Thumbnail

RWC 2019 | კანადა - მსოფლიო თასზე ერთი თამაშის მოსაგებად

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას. დღეს საკმაოდ სახელოვანი წარსულის, მაგრამ ამჟამად კრიზისში მყოფ კანადის ნაკრებს წარმოგიდგენთ.

ისტორია

კანადის რაგბის კავშირი 1884 წელს დაარსდა. 1902 წელს პირველი კანადური კლუბის ტურნე მოეწყო ბრიტანეთში. 1919 წელს, კანადის ჯარის გუნდმა  ინგლისში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში ტურნეები მოაწყო. 

პირველად კანადის ნაკრებმა ტესტი იაპონიაში, მასპინძელ ნაკრებთან ითამაშა 9:8 დამარცხდა. თუმცა, აღსანიშნავია რომ კანადელთა ნახევარი გუნდი ბრიტანელებისგან შედგებოდა. 1965 წელს ბრიტანელმა ლომებმა ახალი ზელანდიიდან უკანა გზაზე, ტორონტოში შეიარეს და მასპინძლები 19:8 დაამარცხეს. სწორედ ამ პერიოდში კანადელები ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ნაკრებად ჩამოყალიბდნენ.

ნეკერჩხლების ოქროს ხანა მეოცე საუკუნის 90-იანი წლებია. გუნდში ისეთი ვარსკვლავები გამოჩდნენ, როგორიც ალ შარონი, გარეს რისი, მაიკ ჯეიმსი იყვნენ.

1991 წელს ინგლისის მსოფლიო თასზე, ფიჯის და რუმინეთის დამარცხებით, კანადელებმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს და იქ ოლ ბლექსაც ღირსეული ბრძოლა გაუმართეს და მხოლოდ 13:29 დამარცხდნენ.

ამავე პერიოდს ემთხვევა ნეკერჩხლების ყველაზე დიდი გამარჯვებები - 1993 წელს მათ არმზ პარკზე უელსის ნაკრებს 26:24, ხოლო ერთი წლის მერე სახლში ფრანგებს 18:16 მოუგეს. კანადელებს ერთხელ შოტლანდია, ხოლო არგენტინა და იტალია ორ-ორჯერ ყავთ დამარცხებული.

ამ საუკუნეში ნეკერჩხლებს ასეთი ძლიერები აღარ არიან. ყველაზე სიმპატიური ნაკრები კანადელებს 2015 წელს, ისევ ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე ყავდათ. გუნდმა იტალიას დიდი ბრძოლა გაუმართა და მეტოქის დამარცხებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. ხოლო ბოლო თამაშში, რუმინელებს 15:0-ს უგებდნენ, მაგრამ როგორღაც წაგება მაინც მოახერხეს და რუმინელებს მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამ ბექი დაადებინეს.

სწორედ 2015 წლის მსოფლიოს შემდეგ იწყება კანადელთა დიდი უკუსვლა და შეიძლება ითქვას, რომ ნეკერჩხლები შოკიდან დღემდე ვერ გამოვიდნენ.

ამჟამად კანადის ნაკრები 2016 წელს დაარსებულ ამერიკას რაგბი ჩემპიონშიპზე ასპარაზობს. საქმეები ისე ცუდად წავიდა, რომ ამერიკის ჩემპიონატზე ორჯერ ბრაზილიელებთანაც კი დამარცხდნენ. ხშირად აქვთ საუკეთესო მორაგბეების შეკრების პრობლემაც.

რამდენიმე წელია ნეკერჩხლები მათი უშუალო მეტოქის, ამერიკის ნაკრების დამარცხებას ვერ ახერხებენ. წლების წინ სრული უპირატესობა სწორედ მათ მხარეს იყო. კანადელებს საკმაოდ ძლიერი შვიდკაცას ნაკრები ყავთ და მსოფლიო სერიებზეც კარგად ასპარეზობენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათი ქალთა ნაკრები, რომელმაც 2014 წელს მსოფლიო თასზე ვერცხლის მედლები მოიპოვა და ქალთა რაგბში დიდი ძალაა.

საკლუბო რაგბი

რაგბი კანადაში საკმაოდ პოპულარული სპორტია, განსაკუთრებით  ონტარიოსა და ბრიტანულ კოლუმბიაში. შიდა ჩემპიონატი სამოყვარულოა და 3 თვე გრძელდება. ყველაზე წარმატებული კლუბი კი ტორონტოს ონტარიო ბლუსია.

ონტარიო ბლუსის ბაზაზე შეიქმნა პირველი კანადური პროფესიული კლუბი ტორონტო ეროუსი, რომელიც წელს ამერიკულ მლრ-ში ჩაერთო და წარმატებითაც, პირველივე წელს პლეი ოფში გასვლა მოახერხეს.

სწორედ ამერიკული პროფესიული რაგბის განვითარებას უკავშირებს კანადური რაგბი თავის იმედებს. საუბარია მლრ-ში ვანკუვერის გუნდის დამატებაზეც. აქამდე კანადის რაგბის კავშირი საუკეთესო მორაგბეების ევროპაში მოწყობაზე იყო ორიენტირებული.

საკვანძო მოთამაშეები

ტაილერ არდრონი - კანადელთა ვარსკვლავი. წარმატებული ევროპული კარიერის შემდეგ, ძალები სუპერ რაგბშიც მოსინჯა და ზელანდიური ჩიფსის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ჭკვიანი, ტექნიკური და საჭირო მომენტში ძალისმიერი მორაგბეა. თანაბარი სიძლიერით თამაშობს როგორც მეორე, ასევე მესამე ხაზში. 2011 წელს თბილისში ალაფაზე უთამაშია.

დიტიეიჩ ფან დერ მერვე - 10 წელზე მეტია ნეკერჩხლების ლიდერია და ფრთისთვის უჩვეულოდ, ხშირად თამაშების ბედი მარტოც გადაუწყვეტია. ნაკრებში შუამარბათაც თამაშობს ხოლმე. გამორჩეული და იშვიათი სალელოვე ალღო აქვს. თუმცა, ასაკშია და ძველებურად სწრაფი ვეღარაა და წელს გლაზგოშიც არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა.

ფილ მაკი - კანადელთა ვეტერანი 9 ნომერი. ჯარიმიდან ბურთის სწრაფად გათამაშება და შეტევა უყვარს და კარგადაც გამოსდის. სიეტლის შემადგენლობაში, ორჯერ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო.

ევან ოლმსტედი - ფიზიკურად ძლიერი და მუშა მეორე-მესამე ხაზელია. მოგზაური მორაგბეა - უთამაშია როგორც ევროპაში, ასევე ზელანდიურ მიტრე 10-შიც.

ტეილორ პარისი - კანადელების და ფრანგული კასტრის უნიჭიერი ფრთის მორაგბე. მაღალი სათამაშო ინტელექტის მოთამაშეა. ხშირად ტრავმიანობს, რაც შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელს უშლის. არდრონთან ერთად, თბილისის ალაფაზე მანაც ითამაშა და გულშემატკივარს თავი დაგვამახსოვრა.

ჯეფ ჰასლერი - უელში ძალიან წარმატებული კარიერის მერე, ამერიკულ სიეტლში გადავიდა. არაორდინალური სტილის მორაგბეა, ძალიან აქტიურია და ფრთისთვის უჩვეულო პოზიციებიდან ხშირად უტევს.

სათამაშო სტილი

საუკუნის დასაწყისში და რაგბის სამოყვარულო ხანაში კანადის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული, ხისტი და მოჩხუბარი გუნდი იყო. კანადაში ჰოკეი თითქმის ყველა მორაგბეს აქვს ნათამაშები და ჩხუბს არც რაგბში ერიდებოდნენ. ყოველ წელს გუნდი ამ აგრესიას კარგავს და ამ პროცესის პირდაპირპროპორციულად უარესდება ნაკრების შედეგებიც. დღეს ნეკერჩხლების მთავარი იარაღი ბექებით თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ შერკინებაში ინდივიდუალურად რამდენიმე კარგი მორაგბე ყავთ, მეორე დონეზეც კი არ არსებობს ნაკრები, კანადელები ამ კომპონენტში პრობლემას რომ უქმნიდნენ. დიდი პრობლემაა სუსტი პირველი ხაზიც. 2015 წლის მსოფლიო თასზე სწორედ ხასიათის და სუსტი შერკინების გამო წააგეს ნეკერჩხლებმა მოსაგები თამაშები იტალიელებთან და რუმინელებთან.

სამწვრთნელო შტაბი

მიუხედავად იმისა, რომ კანადური რაგბის დაღმასვლა ყოველწლიურად გრძელდება, კანადის რაგბის კავშირმა არჩევანი რატომღაც მათსავით ცუდ ტალღაზე მყოფ უელსელ ქინგსლი ჯოუნსზე გააკეთა. ჯოუნსს საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა, თუმცა ბოლო წლებში ყველგან წარუმატებლად იმუშავა და დიდად ვერც ნეკერჩხლებს დაატყო ხელი. კანადელები მსოფლიოს შესარჩევში ურუგვაისთან პლეი ოფში დამარცხდნენ და საგზურის მოპოვება რეპერშაჟში მოუწიათ, რაც მეტოქეების სისუსტის მიუხედავად, ჯოუნსის ჯერჯერობით ერთადერთ მიღწევად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

კანადელთა ლეგენდა

სიძლიერის მიუხედავად, ყველა თაობის კანადის ნაკრები, ინდივიდუალურად ძლიერი რამდენიმე მორაგბის ნაკლებობას, არასოდეს უჩიოდა. მათ შორის გამორჩეული კი უდაოდ 90-იანი წლების ვარსკვლავი ალ შარონია. თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალი, თანაბარი სიძლიერით თამაშობდა როგორც მეორე, ასევე მესამე ხაზში. კარიერის დასრულების შემდეგ, ვორლდ რაგბიმ ალ შარონი დიდების დარბაზში შეიყვანა.

ჩვენს წინააღმდეგ

კანადის ნაკრები ჩვენი ტრადიციული მეტოქეა. მათთან შვიდჯერ ვითამაშეთ, ბალანსი კი 4-3-ზეა ჩვენს სასარგებლოდ.

პირველად ნეკერჩხლებს დენვერში, 2009 წლის ზაფხულში ვეთამაშეთ და მეტოქემ იოლად დაგვამარცხა. ერთი წლის შემდეგ 

თბილისში, შემოდგომაზე, დამაჯერებელი გამარჯვებით რევანში ავიღეთ.

2013 წელს თბილისში გამართული მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვიტო კოლელიშვილისა და ტაილერ არდრონის მუშტი-კრივი იყო.

ბოლოს კანადელებმა 2015 წელს, ინგლისში, მსოფლიო თასის გასახურებელ თამაშში 16:15 დაგვამარცხეს. 2017 წლის ივნისში პირველად მოვახერხეთ კანადელებთან სტუმრად გამარჯვება და რამდენიმე თვეში თბილისში სარეკორდო ანგარიშით 54:22 მოვიგეთ.

ხშირად გვითამაშია ახალგაზრდული ნაკრებების დონეზეც. 2015 წელს ალაფაზე ფინალში სწორედ კანადელები დავამარცხეთ 49:24 და მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ.

გზა მსოფლიო თასზე

კანადელები ბ ჯგუფში ორ გრანდთან - ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან არიან და ჯგუფიდან გასვლაზე რა თქმა უნდა ოცნებასაც ვერ გაბედავენ. 

წინა მსოფლიოს მსგავსად, ნეკერჩხლებს მესამე კალათიდან, იტალია ამოუვიდათ. ხოლო ჯგუფის მეოთხე გუნდი, მსოფლიო თასების ტრადიციული აუტსაიდერი, ნამიბიაა.

ჩვენი პროგნოზი

მსოფლიოზე კანადელების მთავარი მიზანი ერთი გამარჯვების მოპოვებაა და მათი სამიზნე ნამიბიის ნაკრები იქნება, ვისთანაც ნეკერჩხლები ფავორიტები იქნებიან. 

თუ ყველაფერი კარგად წაუვიდათ, კანადელებს იტალიასთან გაბრძოლების შანსიც ექნებათ. დანარჩენ ორ გრანდთან მატჩში კი მათი მიზანი უბრალოდ ღირსეული თამაში თუ იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები