Thumbnail

ტრანსფერები | ინტერს ივან რაკიტიჩი სურს - რამდენს ითხოვს ბარსელონა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანელებს ხორვატით გაძლიერება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურთ
  • კატალონიური კლუბი ნახევარმცველს 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს

მილანის ინტერს ბარსელონას ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადაბირება სურს. იუწყებიან, რომ ტრანსფერით პირადად ნერაძურის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა დაინტერესებული და მილანური კლუბი საქმის მოგვარებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იმედოვნებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინტერს გადაწყვეტილი აქვს კატალონიელებს ფეხბურთელთან დაკავშირებით შეთავაზებით მიმართოს, თუკი ბარსა მას პსჟ-ის თავდამსხმელის, ნეიმარის ტრანსფერში არ ჩართავს. ამავდროულად, ცნობილია, რომ ბარსელონამ უკვე აცნობა რაკიტიჩით დაინტერესებულ კლუბებს, რომ ფეხბურთელს 50 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ შეელევა.

ვალვერდემ არ იცის, წელსაც მოუწევს თუ არა ხორვატთან მუშაობა 

მანამდე იწერებოდა, რომ თავად ივან რაკიტიჩს ბარსელონადან წასვლა დიდად არ სურს, მოსალოდნელ ტრანსფერზე კი ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ასეთი რამ თქვა:

"ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა მისი კლუბიდან წასვლა შესაძლოა წელს მოხდეს. არ მაქვს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ის ამ სეზონშიც ჩვენი მოთამაშე იქნება. არ ვიცი, დარჩება თუ არა, მაგრამ მასზე იმედებს ისევე ვამყარებთ, როგორც სხვა მოთამაშეებზე".

ივან რაკიტიჩი ბარსელონას ღირსებას 2014 წლიდან იცავს. გასულ სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა სამი გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. ხორვატს კატალონიელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები