Thumbnail

ოქსანა კალაშნიკოვას WTA-ს მეშვიდე ფინალი და +9 რეიტინგში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვამ WTA-ს ტურნირის ფინალში მეშვიდედ ითამაშა.
  • ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელ მეწყვილესთან ერთად 180 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც წლებია მხოლოდ წყვილთა თანრიგში გამოდის, კარგად იასპარეზა WTA-ს მორიგ ტურნირში, ტაიპეიში ტაივანის ღია პირველობაზე. 

ტაივანის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 226 ათასი ამერიკული დოლარია.

ოქსანა კალაშნიკოვა იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად თამაშობდა. როგორც იცით, კალაშნიკოვა და ჰიბინო ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც პირველ ნომრად განთესილებს, მასპინძელ ჰაო-ჩინს ჩანს და უნგრელ ტიმეა ბაბოშს შეხვდნენ. ქართულ-იაპონურმა დუეტმა იოლად იმარჯვა - 6:2, 6:2 და ფინალში სეტის წაუგებლად გააღწია. 

ფინალში მათი მეტოქეები ჩინელები, ინ-ინ დუანი და იაფან ვანგი იყვნენ. სამწუხაროდ, ოქსანამ ტიტული ვერ მოიპოვა, დაძაბულ ბრძოლაში ქართულ-იაპონური წყვილი 6:7 (4:7), 6:7 (5:7) დამარცხდა.

ოქსანა კალაშნიკოვა: "სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ მიზანს და ტიტული ვერ მოვიგეთ. მეტოქეებმა ძალიან კარგად ითამაშეს. მადლობა პარტნიორს, ტაივანში ძალიან კარგი საჩოგბურთო გამოცდილება მივიღე".

27 წლის ქართველი ახლა ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ტალინში ფედერაციის თასზე ითამაშებს.
კალაშნიკოვას WTA-ს ტურნირების ფინალებში 7-ჯერ უთამაშია, აქედან 4-ჯერ ტიტული მოიგო. 

კალაშნიკოვას ტიტულები WTA-ს ტურში

2013 - ბაქოს თასი (აზერბაიჯანი)

2015 - ბუქარესტ ოუფენი (რუმინეთი)

2016 - როსმალენი (ჰოლანდია)

2017 - ლეიდის ოუფენი (უნგრეთი)

ფინალები

2014 - ისტანბულ კაპი (თურქეთი)

2017 - ტაშკენტ ოუფენი (უზბეკეთი)

2018 - ტაივან ოუფენი (ტაივანი)

ტაივანში კარგი თამაშის წყალობით ოქსანა კალაშნიკოვა 1325 ქულით მსოფლიოს 54-ე ჩოგანი გახდა წყვილებში. ერთ კვირაში მან 9 საფეხურით წაიწია წინ. ავსტრალიის ღია პირველობიდან მოყოლებული კი ოქსანა 18 საფეხურით დაწინაურდა. კალაშნიკოვას საუკეთესო მაჩვენებელი 43-ე ადგილია (2016 წლის ივნისი).

კომენტარები

ბოლო ამბები