Thumbnail

ჯომარდობის ტურნირი ბორჯომში - ხაშურელმა პარასპორტსმენებმა ყველას აჯობეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ზაფხულში, პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. მოვლენათა ეპიცენტრი ბორჯომის სოფელი ჩითახევია. ამჯერად, ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ევროპაბეთის მხარდაჭერით, ომის ვეტერანებმა, სამხედრო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, პარასპორტსმენებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებმა ჯომარდობის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

ჯომარდობის ტურნირმა ზოგადად და მისმა სპორტულმა მოტივაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. ევროპაბეთის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ჯამში 8 გუნდი მონაწილეობდა: ვეტერანები, თბილისი, ბაღდათი, რუსთავი, გორი, ხაშური, ზუგდიდი და მარნეული.

გუნდებმა ჯერ საკვალიფიკაციო დაშვება განახორციელეს, ნაჩვენები შედეგების მიხედვით კი ნახევარფინალური ოთხეულები დააკომპლექტეს. გუნდებმა, რომლებმაც კვალიფიკაცია საუკეთესო შედეგით დაასრულეს, სასტარტო პოზიციებიც უკეთესი დაიკავეს და უპირატესობა მოიპოვეს. ფინალური ოთხეული ნახევარფინალურმა ეტაპმა გამოავლინა: ხაშურმა, გორმა, ზუგდიდმა და თბილისმა ბრძოლა საუკეთესოს წოდებისთვის განაგრძეს.

ფინალმა დიდი ინტერესი და ემოციები გამოიწვია. დაძაბულ ბრძოლაში ხაშურმა მცირე უპირატესობით აჯობა ზუგდიდს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინიშზე მესამე მივიდა გორის გუნდი, თბილისი კი საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.  

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარე)
“წელს, ჯომარდობის ჩემპიონატში გოდერძი ზაქარაიას სახელობის თასი გავათამაშეთ. ის იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი, აფხაზეთიდან დევნილი და ჩვენი პროექტის აქტიური მხარდამჭერი. ჩემპიონატში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა და იყო ძალიან დიდი ემოციები. შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე ბევრმა პირმა პირველად მოსინჯა ძალები სპორტის ამ სახეობაში. ხაშური აქამდეც მონაწილეობდა ჯომარდობის ტურნირებში, ჩემპიონი კი პირველად გახდა. მთლიანობაში, დღე და ღონისძიება ძალიან კარგად წარიმართა”. 

ნონა თედიაშვილი (ხაშური)
“ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ჩემპიონები გავხდით. ბევრი ვიბრძოლეთ, დაგვეღალა კუნთები, ფეხები, ხელები, მაგრამ მთავარია, რომ თასი ხაშურში მოდის. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი და ბოლომდე არ დავკარგეთ ბრძოლისუნარიანობა”.

გაგა მუმლაძე (ხაშური)
“ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო. მით უმეტეს, პირველად მივიღე ჯომარდობაში მონაწილეობა. მქონდა გათვლები და ვარაუდები, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. არც შეთამაშებულები ვართ და არც მომზადებულები, მაგრამ ჩემპიონები გავხდით. ძალიან სასიამოვნო ემოციები იყო და დიდი მადლობა როგორც ორგანიზატორებს, ისე მონაწილეებს, პირველ რიგში კი ჩემი გუნდის წევრებს”. 

გურიკა ფიფია (ზუგდიდი)
“გამარჯვებისთვის ჩამოვედით და პირველ ადგილზე გასვლას ველოდით. თუმცა, მთავარია, რომ ძალიან მაგარი დღე იყო, გავერთეთ და სხვა კუთხის ადამიანები გავიცანით. პირველ რიგში, სწორედ ეს მახარებს, შეჯიბრი კი მეორეხარისხოვანია. ხაშურს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას”.

ბადრი ტოგონიძე (თბილისი)
“შეზღუდული შესაძლელობების მქონე პირებისთვის ეს არის წარმოუდგენელი სიხარული. სისტემატურად ტარდება ასეთი ღონისძიებები და ეს ძალიან კარგია. აქ არის როგორც სპორტული ინტერესი, ისე ერთმანეთთან ურთიერობისგან მიღებული სიამოვნება. შშმ პირები აღარ იკეტებიან სახლში, გამოდიან გარეთ, ლახავენ დაბრკოლებებს და ეს არის ყველაზე მაგარი. მით უმეტეს, ჯომარდობა ჩემთვის განსაკუთრებული სპორტია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გავიცანით ერთმანეთი, ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც ყველაზე მეტად მახარებს”.

ირმა ზვერიაშვილი (პარამოცეკვავე)
“შშმ პირებისთვის ასეთი ღონისძიებები არის საზოგადოებაში ინტეგრაციის საუკეთესო საშუალება. დღეს იყო საუკეთესოდ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც ბუნებაში თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობდით თავს. შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირებმა სპორტულ შეჯიბრში მოსინჯეს ძალები და მთლიანობაში, ძალიან კარგი დღე გამოვიდა”. 

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

📸 ჯომარდობა და სპორტული ცეკვები

ევროპაბეთს და ახალგაზრდულ მედიაკავშირს კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება აქვთ დაგეგმილი: პეინტბოლი, მშვილდოსნობა, სპორტული ცეკვები, ზიპლაინი, კულინარიული დუელი, აგვისტოს ბოლო რიცხვებში კი ჩითახევში საზაფხულო ბანაკი გაიხსნება და მუნიციპალიტეტების გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მოკლედ, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებს, ომის ვეტარანებს, პარასპორტსმენებს წინ საინტერესო ზაფხული ელოდებათ.

ღონისძიებას ორგანიზებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" უწევს და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების "ევროპაბეთი" და "სოკარი" მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს  2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები