Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედმა პირველ ტურში ჩელსი 4:0 დაამარცხა
  • რისი იმედი უნდა ჰქონდეთ იუნაიტედის ფანებს?
  • არის თუ არა ჩელსი ჩამოსაწერი?
  • POPSPORT.COM-ის ანალიზი მატჩის შემდეგ

საფეხბურთო უიქენდის ყველაზე საინტერესო შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა. პრემიერლიგის პირველივე ტურში, მანჩესტერ იუნაიტედს ჩელსი ესტუმრა. ამ შეხვედრას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვისთვის უნდა ეპასუხა. პირველ რიგში, გულშემატკივარს აინტერესებდა, თუ როგორი იქნება ფრანკ ლამპარდის ფორმაციის ჩელსი და როგორ მოამზადა ოლე გუნარ სულშერმა გუნდი ახალი სეზონისთვის. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რომელიც ამ მატჩმა გამოკვეთა.

ანგარიში რეალობას არ ასახავს

4:0 ისეთი ანგარიშია, გულშემატკივარს, რომელსაც თამაში არ უნახავს, აფიქრებინებს, რომ მანჩესტერი ჩელსიზე უბრალოდ ერთი თავით ძლიერი იყო და მარტივად მოუგო. რეალურად, თამაში სხვანაირად გამოიყურებოდა - ჩელსი ბურთს უფრო დიდხანს ფლობდა (54-46), ხშირად ურტყამდა კარისკენ და მეტი კუთხური მოაწოდა.

თამაში ორ მონაკვეთად იყოფა - მანჩესტერის მეორე გოლამდე (65-ე წუთი) და მის შემდეგ, როცა ორ წუთში ორი გაშვებული გოლის გამო ჩელსი უბრალოდ გატყდა და თამაშს თავი დაანება. 65-ე წუთისთვის ჩელსის ორჯერ მეტი დარტყმა ჰქონდა კარისკენ (12-6) და კარშიც (4-2). მანჩესტერს გოლის გარდა საგოლე მომენტი არ ჰქონია, ჩელსიმ კი ორჯერ მოარტყა ძელს ბურთი, 39-ე წუთზე დე ხეამ ძალიან მაგარი სეივით გადაარჩინა გუნდი როს ბარკლის დარტყმის შემდეგ და ჩელსის რამდენიმე სხვა მომენტიც ჰქონდა.

ვერავინ იტყვის, რომ ეს მანჩესტერის გეგმის ნაწილი იყო და იუნაიტედმა პირველი გოლის შემდეგ უკან დაიხია - მარკუს რაშფორდის პირველ გოლამდეც იგივე სურათი იყო. უფრო მეტიც, ჩელსი პოზიციურ თამაშში და ბურთის გათამაშებაში უკეთესადაც კი გამოიყურებოდა. ამას სტატისტიკაც ადასტურებს:

📌 ლონდონელები უფრო ზუსტად ასრულებდნენ გადაცემებს (ჩელსი: ზუსტი პასების 85 პროცენტი; მანჩესტერი - 80 პროცენტი). 

📌 ჩელსის ერთდროულად სამი მოთამაშე ჰყავდა, რომელსაც პასების 90-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა, მანჩესტერს არცერთი.

📌 მანჩესტერის შემტევ ოთხეულს ბურთი იშვიათად მისდიოდა, რასაც ადასტურებს მათ მიერ შესრულებული გადაცემების რაოდენობა: პერეირა - 15 პასი თამაშში, რაშფორდი - 21 პასი, ლინგარდი - 26 პასი, მარსიალი - 28 პასი. ერთდროულად ოთხი შემტევი, რომელთაც 30 პასიც კი არ ჰქონიათ.

📌 ჩელსის განაპირა მცველები პირველ სამეულში იყვნენ მეტოქის მესამედზე შესრულებული გადაცემების რაოდენობით, ემერსონს, ნომინალურ მარცხენა მცველს კი 4 დარტყმა ჰქონდა მეტოქის კარისკენ. ანუ ჩელსი დიდი ძალებით უტევდა.

თამაშის ბედი მანჩესტერის კონტრშეტევებმა გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც სეზონის წინ სულშერმა ლუკაკუ გაუშვა და მის ნაცვლად დიდი ფორვარდი არ უყიდია, ნათელი გახდა, რომ ამ სეზონში მანჩესტერი აქცენტს მხოლოდ სისწრაფეზე აკეთებს და დიდი ფორვარდით თამაში სათადარიგო გეგმადაც კი არ განიხილება. ლინგარდი-რაშფორდი-მარსიალის შემტევი სამეული ძალიან სწრაფია, სამივე ბევრს მოძრაობს, ერთი-ერთზე კარგად შეუძლიათ კაცის მოტყუება, სახიფათონი არიან სივრცეში და რაც ყველაზე, მთავარია, ისინი კარგად გრძნობენ ერთმანეთს - რაშფორდმა მარცხენა ფლანგზე დაიწყო თამაში, მარსიალმა თავდამსხმელად, თუმცა ისინი მუდამ ცვლიდნენ პოზიციებს და მეტოქის დაცვას ბევრი თავსატეხი გაუჩინეს. სულშერის იუნაიტედი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა კონტრშეტევებზე, დაცვიდან შეტევაში გადასვლის დროს და გუშინაც, მანჩესტერმა გოლები კონტრშეტევებზე გაიტანა.

1:0 რაშფორდი (18-პენ)

2:0 მარსიალი (65)

3:0 რაშფორდი (67)

4:0 ჯეიმსი (81)

იუნაიტედმა კარისკენ სულ 11-ჯერ დაარტყა, აქედან 8 დარტყმა მარსიალი-რაშფორდის დუეტის ანგარიშზე იყო (მარსიალი - 4, რაშფორდი - 4). შეტევაში იუნაიტედის მთავარი იმედი სწორედ მისი შემტევი სამეულია.

ჩელსი უფრო მეტს უტევდა, მანჩესტერი კი - უფრო სახიფათოდ! სავარაუდოდ, ამ სეზონში მანჩესტერი თავისი კონტრშეტრევებით ძალიან სახიფათო იქნება დიდ თამაშებში, როდესაც იუნაიტედი მეორე ნომრად ითამაშებს, პოზიციურ შეტევაზე კი სულშერმა კიდევ უნდა იმუშავოს.

აქვე, მანჩესტერის გულშემატკივარს გული უნდა დავწყვიტო. ამ უიქენდზე პრემიერლიგის ყველა ფავორიტს ვუყურე - პირველ ტურში ტრიუმფალური გამარჯვების მიუხედავად, ძირითად საფეხბურთო კომპონენტებში (პრესინგი, ბურთი გათამაშების სისწრაფე და ხარისხი, პრესინგიდან ამოსვლა, პოზიციური შეტევა) მანჩესტერი (მით უმეტეს ჩელსი) ლივერპულს და მანჩესტერ სიტის ერთი თავით ჩამოუვარდება. გრძელ დისტანციაზე (თუმცა, არა ერთ თამაშში) სიტი და ლივერპული წელსაც უკონკურენტოები იქნებიან და ჩემპიონობისთვის სწორედ მათ უნდა იბრძოლონ.

პრობლემური ჟორჟინიო

მანჩესტერის კონტრშეტევებს იმ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რომ ჩელსის დაცვის ხაზიც ცუდად გამოიყურებოდა და საყრდენიც არ ჰყავდა ისეთი, რომელიც დაცვას ხარისხიანად დაეხმარებოდა. ნგოლო კანტე ამ შეხვედრის წინ სათადარიგო სკამზე დარჩა. ლამპარდის 4-2-3-1-ში კანტე და ჟორჟინიო ერთად ვერ ითამაშებენ. ჟორჟინიოსთან ერთად (და კანტეს გარეშე) ჩელსის დაცვა დახმარების გარეშე რჩება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ კოვაჩიჩი ბევრს მოძრაობს და თავისი საყრდენის ზონას ხშირად ტოვებს.

ლამპარდმა ჟორჟინიო 73-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში კანტე ჩართო

სარის ფეხბურთის გარეშე ჟორჟინიო იკარგება - ჩელსი უფრო სწრაფი და დინამიური გუნდია, სისწრაფე კი ჟორჟინიოს ძლიერი მხარე არ არის. დაცვაში სუსტი თამაშის გარდა, იტალო-ბრაზილიელი არც შეტევის ორგანიზებაში იყო საუკეთესო - ზუსტი პასების მხოლოდ 82.3 პროცენტი ჰქონდა, რაც მისთვის ცუდი მაჩვენებელია და 62 შესრულებული გადაცემა, რაც ჩელსიში საუკეთესო შედეგი იყო, თუმცა ჟორჟინიოს საშუალო სტანდარტზე უარესი. სავარაუდოდ, უახლოეს თამაშებში კანტეს უნდა ველოდოთ - ჟორჟინიოს ლამპარდის ჩელსის ერთ-ერთ ლიდერად ვერ ვხედავ.

პოგბას პოზიცია

პოგბას საკითხი ბოლო წლებია მანჩესტერში ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილია. გასულ სეზონში სულშერმა სცადა ფრანგი ვარსკვლავის გულის მოგება და იგი სამკაციან ნახევარდაცვაში, ორი საყრდენის წინ, კლასიკური ათი ნომერის პოზიციაზე ათამაშა, სადაც იგი დაცვითი სამუშაოსგან თავისუფალი იყო.

ერერას წასვლის შემდეგ სურათი შეიცვალა. გუშინ პოგბა მეორე საყრდენის პოზიციაზე თამაშობდა, მაკტომინაის გვერდით და ბურთის ამოტანა და სიღრმიდან გათამაშება ევალებოდა. პოგბას სურვილის მიუხედავად, ეს პოზიცია მის ძლიერ მხარეებს ყველაზე მეტად არის მორგებული - ფრანგი შეტევაში ძალიან კარგია, თუმცა არა იმდენად, რომ ევროპული გრანდის ათიანი იყოს, მოედნის სიღრმიდან კი იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ასე იყო იუვენტუსშიც. სურვილის შემთხვევაში, მას ძალიან კარგად შეუძლია დაცვაში თამაშიც - პოგბა ფიზიკურად ძალიან ძლიერია.

ჩელსისთან ფრანგმა მოედნის სიღრმიდან ჯადოსნური საგოლე პასიც შეასრულად და საერთოდაც, 4-ჯერ გაიყვანა თავისი გადაცემებით თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე. 62 პასით იგი ლინდელოფის შემდეგ საუკეთესო იყო თავის გუნდში. პრობლემურ საკითხად რჩება ის, რომ ფრანგი ამ პოზიციისთვის ხშირად კარგავს ბურთს. მას ამ თამაშში 11 დაკარგვა დაუგროვდა, მათ შორის 8 თავის ნახევარზე - რაც ნახევარმცველისთვის ცუდი შედეგია. დაბალი იყო მისი ზუსტი პასების მაჩვენებელიც (73 პროცენტი). ამის მიუხედავად, თუკი პოგბა დაკარგვებს შეამცირებს, მოედნის სიღრმიდან იგი ძალიან პროდუქტიულად გამოიყურება.

მანჩესტერის ახალწვეულები VS ჩელსის ახალწვეულები

გუშინ საქმეში პირველად ვნახეთ ორივე გუნდის ახალწვეულები. მათი თამაში მატიჩის შედეგის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი აღმოჩნდა. იუნაიტედის ორივე ახალწვეულმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ვან ბისაკა ფლანგზე თავდაჯერებული იყო, უკანაც კარგად იდგა და შეტევაში 4 ჩაწოდება ჰქონდა (პერეირასთან ერთად ყველაზე მეტი გუნდში). მასთან ერთად, იუნაიტედს დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები აღარ უნდა ჰქონდეს. ჰარი მაგუაირი ასევე ძალიან კარგი იყო, მასთან ერთად იუნაიტედს საჰაერო ორთაბრძოლების 63 პროცენტი მოგებული ჰქონდა და ინგლისელმა ჩელსის ტენი აბრაამს გასაქანი საერთოდ არ მისცა. სწორედ იუნაიტედის დაცვის (და ნაწილობრივ ცუდი რეალიზაციის) დამსახურებაა, რომ ჩელსის პოზიციური უპირატესობა გოლად ვერ გარდაიქმნა.

საპირისპიროდ, ჩელსის ახალწვეულებმა თამაში სრულად ჩააგდეს. დაცვის ცენტრში კურტ ზუმა (კრისტენსენთან ერთად) ძალიან ცუდი იყო - უაზროდ აკიდებული პენალტი და ყვითელი ბარათი. რუდიგერის დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოა, რომ ჩელსის დაცვა უკეთესი იქნება. ამ ეტაპზე კი დავიდ ლუისის გაშვება შეცდომად გამოიყურება. ვერაფერი გვაჩვენეს ახალგაზრდა ტენი აბრაამმა და მეისონ მაუნტმა. პრემიერლიგის ინტენსივობა და დინამიკა მათთვის საკმაოდ რთულად მისაღები აღმოჩნდა.

ჩელსი განვითარების ახალ ციკლს იწყებს

ლამპარდის გუნდის და მისი ახალწვეულების მიმართ ძალიან მკაცრები არ უნდა ვიყოთ. ჩელსის სატრანსფერო შეზღუდვა აქვს, ახალ ფეხბურთელებს ვერ ყიდულობს და მხოლოდ თავისი არენდიდან დაბრუნებული ფეხბურთელების იმედადაა. ამასთან ერთად, რომან აბრამოვიჩი დიდი ხანია აღარ არის პრემიერლიგაში ყველაზე მდიდარი მფლობელი. ჩელსი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ახალგაზრდული გუნდის მშენებლობას ითვალისწინებს. ლონდონელებს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავთ სხვადასხვა გუნდში განათხოვრებული და ლამპარდის ჩელსის ძირითადი ბირთვი სწორედ ისინი იქნებიან. მანჩესტერთან ერთდროულად 8 მოთამაშე მაქსიმუმ 25 წლის იყო - ანუ ყველა, პედროს, ასპილიკუეტას და ჟორჟინიოს გარდა.

გუნდის მენეჯმენტმა ლამპარდს, წესით, საკმარისი დრო უნდა მისცეს გუნდის მშენებლობისათვის. მით უმეტეს, რომ გუშინდელ შემადგენლობას კიდევ ორი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა დაემატება - ლოფტუს-ჩიკი და ჰადსონ ოდოი. ჩემპიონთა ლიგის ოთხეული კი ამ სეზონში ლონდონელთათვის პროგრამა მაქსიმუმი იქნება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები