Thumbnail

Tochinoshin Palace მცხეთაში - ქართველი ოძეკი ზაფხულის ტურნეს შეუერთდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ზაფხულის ტურნეს შეუერთდა
  • ტოჩინოშინის გეგმები დოჰიოზე და საქართველოში

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ზაფხულის ტურნეს (ჯუნგიო) შეუერთდა, მან ვარჯიშები 11 აგვისტოდან განაახლა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ჯუნგიო 28 ივლისს დაიწყო, მაგრამ ქართველი სუმოისტი ტრავმების (მუხლის და მხრის) გამო რეაბილიტაციის პერიოდს გადიოდა. 

ტოჩინოშინის ეფექტური გდება ჯუნგიოზე

ტოჩინოშინი სუმოს ქარავანს ქალაქ სენდაიში შეუერთდა. როგორც იაპონური მედია წერს, ტოჩინოშინი ბრწყინვალედ დაბრუნდა, მან, სულ მცირე, 6 რიკიშისთან გამართა ბრძოლები და ერთხელ მიტაკეუმი ცურიდაშის ილეთით დაამარცხა. "კარგია, სწორედ ასეთი ვარჯიშებისთვის ვარ აქ", - განაცხადა ტოჩინოშინმა. ტოჩინოშინი პირველი ოძეკია, ვინც ჯუნგიოს შეუერთდა. 

ტოჩინოშინი ამბობს, რომ ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის: "მაგრამ ცოტ-ცოტა მაინც თუ არ ივარჯიშე, ფორმაში ვერ შეხვალ და ბაშოზე გასვლა სარისკო იქნება", - განაცხადა ტოჩინოშინმა, რომელიც ბოლო დღეებში ტოჩიგის პრეფექტურაში ცხელ აბაზანებს იღებდა და ასე იშუშებდა ტრავმებს. 

როგორც ტოჩინოშინმა იაპონურ მედიას განუცხადა, ის საქართველოში სახლს აშენებს, არც ისე შორს მშობლების სახლიდან მცხეთის რაიონში, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება.

ქართველი ოძეკი ტურნეს კარგ ხასიათზე შეუერთდა

ტოჩინოშინის რეზიდენციაში, რომელსაც იაპონელებმა Tochinoshin Palace უწოდეს, სავარჯიშო დარბაზი, კალათბურთის მოედანი, რესტორანი, ბარი, აუზი, საუნა. ეს ყველაფერი იქნება, როგორც ოძეკის პერსონალურ მოხმარებაში, ასევე ის გამოფენს თავის ტიტულებს სუმოში, მავაშის, რომელთა ნახვაც სუმოს ფანებს შეეძლებათ.

შესასვლელზე კი მისი შიკონა (საბრძოლო სახელი) იქნება ამოტვიფრული იაპონურად. განათების ინსტალაცია კი ისეთ გარემოს შექმნის, როგორიც დოჰიოზეა.

"ჯერ ამ შენობის აშენების თანხა ბოლომდე არ გადამიხდია, თუმცა აზარტში შევედი", - ამბობს ტოჩინოშინი. 

ჯუნგიო კი 25 აგვისტომდე გაგრძელდება და ტოკიოს პრეფექტურის ქალაქ კიტეში დასრულდება.

26 აგვისტოს მორიგი ბანძუკე გამოქვეყნდება, რომელშიც ქართველ ოძეკის კადობანში ჩააყენებენ - სექტემბრის ბაშოზე მან აუცილებლად უნდა შეძლოს დადებითი ბალანსის დაფიქსირება (მინიმუმ 8 გამარჯვება), წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქტომბერში ოძეკის რანგიდან ჩამოაქვეითებენ. 

წლის მეხუთე სუპერტურნირი - აკი ბაშო ტოკიოში 8 სექტემბერს დაიწყება და 22-ში დასრულდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები