Thumbnail

'მივიღებ კრიტიკას, მაგრამ ეს არის გუნდის ჩაქოლვა' - ტარიელ ხეჩიკაშვილი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის საბურთალოს პრეზიდენტმა გუნდის ფიასკოზე ვრცლად ისაუბრა
  • ხეჩიკაშვილის თქმით, ეს იყო სამარცხვინო მარცხი სამართლიანი თამაშის პირობებში

საბურთალომ ერევნის არარატ-არმენიასთან ორმატჩიანი დუელი წააგო და ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა, რასაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა აღშფოთება მოჰყვა. თბილისური კლუბის პრეზიდენტმა, ტარილ ხეჩიკაშვილმა მძიმე მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და ტელეკომპანია 'იმედის' სპორტულ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა...

📋 მეტი ამ თემაზე

ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბურთალოს პრეზიდენტი)

“მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო, ვისაც იმედები გავუცრუეთ. ალბათ ყველაზე მძიმე დღეებს გავდივარ ცხოვრებაში. თამაშის დღე არასდროს დამავიწყდება, თუმცა წინ უარესი მელოდა, როდესაც ვნახე კომენტარები სოციალურ ქსელში. ეს არის გუნდის ჩაქოლვა.

მივიღებ კრიტიკას შემადგელობის დაკომპლექტებასთან და სხვა სპორტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება წესიერება და სამართლიანი თამაშის წესები. ჩვენ ქართულ ფეხბურთში ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ და პირიქით, წლებია კლუბში ინვესტიცია მოგვაქვს. სუფთა პრაგმატულადაც რომ მივუდგეთ, უეფა წარმატებაში ძალიან დიდ ბონუსებს იძლევა, ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრით კი ფეხბურთელების ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. პლუს ამას, ხალხის სიყვარული და კლუბის წინსვლა, რომელიც შვილივით გავზარდეთ. როგორ ფიქრობთ, ამის შელახვა რამედ ღირდა?

გიორგი ჭიაბრიშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი
📸 |საბურთალო

აქედან გამომდინარე, მივმართავთ უეფას, დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა, რათა გაირკვეს სიმართლე. ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც კლუბი უეფას ამ ინიციატივით მიმართავს. ჩვენი სურვილია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ყველამ იცის, რომ საბურთალო აქამდე მოვიდა სამართლიანი თამაშის პრინციპებით და ეს იციან მათაც კი, ვისთანაც კარგი ურთიერთობა არ გვქონდა. მაგალითად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ. მათაც კი, ამაში ეჭვი არასდროს შეუტანიათ.

'მრცხვენია, რომ სამი საშინაო თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ გულშემატკივარი'

არა მარტო მწვრთნელმა, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. მრცხვენია, რომ სამი საშინაო თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ გულშემატკივარი. მეც უნდა ავიღო პასუხისმგებლობა, ცვლილებები კი შეიძლება მოხდეს ყველა დონეზე. ბევრი რამ არის გასაანალიზებელი. ძალიან რთულია 20 წელი იშრომო და შემდეგ, ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. რთულია, ისმინო ლანძღვა ადამიანებისგან, რომლებსაც ფეხბურთთან არანაირი შეხება არ აქვთ. ეს ისეთი რისკია, როგორიც არცერთ ბიზნესში და არცერთ სფეროში არ არის. ამიტომ, თუ გვინდა რომ მომავალში ასეთ დიდ სირცხვილს ავცდეთ, ცვლილებებია საჭირო და არა მარტო ერთ კლუბში, არამედ ქართულ საკლუბო ფეხბურთში. ჩვენ ვალში ვართ გულშემატკივართან და ამ ვალის გადასახდელად დიდი შრომა მოგვიწევს”. 

კომენტარები

ბოლო ამბები