Thumbnail
  • კოლუმბიელ ფეხბურთელს მიუნხენში თავიდან გაუჭირდა.
  • იუპ ჰაინკესის მისვლის შემდეგ ხამესი პროგრესს განიცდის.
  • მადრიდელები მის დაბრუნებაზე ფიქრობენ, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება.

ბაიერნმა ხამეს როდრიგესი ზაფხულში მადრიდის რეალიდან 2019 წლამდე ინათხოვრა. 26 წლის კოლუმბიელს მიუნხენში თავიდან გაუჭირდა, ახლა კი შესანიშნავ ფორმაშია!

ხამესმა რეკორდმაისტერში თავისი შესაძლებლობების გამოვლენა მას მერე დაიწყო, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად იუპ ჰაინკესი დაინიშნა - 72 წლის სპეციალისტის ხელში კოლუმბიელმა უდიდესი პროგრესი განიცადა.

შაბათს, მაინცთან მოგებულ შეხვედრაში (2:0) როდრიგესი მოედანზე საუკეთესო იყო!

“ხამესი იდეალურად იხსნება. როცა ვფიქრობ, ვის მივცე პასი, პირველ რიგში თითქმის ყოველთვის მას ვხედავ. როდრიგესი მუდმივად ბურთს ითხოვს და თვითონაც კარგ პასებს გვაძლევს. მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა,” - ეს ბაიერნის საყრდენი ნახევარმცველის, სებასტიან რუდის სიტყვებია.

კოლუმბიელი ბავარიულ გრანდში 2019 წლამდეა განათხოვრებული

ხამეს როდრიგესს მაინცში ბურთთან ყველაზე მეტი, 99 კონტაქტი ჰქონდა. გარდა ამისა, მან ორთაბრძოლების 65 პროცენტი მოიგო და ჯამში 11,1 კილომეტრი ირბინა. აღარაფერს ვამბობთ მის გენიალურ გოლზე, რომელიც 44-ე წუთზე გაიტანა.

კოლუმბიელი ბავარიულ გრანდში 2019 წლამდეა განათხოვრებული (რეალმა 13 მილიონი ევრო მიიღო) და მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბაიერნს მისი გამოსყიდვა 42 მილიონად შეუძლია.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდელები ხამესის დაბრუნებაზე წელსვე ფიქრობენ, მაგრამ “ბილდის” ინფორმაციით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბაიერნი თვითონ მოისურვებს მის გაშვებას, რადგან თავად ფეხბურთელს მიუნხენიდან წასვლა არ სურს. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს კი ასეთი სურვილი, დიდი ალბათობით, არ გაუჩნდებათ, რადგან ხამესი შესანიშნავად თამაშობს.

ხამესის ახალი პოზიცია ბაიერნში

აღსანიშნავია, რომ ჰაინკესი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ბოლო დროს ოდნავ უკან ათამაშებს. მაინცში ბაიერნს არც ტიაგო ალკანტარა ჰყავდა, არც არტურო ვიდალი და არც ხავი მარტინესი. შესაბამისად, როდრიგესს შეტევების ჩვეულებრივზე უკნიდან ორგანიზება დაევალა და ამ ამოცანას თავი ძალიან კარგად გაართვა.

იმ ფაქტს, რომ კოლუმბიელი შესანიშნავ ფორმაშია, სტატისტიკაც მოწმობს: ბუნდესლიგის მეორე წრეში მან ოთხიდან სამ მატჩში ითამაშა და თითოეულ მატჩში საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა. 2018 წელს მის ანგარიშზე უკვე 3 საგოლე გადაცემა და 2 გოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხამესმა მეორე წრის სამ თამაშში უკვე ისეთივე შედეგი დააფიქსირა, როგორიც პირველი წრის 11 მატჩში ჰქონდა.

ფაქტია, თუ ასე გააგრძელებს, ბავარიელები მის კონტრაქტს აუცილებლად გამოისყიდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები