Thumbnail

'არ ვარ ღირსი, საქართველოს ჩემპიონს ვწვრთნიდე' - ჭაიბრიშვილი საბურთალოს კრახზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საბურთალომ არარატ-არმენიასთან წააგო და ევროპალიგას გამოეთიშა  
  • თამაშის შემდეგ, გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს

თბილისის საბურთალო ევროპალიგის პლეი ოფს მიღმა დარჩა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ერევნის არარატ-არმენიასთან საპასუხო მატჩი 0:2 (ორი მატჩის ჯამში 2:3) წააგო და ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა.

საბურთალოს და არარატ-არმენიას მთავარმა მწვრთნელებმა თბილისში გამართული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასეს…

გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი)

ვნახეთ საბურთალო, რომელმაც ევროტურნირზე პირველიდან ბოლო თამაშამდე რეგრესი განიცადა და ვნახეთ სამი საშინაო მარცხი. რით ახსნით ამას?

ჭიაბრიშვილი: ეს არის სრული კრახი და ამ კრახის სათავეში 100%-ით მე ვარ. ბევრი მინუსი იყო ჩვენს თამაშში, რასაც გაანალიზება სჭირდება. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივრებს, ვინც მხარს გვიჭერდა. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ამ მიმართულებითაც სამუშაო გვაქვს, რადგან ქომაგების ნაწილს მეტი კორექტულობა მართებს. არ შეიძლება ფეხბურთელს დედას აგინებდე. აქვე ვიტყვი, რომ არ გაამართლა ჩემმა ტაქტიკურმა მონახაზმა, მაგრამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა რთულია.

არ გვინდა დავიჯეროთ, რომ არარატი საბურთალოზე ძლიერია. რა მოხდა?

ჭიაბრიშვილი: ვერ მოვიყვანე გუნდი ამ თამაშამდე იდეალურ კონდიციაში, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე სხვა ასპექტებში. ეს არ არის ჩემი გუნდის მაქსიმუმი. ყველამ რაღაცა დავაკელით.

პირველ ნომრად რატომ არ გადაწყვიტეთ თამაში?

ჭიაბრიშვილი: ჩემი დარიგება და სურვილი ნამდვილად არ იყო მეორე ნომრად თამაში. 5 მცველი დავაყენე იმიტომ, რომ სწრაფი ფლანგები ჰყავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკან დავიხიეთ. უბრალოდ, არ გამოვიდა თამაში. იყო უიღბლობაც და იყო შეცდომებიც. არ ჰყავთ მათ უკეთესი ფეხბურთელები. ეს იყო უფრო ხასიათის პრობლემა. ორი თამაშია ვუხსნი ჩემ მოთამაშეებს, რომ თბილისში იგივე ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, რაც გასვლაზე, მაგრამ არ გამოდის. აქ მეტი წნეხია და გულშემატკივრის ფაქტორია. არ იყო წასაგები თამაში. 

პირველი მატჩის მოგების შემდეგ, ხომ არ იყო გუნდი ფიქრით უკვე ლუქსემბურგში?

ჭიაბრიშვილი: გამარჯვების შემდეგ ეიფორია გვქონდა და ესეც ერთგვარი წნეხია. გეთანხმებით, რომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც შევეჯახეთ. არ მინდა მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ ან სხვა წესებია ევროტურნირებზე და ჩვენ არ ვიცით, ან რაღაც სხვა ხდება. ასეთი ყვითელი ბარათები ჩემთვის გაუგებარია. მეათე წამზე გაფრთხილება არსად მინახავს. შემდეგ ფეხბურთელსაც ეშინია ბოლომდე ბრძოლა და ეს წვრილმანი ნიუანსებიც ახდენს გავლენას შედეგზე. ისედაც ჩვენი გაგვჭირვებია და მსაჯები კიდევ გვიმატებენ, გნებავტ სანაკრებო და გნებავთ საკლუბო დონეზე.

ამ მარცხის შემდეგ, როგორ უნდა მოვაბრუნოთ გულშემატკივარი სტადიონზე?

ჭიაბრიშვილი: თუ ვინმეს ეს დაეხმარება, მე ბოდიშს ვიხდი. როგორც ჩანს, მეტი დრო და მეტი შრომა გვჭირდება. უნდა ვიმუშაოთ, რომ მომავალში მხოლოდ წილისყრის იმედზე არ ვიყოთ და კანონზომიერი იყოს ჩვენი ევროტურნირზე წარმატებული თამაში. 

ხომ არ ფიქრობთ, რომ პაუზა უნდა აიღოთ სამწვრთნელო კარიერაში?

ჭიაბრიშვილი: ერთი ვიცი, რომ დღეს ღირსი არ ვარ საქართველოს ჩემპიონ გუნდს ვედგე სათავეში. ორი დღე დავისვენებ, ფეხბურთელებთან ერთად გავაანალიზებ იმას, რაც მოხდა. თუ ვიპოვი ძალას, რომ გავაგრძოლო გუნდში მუშაობა და ვიბრძოლო ისევ ჩემპიონობისთვის, მაშინ დავრჩები.  

ვარდან მინასიანი (არარატ-არმენიას მთავარი მწვრთნელი)

"ჩვენი მიზანი იყო, რომ ორივე ტაიმი მაღალ დონეზე გვეთამაშა და ჩვენ ეს შევძელით. შესაბამისად, დავიმსახურეთ გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა. აქამდე მხოლოდ საბურთალოზე ვიყავი კონცენტრირებული, ხვალიდან უკვე მომდევნო მეტოქეზე გადავერთვებით და შევისწავლით ლუქსემბურგულ გუნდს".

კომენტარები

ბოლო ამბები