Thumbnail
  • 📅 14 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ ლივერპული V ჩელსი | SILK UNIVERSAL
  • ინგლისური დუელი უეფას სუპერთასისთვის
  • ლივერპული უპირობო ფავორიტად მიიჩნევა 

ბევრი ფიქრობს, რომ უეფას სუპერთასისთვის ბრძოლაში, რომელიც სტამბოლში გაიმართება, ლივერპულს ჩელსის დამარცხება არ გაუჭირდება. მერსისაიდელთა ფავორიტობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

იურგენ კლოპმა შარშანდელი გუნდი სრულად შეინარჩუნა - შემადგენლობაში, ფაქტობრივად, ცვლილებები არ ჰქონია და გუნდს არც ახალი მოთამაშეების ადაპტაციის პრობლემა აწუხებს და არც ლიდერების წასვლის. ნორვიჩთან  გამართულმა პირველი ტურის შეხვედრამ ყველა დაარწმუნა, რომ ლივერპული ამ სეზონშიც ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთს ითამაშებს და იქნება ფავორიტი ყველა იმ ტურნირისა, რომელშიც კი მონაწილეობას მიიღებს. გარდა ამისა, კლოპს ტრავმირებული ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ნაბი კეიტა და ჯოელ მატიპი უბრუნდებიან და დიდი შანსია, რომელიმე მათგანი ოთხშაბათს მოედანზეც ვიხილოთ.

მთავარი კითხვა სადიო მანეს უკავშირდება. სენეგალელი აფრიკის თასიდან გვიან დაბრუნდა, ვარჯიშიც ცოტა ხნის წინ დაიწყო და ჯერ ფორმაში არ არის. ინგლისის სუპერთასის შეხვედრაშიც და პირველ ტურშიც, კლოპმა მის პოზიციაზე დივოკ ორიგი ათამაშა. საინტერესოა, შედგება თუ არა ჩელსისთან მანეს დაბრუნება სასტარტოში.

ლივერპულმა დაისვენა, ჩელსიმ - ვერა!

მთავარი დანაკლისი  ალისონის ტრავმაა. ალისონი გუნდს რამდენიმე კვირა გამოაკლდება. ბრაზილიელი დიდი დანაკლისია - მასთან ერთად, გუნდი არამხოლოდ ძალიან კარგ მეკარეს კარგავს, არამედ მოთამაშეს, რომელიც შესანიშნავად თამაშობს ფეხით, იწყებს შეტევას და ძალიან საჭიროა მეტოქის პრესინგის დაძლევის დროს. ჩელსისთან ახლადშეძენილი ბრაზილიელი ადრიანის დებიუტი შედგება.

ბეშიქთაშ პარკი

ლივერპულის მხარესაა დროის ფაქტორიც. პრემიერლიგის მესვეურებმა უცნაურად გადაწყვიტეს - კლოპის გუნდმა პარასკევს ითამაშა და ოთხშაბათის შეხვედრამდე საკმარისი დრო ჰქონდა მოსამზადებლად, ჩელსის კი პირიქით, ორი დღით გვიან, კვირას, მოუწია თამაში, გასვლაზე, მანჩესტერ იუნაიტედთან და თუ ამას დავუმატებთ შემდეგი დღის გაფრენას სტამბოლში, გამოვა, რომ ფრანკ ლამპარდის გუნდს კვირის შემდეგ სრულფასოვანი ვარჯიში არ ჰქონია.

ლამპარდის პრობლემები

დრო ჩელსის ერთადერთი პრობლემა არ არის. ლამპარდისთვის ოთხშაბათის სუპერთასი მხოლოდ მეორე ოფიციალური შეხვედრა იქნება ჩელსის თავკაცის რანგში. ლონდონური კლუბი ცვლილებების პერიოდშია - ბოლო სამ სეზონში ჩელსი მესამეჯერ იცვლის მწვრთნელს და სათამაშო სტილს. გუნდი დატოვა ბოლო სეზონების უცვლელმა ლიდერმა ედენ აზარმა და ლონდონელებს სატრანსფერო შეზღუდვის გამო, ახალი ფეხბურთელების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ.

ლამპარდი აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს და ახალი ჩელსის მშენებლობას იწყებს. ამ სიტუაციაში თასის ფინალში ძალიან გამოცდილი და შეთამაშებული ლივერპულის წინააღმდეგ თამაში ურთულესი ამოცანაა - ტენი აბრაჰამი და მეისონ მაუნტი გასულ წელს პრემიერლიგაში გადმოსვლისთვის იბრძოდნენ, მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო კი ჩემპიონთა ლიგისთვის. ლონდონელთა ბანაკში არც განწყობა უნდა იყოს საუკეთესო - პირველივე თამაში მანჩესტერთან 0:4 წაგებული შეხვედრა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

ტრავმების გამო ჩელსის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და კალუმ ჰადსონ-ოდოი დააკლდებიან. ლამპარდი მის ხელთ არსებული რესურსებით ყველაფერს გააკეთებს, რომ ლივერპულთან უფრო კონკურენტული შემადგენლობა გამოიყვანოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მოასწრებს ფინალისთვის გამოჯანმრთელებას ანტონიო რიუდიგერი. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჩელსიმ დავიდ ლუისი დაკარგა და რიუდიგერის გარეშე მათი დაცვის წყვილი (ზუმა-კრისტენსენი) მანჩესტერთან ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. რიუდიგერი სტამბოლში გუნდთან ერთად გაემგზავრა, თუმცა რამდენად მზად იქნება თამაშისთვის, ეს სხვა საკითხია. შესაძლოა, კოპა ამერიკიდან გვიან დაბრუნებული ვილიანი ასევე ვიხილოთ მოედანზე. მოსალოდნელია კრისტიან პულიშიჩის დებიუტიც სასტარტოში - მით უმეტეს, რომ მანჩესტერთან, მის ნაცვლად მოთამაშე როს ბარკლი სუსტად გამოიყურებოდა. ისევე, როგორც ჟორჟინიო, რომელიც, შესაძლოა, ნგოლო კანტემ შეცვალოს.

წაიკითხე5 რამ, რაც მანჩესტერის მიერ ჩელსის განადგურებამ დაგვანახა

საერთოდ, დაცვა ლამპარდის ძირითადი პრობლემაა. ლუისის წასვლას და რიუდიგერის ტრავმას ისიც დაემატა, რომ განაპირა მცველები, განსაკუთრებით კი ემერსონი, შეტევაში თამამად მიდის, დაცვის დახმარებას კი ნაკლებად ასწრებს. ძალიან სწრაფი და დინამიური ლივერპულის წინააღმდეგ კი ეს ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს.

ლამპარდი ფინალისთვის შემადგენლობას გააძლიერებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ჩელსი „ოლდ ტრაფორდზე“ არც იმდენად ცუდად გამოიყურებოდა.

ჩელსის სასარგებლოდ მხოლოდ ერთი ფაქტორი მეტყველებს. უკვე ბევრი წელია, ეს გუნდი ლივერპულისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა პრემიერლიგაში. ამ გუნდებს შორის ბოლო წლებში გამართული ყველაზე ცნობილი მატჩში კი ჩელსის ნახევრად სარეზერვო გუნდმა, ბრენდან როჯერსის და ლუის სუარესის ლივერპულს “ენფილდზე” მოუგო და ჩემპიონობა დააკარგვინა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბოლო 16 შეხვედრაში ლივერპულმა ჩელსის მხოლოდ 3-ჯერ მოუგო.

⚽ ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა 2-0

⚽ ამ გუნდების ბოლო 11 პრემიერლიგურ შეხვედრაში 2-ზე მეტი გოლი მხოლოდ 3-ჯერ გავიდა. 

⚽ ამ გუნდების ბოლო 6 შეხვედრაში ლივერპულმა 1-ზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა, ზემოთ ხსენებულ თამაშში ‘ენფილდზე’, როცა კლოპის გუნდმა სალაჰის და მანეს გოლების წყალობით, ჯერ კიდევ მაურიციო სარის ჩელსი დაამარცხა.

⚽ ლამპარდის დანიშვნის შემდეგ, ბოლო ხუთ თამაშში (1 ოფიციალური + 4 ამხანაგური) 26 გოლი გავიდა. ახალ ჩელსის ბევრი გაქვს და ბევრს უშვებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - მილნერი, ფაბინიო, ჰენდერსონი - სალაჰი, ფირმინო, მანე.

ჩელსი (4-2-3-1): კეპა - ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი, ალონსო - ჟორჟინიო, კოვაჩიჩი - პედრო, მაუნტი, პულიშიჩი - ჟირუ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები