Thumbnail
  • 40 წლის ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის გაგრძელებაზე ფიქრობს.
  • გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ჯიჯის გოლები გაუტანეს.

ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრების გულშემატკივრები გაახარა, 40 წლის მეკარემ განაცხადა, რომ არგენტინასთან და ინგლისთან ამხანაგური მატჩებისთვის "სკუადრა აძურას" უბრუნდება.

ერთად გავიხსენოთ ჯიჯის კარში გატანილი ყველა ქართული გოლი

გიორგი კიკნაძე და ლევან ქებაძე (1997)

► 1997 წლის 10 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს რუსთავში უმასპინძლა. იტალიელთა კარს ბუფონი იცავდა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ბუფონს გოლები გიორგი კიკნაძემ და ლევან ქებაძემ გაუტანეს.

გოგა გახოკიძე (2001)

► 2001 წლის 2 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში, იტალიამ საქართველოს თბილისში 2:1 მოუგო. გოგა გახოკიძემ 78-ე წუთზე ზურაბ ხიზანიშვილი შეცვალა და მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში შეძლო გოლის გატანა. მან ჯიჯის ბურთი ფეხებს შორის გაუტარა!

კახა კალაძე (2001)

► 2001 წელს ბუფონს გოლი კიდევ ერთი ქართველმა გაუტანა.Trofeo Tim-ის გადამწყვეტ შეხვედრაში მილანი იუვენტუსს ხვდებოდა. "როსონერიმ" იუვენტუსს კახა კალაძის გოლით 1:0 მოუგო და თასს დაეუფლა.

გიორგი შაშიაშვილი (2006)

► 2006 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილი საქართველო იტალიასთან 1:3 დამარცხდა. მსოფლიოს ჩემპიონები დანიელე დე როსის გოლით 1:0-ს იგებდნენ, როდესაც გიორგი შაშიაშვილმა ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა. ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლია!

ლევან მჭედლიძე (2009)

► 2008-2009 წლების სეზონში, სერია A-ს მეექვსე ტურში, იუვენტუსი პალერმოსთან 1:2 დამარცხდა. სიცილიელები ფაბრიციო მიკოლის გოლით იგებდნენ, 38-ე წუთზე ალესანდრო დელ პიერომ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის გმირი 18-წლის ლევან მჭედლიძე გახდა, რომელმაც ბუფონს 81-ე წუთზე გაუტანა და პალერმოს სამი ქულა მოუტანა. სიცილიელებმა სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულეს. მჭედლიძემ იმ სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები