Thumbnail

ორი დუელი რუსებთან - აბულაძე და ქაცანაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არიან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ესტონეთში ჭიდაობაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
  • ლერი აბულაძე და გიორგი ქაცანაშვილი ფინალში გავიდნენ

ტალინში გრძელდება ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი - დღეს ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. 

პირველი დღის შემდეგ ორი ქართველი მოჭიდავე ფინალშია - ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87), ხოლო მძიმეწონოსანი რობინზონ ესაძე რეპეშაჟშია. 

აბულაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია და ახლა მსგავსი მიღწევა მსოფლიოს ჩემპიონატზეც გარანტირებული აქვს. 

აბულაძემ უკრაინელ დმიტრო მიროშნიკს 5:4 მოუგო, წმინდად დაამარცხა უზბეკი ჯავოხირბეკ სამატოვი - 8:0, აჯობა ბულგარელ ნიკალას პეტროვ სულევს - 6:3-ს. 

ლერი აბულაძემ ნახევარფინალში ირანელი შაჰინ ბადაგი დაამარცხა - 6:3 და ფინალშია, სადაც მას რუსი აბუ მუსლიმ ამაევი შეხვდება. 

გიორგი ქაცანაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გავიდა, მსოფლიოზე კი უკვე ფინალშია.
მან ჯერ ჰასან ფოროუზანდენი დაამარცხა - 4:0, მერე იაპონელი რიოტა ნასუკავა - 5:0. ქაცანაშვილმა შვეიცარიელ ჰანს კრისტიან ზემპსაც აჯობა - 8:2.

ნახევარფინალში ქართველს ბელარუსი იჰარ იარაშევიჩი შეხვდა, რომელსაც იოლად გაუმკლავდა - 7:0 და ფინალშია. ფინალში მისი მეტოქე ილია ერმოლენკო იქნება, ვისთანაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა. 

ესაძემ ნორვეგიელ ნიკოლა მილატოვიჩს 6:5 მოუგო, მაგრამ ირანელ ალიაკბარ იუსოფიანმაჯალთან სუფთად, 0:8 დამარცხდა. ირანელი ფინალშია, ქართველს კი ბრინჯაოს მედლის შანსი რჩება. 
კიდევ ორი ქართველი კი დღესვე დაემშვიდობა მსოფლიოს ჩემპიონატს. ევროპის ჩემპიონი ფრიდონ აბულაძე და ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ნიკა შერბაკოვი. შერბაკოვმა ორი მატჩის მოგება შეძლო, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა, აი, აბულაძის მარცხი პირველივე წრეში კი ნამდვილი სენსაციაა.

ხვალ ფინალურ ბლოკამდე კიდევ ხუთი ქართველი მოჭიდავე დაიწყებს მსოფლიოს ჩემპიონატს: დიეგო ჩხიკვაძე (60), გიორგი შოთაძე (67), ოთარ აბულაძე (72), ბექა გურული (82) და ლაშა ტვილდიანი (97). 

კომენტარები

ბოლო ამბები