Thumbnail
  • ბარსელონა სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერდა
  • ზიდანს და რეალს რთული სეზონი ელით
  • დიეგო სიმეონე ახალ ატლეტიკოს აშენებს
  • ყველაფერი, რაც ლა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე უნდა იცოდეთ

16 აგვისტოს ესპანური ლა ლიგა იწყება, ჩემპიონატი, რომელიც წლიდან წლამდე გულშემატკივრის უდიდეს ინტერესს იმსახურებს - რეალის და ბარსელონას დაპირისპირება თანამედროვე საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა და თუ ამას დავუმატებთ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერებულ ატლეტიკოს, ტრადიციულად, საინტერესო ვალენსიას, ბილბაოს და სევილიას, მივხვდებით, რომ გულშემატკივარს მოწყენის საფუძველი წელსაც არ გვექნება. ამ სტატიაში წაიკითხავთ ყველაფერს ლა ლიგის ფავორიტებისა და სხვა საინტერესო გუნდების შესახებ - მათ მიზნებსა და ამბიციებს, ახალ შენაძენებს, შემადგენლობებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს.

ბარსელონა

კატალონური გრანდი ბოლო ორი წლის ჩემპიონია და ამ სეზონსაც ფავორიტის რანგში იწყებს. ერნესტო ვალვერდესთან კითხვები გულშემატკივარს უფრო სათასო დაპირისპირებების ფორმატში აქვს ხოლმე, წრიულ ტურნირებს, გრძელ დისტანციაზე, ვალვერდეს გუნდი ძალიან სტაბილურად და უშეცდომოდ თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის ფიასკოს შემდეგ, კატალონელებმა გულშემატკივრის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ვალვერდე შეინარჩუნეს, თუმცა ამ სეზონში ჩემპიონობის გარდა, მისგან ევროპულ ასპარეზზე წარმატებასაც ელოდებიან.

სატრანსფერო კამპანია და შემადგენლობა

კატალონელთა ამბიციებს ლოგიკური საფუძველი აქვს - გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა. წლების მანძილზე, ინიესტას და ნეიმარის წასვლის შემდეგ, პრობლემური იყო, ვინ იქნებოდა მესი-სუარესის დუეტთან ერთად მესამე შემტევი. კატალონელთა მოლოდინი ვერ გაამართლა ვერც ფელიპე კოუტინიომ და ვერც უსმან დემბელემ. წელს ამ პოზიციაზე ბარსელონამ ანტუან გრიზმანი შეიძინა - მოთამაშე, რომელიც ყველა გათვლით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. გრიზმანი ბარსას ძალიან გამოადგება, რადგან იგი ძალიან კარგად უტევს და ამავე დროს, შემტევის კვალობაზე, დაცვით ფაზაშიც შეუძლია გუნდს დაეხმაროს. ანუ ბარსელონას გრიზმანთან ერთად დაცვით ხაზშიც ეყოლება სულ მცირე 8 მოთამაშე, რომელიც თავს კარგად იცავს (მაგალითად, ნეიმარის პრობლემა ის იყო, რომ მასთან ერთად ბარსელონას მარცხენა ფლანგს დაცვით ასპექტში უჭირდა) და შეტევით ფაზაშიც ეყოლება მესამე სუპერვარსკვლავი, რომელიც კოუტინიოზე და დემბელეზე უკეთ შეუტევს.

გრიზმანის ძლიერი მხარეა ისიც, რომ ეს იმ ტიპის სუპერვარსკვლავია, რომელსაც ბურთი ნაკლებად სჭირდება - ანუ მესის და მას ბურთის გაყოფის პრობლემა არ ექნებათ. პირიქით, გრიზმანი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში უბურთოდ მოძრაობასა და გახსნაში. ბარსელონაში, რომელიც ბურთის გათამაშებაში მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა, გრიზმანი ბევრ იმ ტიპის მომენტს და ეპიზოდს იპოვის, საიდანაც მას გოლები გააქვს ხოლმე.

ვალვერდეს გრიზმანთან დაკავშირებით სწორი პოზიციის პოვნა მოუწევს. გრიზმანი ბევრს მოძრაობს, მაგრამ მას ყველაზე მეტად ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ თამაში უყვარს, ეს კი მესის ზონაა. ბარსელონას ყველაზე მეტად შემტევი უფრო მარცხენა მხარიდან ჭირდება. ვალვერდემ გრიზმანისთვის იდეალური სათამაშო ზონა უნდა იპოვოს.

მეორე დიდი ტრასფერი კატალონიელთათვის ფრენკი დე იონგის შეძენაა. ბოლო სეზონებში, ჩავის და ინიესტას წასვლის შემდეგ, ბარსელონას ბურთის კონტროლი და გათამაშება უწინდელი სტადარტით უჭირდა. ამ სიტუაციაში დე იონგის შეძენა კატალონიელთათვის ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა იყოს. დე იონგი ძალიან მაგრად იწყებს შეტევას, აკონტროლებს თამაშის ტემპს და შლის თამაშს. არტურთან ერთად სწორედ დე იონგი უნდა იყოს უახლოეს წლებში ის მოთამაშე, რომელიც ბარსელონას სათამაშო სტილს განსაზღვრავს.

ბარსელონას ახალწვეულები

ბარსელონას სატრანსფერო კამპანიას დადებითად ახასიათებს ის ფაქტიც, რომ მათ საკმაოდ სარფიანად მოახერხეს მალკოლმის გაყიდვა, რომელმაც წინა სეზონში თავისი თავი ვერ იპოვა. 

დაცვის ხაზში კატალონიელებს მნიშვნელოვანი შენაძენი არ გაუკეთებიათ. პიკეს რეგრესის მიუხედავად, როგორც ჩანს, ვალვერდეს დაცვაში გამოჯანმრთელებული უმტიტის და ლენგლეს იმედი აქვს. მარჯვენა ფლანგზე აქცენტს კვლავ სერხი რობერტოსა და ნელსონ სემედუზე გააკეთებს.

ბარსელონას კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ამ დრომდე ვერ მოახერხა კოუტინიოს გაყიდვა - დიდი ფულის გადახდა კოუტინიოში არავის სურს, პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა. 

ნეიმარის საკითხი

უახლოეს დღეებში მთავარი სატრანსფერო ამბავი არამხოლოდ ბარსელონასთვის, არამედ მთელი ლა ლიგასთვის, ნეიმარის შესაძლო გადმოსვლაა. ნეიმარის შეძენა რეალსაც სურს და ბარსელონასაც. თავად ნეიმარი ბარსას ამჯობინებს - პრობლემა ბრაზილიელში გადასახდელი თანხაა. კატალონელებს სურთ, რომ ნეიმარში კოუტინიო გაცვალონ და თანხაც დაამატონ.

ნეიმარის შესაძლო გადმოსვლის შემთხვევაში, ვალვერდე დილემის წინაშე აღმოჩნდება. ერთდროულად ოთხი შემტევით (ნეიმარი, მესი, სუარესი, გრიზმანი) გუნდში ბალანსი დაცვით და შემტევ ფაზებს შორის დაირღვევა. კატალონელებს დაცვისთვის საკმარისი ფეხბურთელები უბრალოდ აღარ დარჩებათ. ვალვერდეს მოუწევს, რომ ან თანამედროვე სტანდარტით უპრეცენდენტო ოთხი შემტევით ითამაშოს, ან, შესაძლოა, ბოლო სეზონში ფორმიდან ამოვარდნილ ლუის სუარესს მოუწიოს უფრო მეტი დროის სათადარიგო სკამზე გატარება.

რეალ მადრიდი

მადრიდის რეალი შარშანდელი კატასტროფული სეზონის შემდეგ ახალი გუნდის შენებას იწყებს. ეს ამოცანა ზინედინ ზიდანმა უნდა შეასრულოს. თითქმის ყველა სპეციალისტი ესპანურ პრესაში თანხმდება, რომ ეს სეზონი ზიდანისა და რეალისთვის იოლი არ იქნება. თაობათა ცვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა - გუნდში ჯერ კიდევ ბევრი ვეტერანია და ლიგის ოთხგზის ტრიუმფატორი გუნდის ძირითადი ღერძი ახალი ფეხბურთელებით სრულყოფილად ჯერ კიდევ ვერ შეივსო. გადაუჭრელია გარეთ ბეილის პრობლემა, რომლის გუნდიდან გაშვება ზიდანის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და ახალი გუნდი ვერ მოძებნა ხამეს როდრიგესმაც. სეზონის წინ დაშავდა და მთელ სეზონს გამოტოვებს მარკოს ასენსიოც. ზიდანს თავისი ახალი მადრიდული თავგადასვლის დაწყება პრობლემების გადაჭრის გზით მოუწევს.

წაიკითხეგარეთ ბეილის პრობლემა - როგორ დარჩა უელსელი მარტო

სატრანსფერო კამპანია და შემადგენლობა

რეალის სატრანსფერო კამპანია ისეთი შთამბეჭდავი არ იყო, როგორც ალბათ გულშემატკივარი ელოდებოდა, თუმცა ზიდანის გუნდი საკმარისად გაძლიერდა. დაცვის ხაზში მენდი და მილიტაო ზიზუს როტაციის საშუალებას მიცემენ - მათთან ერთად ფორმიდან ამოვარდნილი მარსელოს შეცვლა უფრო იოლი იქნება და ცენტრალურ ზონაში რამოსის, ან ვარანის ტრავმის შემთხვევაში, მილიტაოს მათი შეცვლა ძალიან კარგად შეუძლია. შუა ხაზში ზიდანს კვლავ გამოცდილი კადრების - კაზემირო, ისკო, მოდრიჩი, კროოსის იმედი უნდა ჰქონდეს.

მთავარი სატრანსფერო სიახლე ედენ აზრის ტრანსფერი იყო. აზარი ის სუპერვარსკვლავი იყო, რომელსაც რეალის შემტევი ხაზი კრიშტიანოს წასვლის შემდეგ ელოდებოდა. იგი რეალის შეტევას ძალიან გააძლიერებს. აზარის გადმოსვლის ერთ-ერთი პოტენციური ნეგატიური მხარე ის არის, რომ ამ პოზიციაზე წინა სეზონში ახალგაზრდა ვინისიუსი თამაშობდა, რომელიც იშვიათი იყო, ვისი თამაშიც გასული სეზონის მიხედვით პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. ზიდანმა ვინისიუსი ან სკამზე უნდა დასვას ხოლმე, რამაც ბრაზილიელის ზრდა, შესაძლოა, შეაჩეროს, ან ახალი პოზიციის მოძებნა სცადოს.

თავდასხმაში მადრიდელებმა 60 მილიონ ევროდ აინტრახტის ლუკა იოვიჩი შეიძინეს, გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა. ცუდი ის არის, რომ ტრანსფერიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ პრესა უკვე ალაპარაკდა, რომ ზიდანს იოვიჩი არ მოსწონს და შესაძლოა სერბი სეზონის სტარტზევე გაანათხოვრონ. ამ შემთხვევაში ზიდანი მხოლოდ ბენზემას იმედად დარჩება, რომელსაც იგი უპირობოდ ენდობა, თუმცა სეზონის მხოლოდ ერთი თავდამსხმელით თამაში არცთუ ისე კარგი იდეაა.

ზიდანის კიდევ ერთი პრობლემა მეკარის პოზიციას უკავშირდება. რეალს ორი ძალიან კარგი მეკარე ჰყავს - კეილორ ნავასი და ტიბო კურტუა. ზიდანი ნავასს ენდობოდა და მისი შემცვლელის ყიდვას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ფრანგის წასვლის შემდეგ პერესმა ტიბო კურტუა იყიდა, ზიდანმა კი ახლა ერთ-ერთი მათგანი სკამზე უნდა დასვას. სეზონისწინა მატჩებში იგი ორივეს თანაბრად აძლევდა შანსს.

ნეიმარის საკითხი

ნეიმარის ესპანეთში დაბრუნებას მადრიდშიც ელოდებიან. პარი სენ-ჟერემენს ბარსელონასთან ცუდი ურთიერთიბა აქვს და ურჩევნია ნეიმარი რეალში გაყიდოს. თუმცა, მათ სანაცვლოდ ბეილის და ხამესის მიღება არ სურს, ფეხბურთელების გაცვლის გარეშე 200-ზე მეტი მილიონის გადახდა კი თვით რეალისთვისაც რთული ამოცანაა.

ნეიმარის გუნდში მოსვლის შემთხვევაში სავარაუდოა, რომ ზიდანი 4-5-1 სქემით ითამაშებს, აზარი მარცხენა ფლანგზე დარჩება, ნეიმარი კი თავდამსხმელების უკან განლაგდება. არის კიდევ ერთი ფაქტორიც: ზიდანი ნეიმარის ტრანსფერს მაინცადამაინც არ იწონებს, მას პოგბას შეძენა უფრო სურს, ნეიმარის ყიდვა კი პირადად ფლორენტინო პერესის ინიციატივაა.

რეალის ახალწვეულები

თუ ნეიმარის ტრანსფერი არ შედგა, მაშინ სავარაუდოა, რომ რეალი კიდევ ერთი მოთამაშის შეძენას მაინც შეეცდება. პრიორიტეტული პოგბას ვარიანტია, თუმცა ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ნაკლებად წარმოსადგენია, მანჩესტერი პოგბას გაშვებას იოლად დათანმდეს, უფრო რეალისტურად კი აიაქსიდან დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერი გამოიყურება. ყველა შემთხვევაში, ზიდანს საკმაოდ რთული წელი და ბევრი გადასაჭრელი ამოცანა ელის.

ატლეტიკო მადრიდი

წელს ატლეტიკოსთვის უმნიშვნელოვანესი სეზონია. დიეგო სიმეონე ახალი ტიპის და სტილის გუნდის მშენებლობას იწყებს. წლიდან წლამდე, ატლეტიკო უარს ამბობს, რომ მხოლოდ ლოკალური წარმატებებით შემოიფარგლოს და მათი წარმატება მხოლოდ ერთი თაობის სახელთან იყოს დაკავშირებული.

გუნდი მისმა ლიდერებმა დატოვეს, თუმცა ატლეტიკომ ახალი ფეხბურთელების შეძენაში დიდი ინვესტიცია ჩადო და ძალიან გაძლიერდა. ახალი შენაძენები გვეუბნებიან, რომ ახალი ატლეტიკო უფრო შემტევი გუნდი იქნება. ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ მოახერხებს სიმეონე ახალი გუნდის აშენებას. მადრიდელებს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წინასასეზონო სერია ჰქონდათ - მათ, თითქმის ყველა თამაში მოიგეს, მათ შორის გამოიყოფა რეალთან 7-3 მოგებული შეხვედრა.

ტრანსფერები და შემადგენლობა

ატლეტიკო ანტუან გრიზმანმა დატოვა, ბოლო წლების ლიდერმა და საუკეთესო ფეხბურთელმა. გუნდიდან წავიდა დიეგო გოდინიც, ვეტერანი, რომელიც სიმეონეს ატლეტიკოს სიმბოლო იყო. მარცხენა მცველი ლუკა ერნანდესი ბაიერნში გადავიდა, ხოლო ვეტერანი ფელიპე ლუისი ბრაზილიაში დაბრუნდა სათამაშოდ. მანჩესტერ სიტიში წავიდა, როდრი, ატლეტიკოს შუა ხაზის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.

ატლეტიკოს ახალწვეულები

ეს ტრანსფერები, შესაძლოა, ატლეტიკოს ტიპის გუნდისთვის დასასრულის დასაწყისი ყოფილიყო, თუმცა მადრიდელებმა სოლიდური ინვესტიციაც განახორციელეს. ბენფიკადან მათ 126 მილიონ ევროდ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავი ჟოაო ფელიქსი იყიდეს. ფელიქსი გუნდის ლიდერად მოაიზრება გრძელვადიან პერსპექტივაში. მარცხენა ფლანგზე დაცვაში კიდევ ერთი ახალწვეული ბრაზილიელი რენან ლოდი ითამაშებს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კი ტოტენჰემიდან ნაყიდი კირან ტრიპიერი.

როდრის ნაცვლად შუა ხაზში პორტუდან ძალიან გამოცდილი ჰექტორ ერერა მოვიდა. ეს ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ატლეტიკომ თითქმის ყველა წასული ფეხბურთელის ნაცვლად, მათ პოზიციებზე ახალი მოთამაშეებიც შეიძინა და გაახალგაზრდავა გუნდი. ახალწვეულებთან ერთად ატლეტიკო არ შეიცვლის სათამაშო სქემას და არ უღალატებს სიმეონესთვის საყვარელ 4-4-2-ს თუმცა, აქცენტს უფრო მეტად გააკეთებს შეტევაზე.

სიმეონეს ხშირად ჟოაო ფელიქსის, ლემარის, მორატას და დიეგო კოშტას სახით  ერთდროულად ოთხი ისეთი მოთამაშე ეყოლება, რომელიც ძალიან კარგად უტევს.

მეორე ეშელონი

ჩემპიონობის არა, თუმცა კვლავ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ამბიცია ექნება ვალენსიას. გუნდმა შარშან ლა ლიგა მეოთხე პოზიციაზე დაასრულდა და ესპანეთის თასიც მოიგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვალენსიისთვის შარშანდელი სეზონი რთული სტარტის მიუხედავად წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. ვალენსიამ ამ სეზონის წინ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დაიმატა. მეკარის პოზიციაზე ბარსელონას იესპერ სილესენი გადმოვიდა, ხოლო დაცვის ცენტრში ელიაკიმ მანგალა მანჩესტერ სიტიდან, რომელიც, სავარაუდოა, რომ ვალენსიის დაცვის ცენტრს ძალიან გააძლიერებს. 

ამასთან ერთად “ღამურებმა” შეინარჩუნეს მისი ყველა ლიდერი - დანი პარეხო, როდრიგო, კონდოგბია და გილერმო გუედეში. მარსელინოს გუნდს ერთ თამაშში ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია და სავარაუდოა, რომ წელსაც ოთხეულისთვის იბრძოლებს.

წინა სეზონი ჩაუვარდა ანდალუსიურ სევილიას. სევილიამ სეზონის მიწურულს ფორმა ვერ აკრიფა და ჩემპიონთა ლიგის საგზური დათმო. ამ სეზონის წინ ხოაკინ კაპაროსის გუნდმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და 150 მილიონი ევროს ფეხბურთელები შეიძინა. მათ შორის რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა, როგორც მაგალითად, მარსელის გარემარბი ლუკას ოკამპოსი, პსვ ეინდჰოვენის შემტევი ლუკ დე იონგი და რონი ლოპესი მონაკოდან. გუნდი რამდენიმე ლიდერმად დატოვა სარაბია პარი სენ ჟერმენში გადავიდა, ბენ იედერი კი მონაკოში. ანდალუსიელებმა აიაქსში გაასხვისეს ქვინსი პრომესიც, რომელიც გუნდს ვერ მოერგო. ხოაკინ კაპაროსს ბევრი მუშაობა მოუწევს ახალწვეულების ინტეგრაციისთვის, თუმცა, სავარაუდოა, რომ ვალენსიას უპირველესი კონკურენტი ოთხეულისთვის ბრძოლაში სწორედ სევილია იქნება.

საინტერესო გუნდი ეყოლება ბილბაოს ატლეტიკს. ატლეტიკი ტრადიციულად მხოლოდ ბასკურ ბაზარზეა ორიენტირებული და ამ სეზონის წინაც მათ გუნდის ლიდერთაგან არც არავინ გაუშვიათ და არც ახალი ფეხბურთელები დაუმატებიათ. შარშან ბასკებს ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 8 ქულა აშორებდათ, წელს კი მოსალოდნელია, რომ მათ შარშანდელი სეზონის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვთ.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა წელსაც ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება. ამ სეზონში პრიმერას სტაჟიან გულშემატკივარს კიდევ ერთი კარგი ამბავი აქვს - ლა ლიგაში მალიორკა დაბრუნდა, ბალეარის გუნდი, რომელიც 90-იანების მიწურულს ესპანეთში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა და თასების მფლობელთა თავის ფინალიც კი აქვს ნათამაშები.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები