Thumbnail
  • ლეიკერსის ახალწვეული დემარკუს კაზინსი ამ სეზონში ვერ ითამაშებს
  • გუნდს ცენტრის პოზიციაზე მხოლოდ ჯავალ მაკგი რჩება
  • ლებრონის გუნდის განაცხადში ერთი ვაკანტური ადგილია

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ცენტრმა დემარკუს კაზინსმა ლას ვეგასში გამართულ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი მყესები (ACL) გაიწყვიტა და საოპერაციოა. უკვე დადასტურდა, რომ ლეიკერსის ახალწვეული მთლიანად გამოტოვებს NBA-ს 2019/20 წლების სეზონს. 

ეს ლეიკერსისთვის დიდი დარტყმაა, კლუბმა ლებრონ ჯეიმსის ირგვლივ საჩემპიონო შემადგენლობა შეკრიბა, თუმცა ახლა ერთადერთი ცენტრი რჩება ჯავალ მაკგი. მართალია, ენტონი დევისს ცენტრის პოზიციაზე თამაში შეუძლია, თუმცა დიდი სურვლი არ აქვს:

"დევისს შეუძლია ცენტრის პოზიციაზე თამაში, მაგრამ მას 4 ნომერზე სურს თამაში და ლეიკერსსაც გეგმებში სწორედ მისი მძიმე ფორვარდად გამოყენება აქვს", - წერს CBS Sports.

კაზინსით თუ მის გარეშე ლეიკერსი დასავლეთში ნომერ 2 ფავორიტად მიიჩნევა. რეგულარულ სეზონში კაზინსთან ერთად გუნდს 53 მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი ეს რიცხვი 52-მდე დაიყვანეს. ლეიკერსის საჩემპიონო შანსები 16%-დან 14.7%-მდე შემცირდა.

"ახლა ლეიკერსს პოტენციურად ჯავალ მაკგის სასტარტო ცენტრობა ემუქრება. ლეიკერსს განაცხადში თავისუფალი ადგილი აქვს, რომელსაც იგუდალასთვის ინახავენ, თუ მემფისი მას დაკარგავს. თავისუფალ ბაზარზე კი შემორჩნენ თავისუფალი აგენტი ცენტრები: ნენე, კენეტ ფარიდი, გრეგ მონრო, ამირ ჯონსონი და ზაზა ფაჩულია", - წერს CBS Sports.

ამერიკულ მედიაში ზაზას უპირატესობებად მოხსნებზე კარგ თამაშს და საჩემპიონო გუნდის წევრობის გამოცდილებას ასახელებენ. თუ ლეიკერსი ახალ ცენტრს დაიმატებს, მისი მთავარი მისია იქნება ააცილოს რაც შეიძლება მეტი წუთი ენტონი დევისს ცენტრზე თამაშში, სანამ პლეი ოფები დაიწყება.  

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია დეტროიტიდან წასვლის შემდეგ თავისუფალ აგენტად რჩება. ქართველ ვეტერანს კარიერის NBA-ში გაგრძელების იმედი აქვს.  

კომენტარები

ბოლო ამბები