Thumbnail

'მადლობა ღმერთს, ფული აღარ მჭირდება' - რონალდოს მოტივაცია

  • იუვენტუსის ფორვარდმა ზიდანთან თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა
  • რა არის დღეს 34 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის მიზანი ფეხბურთში 

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო სერია A-ში მეორე სეზონის დასაწყებად ემზადება, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისთვისაც იცლის. 

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელიც იტალიაში მადრიდის რეალიდან გადაბარგდა, ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო და ფრანგი სპეციალისტი რეალში ერთად 2,5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ - 2016-18 წლებში.

რონალდომ და ზიდანმა რეალში ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგეს

"თავდაჯერება, რომელიც მოთამაშეს სჭირდება, დამოკიდებულია არამხოლოდ მასზე, არამედ მის გარემოცვაზეც, სხვა ფეხბურთელებსა და მწვრთნელზეც. უნდა გრძნობდე, რომ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ და ზიდანიც ახერხებდა იმას, რომ თავი განსაკუთრებულად მეგრძნო.

ეს ძალიან მეხმარებოდა. ზიდანს პატივს მანამდეც ვცემდი, მაგრამ როდესაც ჩემი მწვრთნელი გახდა, უკეთესად გავიცანი და მისი დიდი თაყვანისმცემელი გავხდი. იმ ყველაფრის გამო, თუ იქცევა, როგორ საუბრობს, როგორ ხელმძღვანლობს გუნდს. მან იცოდა, ვის შეეძლო ვითარების შეცვლა და ყოველთვის გულწრფელი იყო. აი, სწორედ ამიტომ, მასთან მეგობრობას ყოველთვის გულით ვატარებ".

კრიშტიანოს მიზანი ფეხბურთის ისტორიაში შესვლაა

34 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თავის მოტივაციაზეც ილაპარაკა:

"ყოველთვის მივისწრაფვი გამარჯვებებისკენ, უპირველესად კი, ჩემს გუნდთან ერთად, რადგან ამას მოაქვს ჩემთვის ინდივიდუალური ჯილდოები. ასეთია სამუშაო, ყოველდღიური ცხოვრება. იღვიძებთ ყოველდღე იმისთვის, რათა ივარჯიშოთ რაღაცის მიღწევაში და არა, უბრალოდ ფულის საშოვნელად. მადლობა ღმერთს, მე ფული აღარ მჭირდება. მსურს ჩემი სახელი ფეხბურთის ისტორიაში ჩავწერო, მოვიპოვო უფრო მეტი გამარჯვება". 

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსში რეალიდან 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. გარიგების ფასმა 117 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 34 წლის ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატის 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. ფეხბურთელს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები