Thumbnail

მომაკვდინებელი დოზა - ახალი დეტალი ემილიანო სალას დაღუპვის საქმეში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინელი ფეხბურთელის დაღუპვის საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა
  • გამომძიებლებმა ემილიანო სალას სისხლში მხუთავი აირის კვალს მიაგნეს 
  • თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი შესაძლოა მფრინავის მოწამვლაც გახდა

კარდიფ სიტის ფეხბურთელის ემილიანო სალას დაღუპვის მიზეზი შესაძლოა მხუთავი აირი გამხდარიყო. გამოძიების საქმეში ახალი დეტალის არსებობის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. 

თვითმფრინავმა Piper Malibu PA46-მა კატასტროფა ლა მანშის სრუტეში, 22 იანვარს ღამით განიცადა. შედეგად, ბორტზე მყოფი არგენტინელი ფეხბურთელი და პილოტი დევიდ იბოტსონი დაიღუპნენ. ემილიანო სალას ცხედარს ზღვის ფსკერზე ათიდღიანი ძიების შემდეგ მიაგნეს, მფრინავი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

28 წლის ფორვარდი მშობლიურ პროგრესოში (არგენტინა) დაკრძალეს

გამოძიების ფარგლებში, გვამის გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა, რომ სალას სისხლში მხუთავი აირის (CO, ნახშირბადის მონოქსიდი) კონცენტრაცია 58%-ს შეადგენდა, რაც ექსპერტთა თქმით, "პოტენციურად მომაკვდინებელია". ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავის სალონში ნამწვი აირი ჰერმეტულობის დარღვევის შედეგად აღმოჩნდა და ფეხბურთელთან ერთად, პილოტიც მოიწამლა, რასაც საბოლოოდ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა.

სალას ტრანსფერის თანხა კარდიფსა და ნანტს შორის დავის მიზეზი გახდა

საავიაციო შემთხვევების გამოძიების განყოფილებაში (AAIB) ამ დრომდე ვერ აზუსტებენ, რა გახდა ემილიანო სალას დაღუპვის მიზეზი. გამოძიება საბოლოო დასკვნას მოგვიანებით დადებს.

28 წლის ემილიანო სალა ფრანგული ნანტიდან კარდიფში 19 იანვარს, 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ფეხბურთელი საფრანგეთიდან უელსში კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა, რომელიც 22 იანვარს ღამით რადარებიდან გაუჩინარდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები