Thumbnail
  • ნეიმარს უკვე პარი სენ-ჟერმენის ფანებიც შეურაცხყოფას აყენებენ
  • თომას ტუხელი სეზონს ბრაზილიელის გარეშე გეგმავს

ედინსონ კავანიმ, კილიან მბაპემ და ანხელ დი მარიამ იზრუნეს იმას, რომ პარი სენ-ჟერმენს სეზონი 3:0 გამარჯვებით დაეწყო და საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი სამი ქულა მოეპოვებინა. მიუხედავად სოლიდური გამარჯვებისა, ტრიბუნებზე მთელი მატჩის განმავლობაში არასაზეიმო განწყობა იყო.

ნეიმარის გარშემო გაურკვევლობა, უფრო კონკრეტულად კი, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის აშკარა სურვილი, დატოვოს პსჟ, პარიზელ ფანებს ყელში ამოუვიდათ. ნეიმარზე უკვე პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელიც ირონიულად ლაპარაკობს: “თუ მას დავკარგავ, ალბათ ღამე აღარ დამეძინება,” - ასე უპასუხა გერმანელმა ჟურნალისტის კითხვას ნეიმარის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

თუმცა, ტუხელმა მალევე აღნიშნა, რომ ნეიმარის შეცვლა შეუძლებელია. “მე ის ძალიან მომწონს და მინდა, რომ მისი იმედი მქონდეს. ისევე, როგორც მბაპესი და სხვების. მაგრამ რეალობა ის არის, რომ სეზონი ნეიმარის გარეშე უნდა დავგეგმო,” - დასძინა გერმანელმა და ამით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ბრაზილიელის ტრანსფერი გარდაუვალია.

პსჟ-ს ულტრასები ნეიმარს აგინებდნენ

ცნობილია, რომ ნეიმარს პარიზული კლუბის დატოვება სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ პსჟ-ში არ დარჩეს. ცნობილი და დადასტურებულია ისიც, რომ მადრიდის რეალთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ასევე ცნობილია, რომ რეალმა ნეიმარში დაახლოებით 200 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს და ბრაზილიელს წელიწადში 40 მილიონი დაუნიშნოს.

ნიმთან შეხვედრაში, პსჟ-ს ფანები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ნეიმარის გინებით იყვნენ დაკავებულები. “ნეიმარ, გა**ვი!” - ეწერა პლაკატებზე. გარდა ამისა, პსჟ-ს ულტრასები ნეიმარის შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ.

ტუხელმა ფანების აგრესიაზე კომენტარი გააკეთა: “ის [ნეიმარი] ჯერ კიდევ ჩვენთან ერთადაა და ამიტომ დავიცავ. მესმის, რომ ყველას არ მოსწონს, რაც თქვა და გააკეთა, მაგრამ ჩვენი ემოციების გამოსახატად სწორი გზა უნდა ვიპოვოთ. ფანების თან მესმის და თან არ მესმის.” - აღნიშნა 45 წლის გერმანელმა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნეიმარის ტრანსფერი მადრიდის რეალში, შესაძლოა, ამ კვირაშივე განხორციელდეს...

კომენტარები

ბოლო ამბები