Thumbnail

მშვილდოსნობა და პეინტბოლი ბორჯომში - ევროპაბეთის პროექტის მეექვსე ფაზა

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ევროპაბეთის მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”. ზაფხულში, ღონისძიებების ეპიცენტრი ბორჯომის სოფელი ჩითახევია. ამჯერად, ომის ვეტერანებმა, სამხედრო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, პარასპორტსმენებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებმა მშვილდოსნობის და პეინტბოლის ჩემპიონატებში მიიღეს მონაწილეობა.

პეინტბოლის ჩემპიონატში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ტურნირი კი პლეი ოფის სისტემით წარიმართა. ფინალში ბორჯომის და ვეტერანების გუნდი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული დუელი ბორჯომელების გამარჯვებით დასრულდა და თასიც მათ აღმართეს. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის გუნდი ძირითადად ბავშვებით იყო დაკომპლექტებული, მათი სისწრაფე და მოქნილობა კი გადამწყვეტი აღმოჩნდა როგორც ფინალში, ისე მთელ ჩემპიონატში. ვეტერანები მეორე ადგილს დასჯერდნენ, მესამე პოზიცია კი მარნეულის გუნდს ერგო.

ეკა ბრონიკოვა (ბორჯომი, პეინტბოლის გამარჯვებული)
“არ ველოდით გამარჯვებას და ძალიან გახარებულები ვართ. თან, ბორჯომში ტარდებოდა შეჯიბრი, მასპინძლები ვიყავით და გვინდოდა გვესახელებინა ჩვენი ქალაქი. ასეთი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს”.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა მშვილდოსნობის ჩემპიონატი, რომელშიც 70-მა შშმ პირმა მიიღო მონაწილეობა. ასეთ კონკურენციაში პირველი ადგილი გორის გუნდის წევრმა, რევაზ გორგაძემ დაიკავა. მეორე ადგილზე თბილისის წევრი აქსანა კურბატოვა გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი ზუგდიდელ ალიკა თირქიას ერგო.

რევაზ გორგაძე (გორი, მშვილდოსნობის ჩემპიონი)
“მშვილდოსნობა ჩემთვის ნაცნობი სპორტია, ადრეც მიმიღია ჩემპიონატში მონაწილეობა, თუმცა გამარჯვებას მაინც არ ველოდი, რადგან ჩემზე ძლიერი კონკურენტები მყავდა. ალბათ გამიმართლა. მთლიანობაში, არაჩვეულებრივი დღეა. ძველი მეგობრები ვნახე, ახლები შევიძინე და ამისთვის მადლობა როგორც ორგანიზატორებს, ისე სხვა მონაწილეებს. აქტიური ზაფხული გვაქვს და ეს ძალიან კარგია. ვურთიერთობთ, ვერთობით და სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვცდით ბედს. ერთი შეიძლება მშვილდოსნობას გაყვეს, მეორემ სხვა სახეობა აირჩიოს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია”. 

ევროპაბეთის მხარდაჭერით გამართულმა ღონისძიებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ორივე ჩემპიონატი საინტერესო, დაძაბული და ემოციურად დატვირთული გამოდგა. ღონისძიებას საპატიო სტუმრებიც ჰყავდა, მათ შორის მუსიკოსი რობი კუხიანიძე, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი. სწორედ მათ დააჯილდოვეს ჩემპიონები და საპრიზო ადგილებზე გასული პარასპორტსმენები. 

რობი კუხიანიძე (მუსიკოსი)
“ჩემთვის ეს ადამიანები უკვე ინტეგრირებულები არიან საზოგადოებასთან, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ ცხოვრება. მიხარია, რომ ადამიანებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ასეთი ტიპის ღონისძიებებში. ამ ადამიანებმა მე დამარწმუნეს, რომ არ არის აუცილებელი ორი ფეხი გქონდეს, რომ მიზნები დაისახო და შეასრულო. მათი სახით, ძალიან მაგარი მეგობრები შევიძინე. ბევრიც ვისწავლე და დღეს უკვე ჩემმა შვილიშვილმა იცის როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შშმ პირებთან. ჩვენ ყველანი ვართ ერთნაირები, ვართ ერთნი, გვაქვს განცდები, ემოციები და ეს არის მთავარი”.

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

📸 მშვილდოსნობა და პეინტბოლი

გოგა კოხრეიძე (მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის, თავმჯდომარე)
“უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება პროექტს “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”. დღეს ჩატარდა პეინტბოლის და მშვილდოსნობის ტურნირი. ბევრს შეხება არ ჰქონია თოფთან, სროლასთან, მაგრამ სპორტული აზარტია და როგორც ვხედავთ, ყველას მოსწონს სპორტის ეს სახეობები. რამდენიმე დღის წინ იყო ჯომარდობა, წინ კი არანაკლებ საინტერესო ღონისძიებები გველოდება. იმედია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება და დატკბებიან როგორც საქართველოს ბუნებით, ისე სპორტულ აქტივობებში მონაწილეობით”. 

ლევან ლიპარტია (ბორჯომის მერი)
“ღონისძიებაში ბევრი მუნიციპალიტეტი იყო ჩართული და ამისთვის მადლობა მათ. მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობები იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტეგრირება მოხდეს საზოგადოებაში. მოხარული ვიქნები თუ კიდევ ჩატარდება ასეთი ღონისძიებები, ჩვენ კი ამას ყველანაირად დავუჭერთ მხარს. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ის, რომ პეინტბოლის ტურნირში ბორჯომის გუნდმა გაიმარჯვა და მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება”.

გიორგი გოგიჩაიშვილი (ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე)
“ბორჯომელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიება ჩვენთან ჩატარდა. მთელი წლის ბიუჯეტი წინასწარ გვქონდა გაწერილი, მაგრამ როდესაც ამ პროექტის შესახებ გავიგეთ, კორექტივები შევიტანეთ გეგმებში, რადგან ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შშმ პირების ხელშეწყობა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. ერთი წამით არ გვიფიქრია და მხარი დავუჭირეთ ამ პროექტს. პირადად დავესწარი შეჯიბრებებს და ძალიან სასიამოვნოა, რომ პეინტბოლის ტურნირში ბორჯომის გუნდმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო ყველა გუნდს, რადგან აქ მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა”. 

ევროპაბეთს და ახალგაზრდულ მედიაკავშირს კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება აქვთ დაგეგმილი: სპორტული ცეკვები, ზიპლაინი, კულინარიული დუელი, აგვისტოს ბოლო რიცხვებში კი ჩითახევში საზაფხულო ბანაკი გაიხსნება და მუნიციპალიტეტების გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მოკლედ, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებს, ომის ვეტარანებს და პარასპორტსმენებს საინტერესო ზაფხული აქვთ.

ღონისძიებას ორგანიზებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" უწევს და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების "ევროპაბეთი" და "სოკარი" მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს  2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები