Thumbnail

ტრანსფერები | ვიდალს კიდევ ერთი მსურველი ჰყავს - საინტერესო ვარიანტი ბარსასთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა პარი სენ-ჟერმენში გააგრძელოს
  • ერნესტო ვალვერდეს 32 წლის ჩილელი ფეხბურთელი გუნდში აღარ სჭირდება
  • არტურო ვიდალის გადაბირებაზე მილანის ინტერში კარგა ხანია ფიქრობენ

ბარსელონა ჯერ კიდევ ფიქრობს თავისი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის გასხვისებაზე. ჩილელი ფეხურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს 20 მილიონი ევროს მიღება სურთ.

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა 2019/20 წლების სეზონის ლა ლიგა ბილბაოს ატლეტიკთან სტუმრად 0:1 წაგებული მატჩით დაიწყო. ჩილელი მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა.

როგორც ჩანს, ერნესტო ვალვერდეს არტურო აღარ სჭირდება

ცნობილია, რომ 32 წლის ნახევარმცველის მთავარი მსურველი მილანის ინტერია, რომელიც ბარსელონასთან ტრანსფერზე ზაფხულის დასაწყისიდან თათბირობს. ნერაძურის ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ვიდალთან ერთად ჯერ კიდევ იუვენტუსში მუშაობდა. 

როგორც ესპანური მედია იუწყება, არტუროს ტრანსფერით დაინტერესებული კიდევ ერთი კლუბი ფრანგული პარი სენ-ჟერმენია და ეს ვარიანტი კიდევ უფრო პერსპექტიული ჩანს კატალონიელებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, პარიზელებისგან ნეიმარის დაბრუნებაზე ფიქრობენ.

არტურო ვიდალი ბარსელონაში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ საკლუბო სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირის 53 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.

მშობლიურ კოლო-კოლოში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ჩილელი მოთამაშე საფეხბურთო ევროპამ ლევერკუზენის ბაიერიდან გაიცნო. 2011 წელს არტურო ტურინის იუვენტუსში გადავიდა, სადაც 4 წარმატებული წელი გაატარა, რის შემდეგაც მიუნხენის ბაიერნს მიაშურა და ბუნდესლიგაში კიდევ სამი სეზონი ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები