ქუთათელაძემ ფეხბურთის თამაში პრაღის სპარტას სკოლაში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი ლილის აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პარი სენ-ჟერმენის სისტემაში ვარჯიშობდა.

ქუთათელაძე შარშან შემოდგომით მახაჭყალის ანჟიში ჩაირიცხა, მაგრამ დაღესტნურ გუნდში მაინც ვერ ითამაშა, რისი მიზეზიც კლუბისთვის ახალწვეულების რეგისტრაციაზე აკრძალვა იყო. საბოლოოდ, ნიკოლოზი ანჟის დაემშვიდობა და კიევის დინამოში სცადა გადასვლა, მაგრამ ტრავმა მიიღო და შეთანხმება არ შედგა.

კომენტარები

ბოლო ამბები